,,რიკოთის 149-ე კილომეტრზე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს კვლევა-ძიების და სამშენებლო სამუშაოები. გაყვანილია შესაბამისი გზები იმისთვის, რომ განხორციელდეს პრევენციის და საბოლოო საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები. გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, რიკოთის 149-ე მონაკვეთზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად. მან აღნიშნა, რომ სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის გაშვება დამოკიდებულია შესაბამის პროექტზე და წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მზადდება.
,,როგორც გზის ჩაკეტვა და გადართვა, ასევე, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მეცნიერების, ექსპერტების მიერ დასაბუთებულ, გამოკვლეულ, დაპროექტებულ და შესაბამისად, რეკომენდაცია გაცემულ წინადადებებზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაჩქაროთ, როგორც საპროექტო, ასევე უშუალოდ სამუშაოების მიმდინარე ღონისძიებები, რათა მალევე გახდეს შესაძლებელი რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.