Logo
ირაკლი ქარსელაძე - ბათუმის ახალი ბულვარის პირველი ნაწილი ზაფხულში დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - ბათუმის ახალი ბულვარის პირველი ნაწილი ზაფხულში დასრულდება

Published Date: 19/05/2023

“პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის ახალი ბულვარის მშენებლობას. ბულვარი სამ ნაწილად არის დაყოფილი და ექსპლუატაციაშიც ფაზებად შევა. ბულვარის ყველაზე დიდი ნაწილი ზაფხულში უკვე მოემსახურება ქალაქის მაცხოვრებლებს და სტუმრებს, თავისი საინტერესო ინფრასტრუქტურით, ძალიან ინტენსიური გამწვანებით და სხვა სივრცეებით,“-განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის ახალი ბულვარის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ბათუმში, „გმირთა ხეივანში“ მწვანე დერეფნის მოწყობის სამუშაოები ირაკლი ქარსელაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარეობს, ითვალისწინებს ,,გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციას. ხეივანში უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდის მიწისქვეშა ხიმინჯები და რეკრეაციული სივრცეები.

პროექტის განხორციელება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. ამჟამად, მიმდინარეობს ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მთლიანი მწვანე დერეფნის საყვავილეებში მოქცევა, გამწვანების ზოლის, საფეხმავლო ბილიკის, სარწყავი სისტემის, განათების, სკამების და ხიდის ქვეშ კომერციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები.

„პროექტი სრულად შეცვლის ბათუმს. განახლებული „გმირთა ხეივანი“ ბათუმის ახალ სტადიონთან და ირგვლივ არსებულ განაშენიანებასთან ერთად, გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათი,“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ხეივანში მშენებარე სახიდე საფეხმავლო და ველო გადასასვლელი, საფეხმავლო პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის.

პროექტით, ასევე, დაგეგმილია „გმირთა ხეივანში“ არსებულ მემორიალის რეაბილიტაცია.