საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 103.5%-ით ანუ 104.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
2022 წლის შედეგებით, სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას 3 მილიარდ 79.1 მილიონი ლარი მოახმარა, რითაც 104.1 მილიონი ლარით გადააჭარბა 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს (2 975.0 მლნ ლარი), 565.6 მილიონი ლარით კი - წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ათვისებული 2 513.5 მილიონი ლარი, მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენდა, რომელიც 2022 წელს 23%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც წლიური ბიუჯეტების დაზუსტებულ გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 954.9 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 105%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 630.3 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 101%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 445.2 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 101%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 30.7 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 100 %).
ისტორიულ მაქსიმუმზეა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტიც და 3 მილიარდ 331 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 12%-ით აღემატება.