Logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ გახსნა

Published Date: 29/11/2023

„სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერით, უკვე წლებია არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას და ინსტიტუციურ რეფორმას ვახორციელებთ. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა და ველოდებით ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს მხრიდან. ამ გზაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ერთად დავგეგმოთ ახალი პროგრამები და განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები, რაც კიდევ უფრო თავსებადი იქნება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან. დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, ის ხელს შეუწყობს აღნიშნული ამოცანების შესრულებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე, მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე; ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით ფერმერების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროგრამებზე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანმა ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას, ერთი მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და, მეორე მხრივ, ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

„ევროკავშირმა, მიმდინარე წელს, მიიღო სოფლის მეურნეობის ევროკავშირის პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი. იმედი გვაქვს, რომ ამ პოლიტიკასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს. ევროკავშირი უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღნიშნულმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. მოხარულები ვართ ამ პროცესების წარმატებისთვის გავაგრძელოთ თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამასთან“, - განაცხადა კატალინ გერმანმა.

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში დაგლას უებიმ აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით ქვეყანამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

კონფერენციაზე ქართველი და ევროპელი ოფიციალური პირების, სოფლის განვითარების სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსიები. საუბარი შეეხო სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ჭრილში. კონფერენცია „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“ საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართა.