Logo
ეროვნულმა ბანკმა მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი დაამტკიცა

Published Date: 25/08/2025

მდგრადი საფინანსო ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის „მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი“ შეიმუშავა.

sეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი ბაზრის მონაწილეთა აქტიური ჩართულობით მომზადებული ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზარზე მდგრადი მიზნობრიობის მქონე ობლიგაციების საჯაროდ გამოშვებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას და ამ გზით საწარმოთა სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნებისა და პროექტების მხარდაჭერას.

ახალი წესის საფუძველზე, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საჯარო ობლიგაციებთან მიმართებით განისაზღვრა „მწვანე ობლიგაციის“, „სოციალური ობლიგაციის“, „მდგრადობის ობლიგაციის“ და „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის“ დასახელების გამოყენების უფლების მინიჭების, შენარჩუნებისა და გაუქმების მოთხოვნები.

გარდა ამისა, რეგულაცია ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მდგრადი ინვესტიციებისკენ მიმართვას. ასევე, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი, სოციალური და სხვა მდგრადი განვითარების მიზნობრიობის მქონე ფინანსური პროდუქტების მეტ გამჭვირვალობას.

მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. მანამდე, კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სათანადოდ მოემზადონ მისი სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის.