Logo

ირაკლი ქარსელაძე - ჩვენი გეგმები სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან

Published Date: 23/03/2023

„მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აფასებს ბოლო, 1977 წლის, კონფერენციიდან წყლის რესურსების მართვის კუთხით დამდგარ შედეგებს, ცვლილებებსა და გამოწვევებს. კონფერენციის მონაწილეებს გავუზიარეთ წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ჩვენი მიღწევები და ის გეგმა, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების „ხედვა 2030-ის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაზე სიტყვით გამოსცლის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი.

„ჩვენი გეგმები, რომელიც „ხედვა 2030“-ის ფარგლებში გაგვაჩნია, სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანთან და შესაბამისად, უზრუნველყოფს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

თავის სიტყვაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს სრული მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, ქვეყანის 200-მდე მდებარეობაში მიმდინარე პროექტებზე. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ წყლის რესურსების დაცვისა და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, უკვე შემუშავებულია წყლის შესახებ ახალი კანონი, რომელიც პასუხობს ყველა ევროპულ პრინციპსა და მოთხოვნას.

გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში 22-24 მარტს იმართება. მასში 200-მდე ქვეყანა და სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციაზე გაიმართება 6 პლენარული დიალოგი და გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიება.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს წყლის რესურსების სწორად მართვის გლობალური მნიშვნელობის კიდევ ერთხელ აღნიშვნა და ამის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების დასახვა.