Logo
ირაკლი ქარსელაძე-ქვეშეთი-კობის გზა კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება  და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

ირაკლი ქარსელაძე-ქვეშეთი-კობის გზა კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

Published Date: 10/09/2021

,,დღევანდელი დღე დასაწყისია ქვეშეთი-კობის უმნიშვნელოვანესი პროექტის, რომლის შედეგადაც მივიღებთ გზას, რომელიც კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება. რეალურად ეს არის გზა , რომელიც 1 საათიან მონაკვეთს, იდეალურ შემთხვევაში, გადააქცევს 17-20 წუთიან მონაკვეთად, საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის გათვალისწინებით“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაიწყო 9 კილომეტრიანი გვირაბის ბურღვა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის - უწყვეტი საავტომობილო გვირაბი, 15 მეტრი დიამეტრის კლდოვან ქანებში.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბები იქნება.

,,მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ უსაფრთხო, კეთილმოწყობილი საერთაშორისო სტანდარტის გზა, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი მათ შორის იმ 10 სოფლისთვის, რომლებიც ზამთრის პერიოდში ფაქტობრივად მოწყვეტილი იყვნენ აუცილებელ საჭიროებებს, მათ შორის სამედიცინო მომსახურებებს, მედიკამეტებს, განათლებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი გზების მოწყობა და დაქსელვა , ასევე ტურისტული ცენტრის მშენებლობა“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, პროექტის განხორციელების შემდეგ, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, თავად სატრანზიტო მიმოსვლა იქნება მეტად უსაფრთხო, ვინაიდან ამჟამად სატვირთო მანქანები რთული რელიეფის ვიწრო გზებით მოძრაობენ.