Logo
ირაკლი ქარსელაძე უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა

ირაკლი ქარსელაძე უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა

Published Date: 21/04/2023

საქართველოს დელეგაციამ, ირაკლი ქარსელაძის ხელმძღვანელობით, უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრ ტიბორ ნავრაჩოჩთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით, წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, დეცენტრალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესზე, რეგიონების ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე.

მინისტრმა უნგრელ კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის შესახებ, რომლის შდეგადაც, ქვეყნის რეგიონებში დაფინანსდა დაახლოებით 150 პროექტი და 400-ზე მეტი ბენეფიციარი. მან, ასევე, ისაუბრა მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებულ კანონსა და ამ კანონის მოქმედების შედეგებზე.

ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრაზე აღნიშნა მუნიციპალიტეტებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერის მნიშვნელობა, ისაუბრა ამ მიზნის მისაღწევად არსებულ ფონდებზე და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ, ურბანული განახლებისა და ქალაქებისა და კურორტების განვითარების სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებზე.

„უნგრეთი უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნების ერთნაირი მდგომარეობა მომდინარეობს პოსტკომუნისტური წარსულიდან, რის გამოც ჩვენ ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საქართველოს აქვს უზარმაზარი გამოცდილება გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ასევე, ჩვენ გვაქვს სხვა სახის გამოცდილება, ამიტომ საუკეთესო პრაქტიკების და იდეების გაზიარება იქნება ძალიან სასარგებლო მომავალი თანამშრომლობისათვის“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრმა ტიბორ ნავრაჩოჩმა.

შეხვედრის მხარეებმა განიხილეს დარგობრივი ჯგუფების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები.