,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იწყება ახალი პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
მინისტრის განცხადებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოში, 2023 წლის მონაცემებით, 1 668 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც ჩართულია 154 501 აღსაზრდელი და დასაქმებულია 17 194 პედაგოგი.
,,ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ბაღების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. მშენებლობა-რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.