Logo
ირაკლი ქარსელაძე- ხულო-ზარზმის პროექტის დასრულების შემდეგ  მთიანი აჭარის კურორტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება

ირაკლი ქარსელაძე- ხულო-ზარზმის პროექტის დასრულების შემდეგ მთიანი აჭარის კურორტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება

Published Date: 22/09/2021

ხულო-ზარზმის ისტორიულ პროექტზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ხელოვნური ნაგებობების მოწყობის მიმართულებით- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 5 კმ-იან მონაკვეთზე, მომდევნო წლის შესაბამისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, პირველი ასფალტის საფარის დაგება დაიწყება.

„ ამ გზის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, როგორც რეგიონების დამაკავშირებელი, ასევე უშუალოდ მაღალმთიანი აჭარის განვითარების თვალსაზრისით. მთიანი აჭარის იმ კურორტებს, რომლებიც უგზოობის გამო ვერ იყენებენ არსებულ პოტენციალს, განახლებული გზის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებათ“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნის ორ რეგიონს - სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება ორივე რეგიონის ტურისტული ნაკადები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.