13-17 მარტს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. ღონისძიებების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებს და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.
„2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, ხოლო კონკურენციის სააგენტომ აღსრულების პროცესი 1 ნოემბრიდან დაიწყო. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტო 2023 წელს პირველად უერთდება აღნიშნული მიმართულებით გამართულ ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, ვის მიმართოს, ხოლო ჩვენი მთავარი მოვალეობაა - საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, მომხმარებლის უფლებების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის ხელშეწყობა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.
კვირეულის დაგეგმვის პროცესში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და სხვადასხვა უნივერსიტეტებში, პროექტის “დაიწყე კარიერა კონკურენციის სააგენტოში“ ფარგლებში, სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრები გავმართეთ, რაც ვფიქრობ, რომ იყო ძალიან შედეგიანი და საინტერესო ორივე მხარისთვის. ჩვენ ერთობლივ ფორმატში ვიმსჯელეთ - მიმდინარე და დასრულებული საქმეების შესახებ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებზე და მიღებული კანონის სიკეთეებზე. ჩვენი მიზანია სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მოზიდვა. პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი - ნუცა ფუტკარაძე, მარიამ ჯანგველაძე და ანი სამსიანი გახდნენ, რომლებიც სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სააგენტოში სტაჟირებას გაივლიან“, - განაცხადა შეხვედრაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და მოწვეულ სტუმრებს, სტუდენტებს და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
კვირეულის ფარგლებში, პირველი შეხვედრა, საუნივერსიტეტო მიღება - სტუდენტებთან, თბილისის საკრებულოს დარბაზში შედგა, სადაც ასევე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე; სემეკის წევრი, მაია მელიქიძე; კომუნიკაციების კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე; ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ეკატერინე წერეთელი; სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, ვასილ კვერნაძე და საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების ხელმძღვანელი პირები.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებული შემდეგი აქტივობები:
- 15 მარტი, 12 საათი, სასტუმრო „ბილტმორი“, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, კვირეულის გახსნის ღონისძიება.
- 17 მარტი, 11:00 საათი, ქ. ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“ კვირეულის დახურვის ღონისძიება - შეხვედრა მომხმარებლებთან და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
ღონისძიებების მიზანია, ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერება საქართველოში.
#იყავიინფორმირებული #დაიცავიშენიუფლებები