საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მაჩიე ჩურას, სესხების უფროს ოფიცერს ჟატინ სეეჟორს და კონსულტანტ ნატა პეიტრიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
ევროპის საინვესტიციო ბანკი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. EIB საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს, როგორც საგაზო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგება-წყალარინების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების პროგრესი, რომელიც დადებითად შეფასდა. ვიმსჯელეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. საუბარი, ასევე, შეეხო სხვა სექტორებში EIB-ის ჩართულობას და თანამშრომლობის გაღრმავებას“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.