,,ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჩვენი მონაწილეობა გაეროს 2023 წლის წყლის კონფერენციაში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ის გამოწვევები და ამავდროულად ის მოქმედებები, რომელიც საჭიროა ამ გამოწვევების დასაძლევად. ჩვენი მიმდინარე წარმატებული პროექტები და გეგმები, სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ, როგორც წყლის ხელმისაწვდომობა, ასევე კონკრეტული შედეგები. გვქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მივიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც გაზიარებული იქნა, როგორც ჩვენი მიღწევები, ისე გამოწვევები. მოვისმინეთ სხვა სახელმწიფოების ანალოგიური პრობლემატიკა, რაც პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ‘’ -ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 22-24 მარტს გამართული გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციის შეჯამებისას განაცხადა.
კონფერენციის მიზანს წყლის რესურსების სწორად მართვის გლობალური მნიშვნელობის კიდევ ერთხელ აღნიშვნა და მის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების დასახვა წარმოადგენდა.
კონფერენციის პირველ სესიაზე, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა გახსნა, სხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეებს ირაკლი ქარსელაძემაც მიმართა.
კონფერენციის შეჯამებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აფასებს ბოლო, 1977 წლის, კონფერენციიდან წყლის რესურსების მართვის კუთხით დამდგარ შედეგებს, ცვლილებებსა და გამოწვევებს.
,,კონფერენციის მონაწილეებს გავუზიარეთ წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ჩვენი მიღწევები და ის გეგმა, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების „ხედვა 2030“-ის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი გეგმები, რომელიც „ხედვა 2030“-ის ფარგლებში გაგვაჩნია, სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანთან და შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა და წყლის ხელმისაწვდომობის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პანელური დისკუსიის მონაწილეებს ირაკლი ქარსელაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს ბოლო წლების პროგრესის შესახებ მოსახლეობის სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის რეგიონებში ახალი, თანამედროვე გამწმენდი ნაგებობების მართვის უკვე არსებული პრაქტიკის, ასეთი ნაგებობების მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან. შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს წყლის რესურსების მართვასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ პროგრესზე, რომელიც გააჩნია საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ფარგლებში. მინისტრმა უნგრელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია ამ გეგმების შესაბამისად უკვე მიმდინარე პროექტების შესახებ, რასაც პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა.
შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალურ მინისტრთან, ნორბერტ ტოშნიგინთან . შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება წყლის რესურსების მართვასა და სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ქარსელაძე, ასევე, აზიის განვითარების ბანკის მმართველ გენერალურ დირექტორ ვუჩონგ უმის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების პროგრესი. გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მზაობა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის პროექტის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.
,,ძალიან წარმატებული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი გაეროში, რომელიც წყლის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. დიდი ინტერესი გამოიწვია მოხსენებამ, რომელიც გაკეთდა კონფერენციის ფარგლებში, სადაც მინისტრმა მიმოიხილა ის მიღწევები, რომელიც საართველოს გააჩნია, ასევე გეგემები, რომელიც უკავშირდება განსახორციელებელ საქმიანობას და გამოწვევები, რომელიც მნიშვნელოვანია ასევე სხვა ქვეყნებისთვის. მოხდა გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, სადაც მოხდა რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა, გამოცდილების გაზიარების, ასევე საქართველოს წარმატებული მაგალითის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების თვალსზრისით’’-აღნიშნა გაეროში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 22-24 მარტს გაიმართა. მასში 200-მდე ქვეყანა და სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა. კონფერენციაზე 6 პლენარული დიალოგი და გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.