საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს წყლის რესურსების მართვასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ პროგრესზე, რომელიც გააჩნია საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ფარგლებში. მინისტრმა უნგრელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია ამ გეგმების შესაბამისად უკვე მიმდინარე პროექტების შესახებ, რასაც პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა.
„ვისაუბრეთ იმ დიდ მხარდაჭერაზეც, რომელიც ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებთან მიმართებებში გააჩნია საქართველოს უნგრეთის მთავრობისგან. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც’’- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის შემდეგ.
მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების შესაძლო გაღრმავება რეგიონული განვითარების, დეცენტრალიზაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნეს, რომ ამის წინაპირობას ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის გამოყოფილი რეკორდულად მზარდი ბიუჯეტები ქმნის.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის სახით არსებული ფიზიკური კავშირი უკვე სახეზეა, რასაც აძლიერებს საქართველოს ენერგეტიკული კავშირის შესაძლებლობა შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის პროექტი. ეს კი, იქნება ევროპისა და კავკასიის ენერგოუსაფრთხოების საქმეში საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ისტორიული ნაწილის, კიდევ უფრო გაზრდილი წვლილი“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.