Logo
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს; სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს; სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული

Published Date: 14/10/2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს და არსებული შედეგები შეაჯამეს.

დასავლეთ საქართველოში, მავნებელთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა, ამ პერიოდში, როცა მავნებელი უკვე გამოსაზამთრებლად ემზადება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მწერის საწინააღმდეგოდ აპრობირებული მექანიკური მეთოდების გამოყენება.

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

აზიური ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება, დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. აჭარაში მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 6779 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 2900 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 520 ფერომონიანი დამჭერი.