Logo
ირაკლი ქარსელაძე- ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

ირაკლი ქარსელაძე- ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

Published Date: 25/09/2021

„ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ბათუმის შემოვლით გზაზე. რეალურად, თოთხმეტი ხიდიდან ძირითადი კონსტრუქციული ნაწილრბი უკვე დასრულებულია 12 ხიდზე და 5 გვირაბიდან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უკვე გაჭრილი გვირაბების მოსახვითი და საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოები, 2 გვირაბზე კი დაწყებულია ექსკავაციის სამუშაოები.

„რა თქმა უნდა, კვლავ არსებობს გეოლოგიური გამოწვევები, თუმცა სამუშაოების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მალე გვექნება ბათუმის ახალი შემოვლითი გზა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ბათუმის განტვირთვისთის, ქალაქს აარიდებს ტრანზიტულ მოძრაობას, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს შემდგომი განვითარებისთვის,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ბათუმის შემოვლითი 13 კილომეტრიანი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის 7 დასახლებას: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტს, მათ შორის საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, აღარ მოუწევს ქალაქის საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში გავლა და ახალი შემოვლითი გზით დაუკავშირდება გონიოს, კვარიათის, სარფის მიმართულებას.

ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსარებს მის ეკოლოგიური მდგომარეობას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დაახლოებით 330 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება.