საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, წყლის ხელმისაწვდომობის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პანელური დისკუსია უნგრეთის დელეგაციის მასპინძლობით ჩატარდა და მას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო უძღვებოდა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის დელეგატები, ასევე, წყლის რესურსების მართვასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პანელური დისკუსიის მონაწილეებს ირაკლი ქარსელაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს ბოლო წლების პროგრესის შესახებ მოსახლეობის სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის რეგიონებში ახალი, თანამედროვე გამწმენდი ნაგებობების მართვის უკვე არსებული პრაქტიკის, ასეთი ნაგებობების მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„საინტერესო დისკუსია გაიმართა იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც გააჩნიათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს წყლის რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. დისკუსიის მონაწილეებს გავუზიარეთ ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანაში სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგების სისტემების განვითარების მიმართულებით უკვე გვაქვს. ვისაუბრეთ გამოწვევებზეც და მათ გადასაჭრელად დასახულ გეგმებზეც. მოვისმინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებები და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი როგორც ხედვები, ასევე მიმდინარე პროექტები და არსებული გეგმები სრულ თანხვედრაშია მათ გამოცდილებასა და ხედვებთან,- განცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
პანელურ დისკუსიაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.