Logo
დავით ნარმანია  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

დავით ნარმანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

Published Date: 16/09/2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ორგანიზებით გამართულ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. დავით ნარმანია პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებით წარდგა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ტრანსპოზიციის პროცესზე, კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების მიზნობრიობაზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრების გახსნის ეტაპებზე, ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოსალოდნელ სიახლეებსა და წყალმომარაგების სექტორის გამოწვევებზე.

სემეკის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს ბაზრის მონიტორინგის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა. ენერგეტიკის შესახებ სექციას ხელმძღვანელობდა სემეკის წევრი, მაია მელიქიძე.

აწსუ-ს ორგანიზებით მეოთხე სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია ქ. ქუთაისში იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები. კონფერენცია 2 დღიანია და 17 სექტემბერს დასრულდება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სექცია მუშაობს, მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება ეკონომიკური პოლიტიკასა და სოციალურ-დემოგრაფიულ პროცესებს, ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალურ საკითხებს, ენერგეტიკის ეკონომიკურ ასპექტებსა და რეგულირებას, სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, ახალ საჯარო მმართველობას, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მასობრივ-კომუნიკაციურ პროცესებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებსა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პარტნიორია სემეკი.