საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაზე (UN 2023 Water Conference) სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს წყლის რესურსების სწორად მართვის გლობალური მნიშვნელობის კიდევ ერთხელ აღნიშვნა და ამის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების დასახვა.
კონფერენციის პირველ სესიაზე, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა გახსნა, სხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებს ირაკლი ქარსელაძემაც მიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა წყლის რესურსების მდგრადი განვითარებისა და სასმელი წყალზე თანაბარი წვდომის გლობალური მიზნების სრულ თანხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ქვეყნის განვითარების ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებთან.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2023 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი.
ირაკლი ქარსელაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ წყლის რესურსების დაცვისა და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, უკვე შემუშავებულია წყლის შესახებ ახალი კანონი, რომელიც პასუხობს ყველა ევროპულ პრინციპსა და მოთხოვნას. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს დეკლარირებული პრიორიტეტი წყლის რესურსების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ხელშეწყობაა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის სრული მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, დღეს ქვეყანის 200-მდე მდებარეობაში მიმდინარეობს პროექტები. მხოლოდ გასულ წლის შედეგებით, 140 000 ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია 24 საათიანი წყალმომარაგებით. 2023 წელს იგეგმება 200 000 ბენეფიციარის, ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში - 500 000 ბენეფიციარის უზრუნველყოფა უწყვეტი წყალმომარაგებით.
ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა ქვეყანაში წყალარინების თანამედროვე სისტემების განვითარების მაღალ ტემპებზეც. ასევე, ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელობის გაძლიერებას და ქვეყანის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. მისი თქმით, საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობითა და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებით, საქართველო ასრულებს ევროპასთან ფიზიკური კავშირისა და ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელოვან მისიას. შესაბამისად კი, ზრდიან ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის, საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის წევრის, ისტორიულ შენატანს.
მინისტრმა, თავის გამოსვლაში, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო განვითარების პარტნიორებს ქვეყანის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარების მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.
გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 22-24 მარტს იმართება. მასში 200-მდე ქვეყანა და სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციაზე გაიმართება 6 პლენარული დიალოგი და გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ქარსელაძე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.