საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.
საელჩოს ინიციატივით გამართული გაცნობითი-სამუშაო შეხვედრა სააგენტოში შედგა, სადაც მხარეებმა, ორმხრივ დონეზე, ურთიერთთანამშრომლობის ფორმატებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ უწყების 2023 წლის შედეგები და მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში კონკურენციის და მომხმარების უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს, მიღწეულ შედეგებს და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შემუშავებულ მნიშვნელოვან აქტივობებს.
“ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკა და მისი ეფექტური აღსრულება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სააგენტო, თემატურად პასუხისმგებელ სამინისტროებთან კოორდინაციით, აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულებებით სხვადასხვა სამოქმედო გეგმებში. კონკურენციის პოლიტიკა უკვე 10 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ემსახურება კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას საქართველოში და სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირებას. ჩვენი უწყებისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, მიზნობრივ აუდიტორიასთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირება ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საკითხია. 2023 წლის 16-18 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, ღონისძიებას 300-ზე მეტი დელეგატი და 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. საერთაშორისო კონფერენციამ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეფასებები მიიღო“, - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად ითანამშრომლონ. შეხვედრას სააგენტოს და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.