,,გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ თანამშრომლობის ის ასპექტები, რომელიც უკავშირდება როგორც რეგიონულ და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე შემდგომ ურთიერთთანამშრომლობას. ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი შესაბამის მემორანდუმს, რომელიც სწორედ ასეთი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გნელ სანოსიანთან მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
,,მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით, საავტომობილო გზების მშენებლობის და რეაბილიტაციის კუთხით. თუმცა, ამასთანავე, გათვალისწინებულია სექტორული მსჯელობები და შემდგომში უკვე სექტორული თანამშრომლობა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს მეზობელ ქვეყანებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას.