Logo

ინტერვიუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორთან,, ქალბატონ ეკატერინე ზვიადაძესთან

Published Date: 07/04/2024

- მოგესალმებით ქალ­ბა­ტო­ნო ეკატერინე, მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ინტერ­ვი­უ­სათ­ვის.

- მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს.

- ქალბატონო ეკატერინე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს ინსტიტუციური ცვლილებები, რა არის ინსტიტუციური ცვლილებებისა და რეფორმების მიზანი და რას შეუწყობს ხელს?

- დიახ, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, დამეთანხმებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმებისა და უამრავი ჩართული ადამიანის ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, 2015 წლიდან მიმდინარეობს საკანონმდებლო დაახლოების პროცესი. ასევე, წარმატებით მიმდინარეობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD), რომლის ოთხივე ფაზა შეუფერხებლად განხორციელდა და სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებები 100%-ით იქნა შესრულებული. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე ინსტიტუციური ცვლილებებისა და რეფორმის მიზანია ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვა. გაძლიერდა დარგობრივი მიმართულებები, ჩამოყალიბდა მემცენარეობის, მეცხოველეობის და აკვაკულტურის სამმართველოები, რომლებიც რეფორმამდე ერთ სტრუქტურულ ერთეულში იყო გაერთიანებული. დავასაქმეთ ახალგაზრდა სპეციალისტები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩამოყალიბდა კოოპერატივების და სოფლის განვითარების სამმართველო. სამმართველოს კომპეტენციაში შედის როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება, ისე სოფლის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირება. ამ ეტაპზე, სამმართველო აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ავტორიზაციის პროცესში.

აქვე აღსანიშნავია, რომ გაძლიერდა ეკონომიკური კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველო, რომელიც აქტიურად მუშაობს დარგში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზზე: კერძოდ, სამმართველო შესაბამისი პერიოდულობით ამზადებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების ან/და სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველ ანგარიშებს (სამუშაო ძალა, ეროვნული ანგარიშები, მემცენარეობა-მეცხოველეობა, სამომხმარებლო ფასები, საგარეო ვაჭრობა); შერჩეული აგროსასურსათო პროდუქციისთვის, სამმართველო ახორციელებს ბაზრის ანალიზს და ამზადებს პრეზენტაციას, რაც გამოქვეყნებული გვაქვს სამინისტროს ვებ-გვერდზეც და დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია აღნიშნული პროდუქტის წარმოების, საექსპორტო პოტენციალისა და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ. ვებ-გვერდზე, ასევე, განთავსებული გვაქვს სოფლის მეურნეობის დარგის ამსახველი საინფორმაციო ხასიათის წლიური პუბლიკაციები - „საქართველოს მემცენარეობა რიცხვებში“, „საქართველოს მეცხოველეობა რიცხვებში“ და „სოფლის მეურნეობა რიცხვებში“, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას სრულად, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თემებზე, ერთ ფორმატში, მოიძიონ ინფორმაცია. ასევე, ერთობლივი ძალისხმევით, გავაკეთეთ სახელმძღვანელო „სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“, რომელიც სასარგებლოა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების შემსწავლელი სტუდენტების, მენეჯერების, სპეციალისტებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა ფართო სპექტრისთვის. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით პოლიტიკის შემუშავების კოორდინაციაა. სამმართველო უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს, ამზადებს წლიური ანგარიშებს, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და ანგარიშგებაში.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ აკვაკულტურის მიმართულებაც, რომელიც ხელს შეუწყობს აკვაკულტურის ფერმერთა მისწრაფებას განავითარონ საქართველოში ინოვაციური ტიპის აკვაკულტურა. რაც გულისხმობს, წყლის ბიოლოგიური რესურსების შენარჩუნების, აღწარმოების და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფას, თევზის მოპოვების, მოშენების და გადამუშავების მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას და ამის შედეგად ქვეყნის შიდა ბაზარზე თვითუზრუნველყოფის მაქსიმალურად შესაძლო დონის მიღწევას. იმავდროულად, დიდი ყურადღება დაეთმობა აკვაკულტურის პროდუქციის და მომსახურების გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას.

საბოლოოდ მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ ძლიერი და მრავალმხრივი სტრუქტურული ერთეული ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის სახით, რომელიც საკმაოდ საპასუხისმგებლოა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან იწყება თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა, რას ითვალისწინებს ეს პროგრამა და რას შესთავაზებს სოფლის მოსახლეობას?

- 2023 წელს დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის“ შემუშავებაში, ევროკავშირის LEADER/CLLD მიდგომის შესაბამისად. პროგრამა ითვალისწინებს, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ჩართულობით, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ 2023 წელს უკვე დავიწყეთ პროგრამის განხორციელება, რომლის პირველ ეტაპს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ავტორიზაცია წარმოადგენს. ავტორიზაციის მისაღებად განცხადებების მიღება 2024 წელსაც გრძელდება. ავტორიზირებული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAGs) ჩაერთვებიან პროგრამის განხორციელებაში და იქნებიან თანაგანმახორციელებლები საქართველოში არსებულ გადამხდელი სააგენტოს ანალოგთან, სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად. ავტორიზაციის პროცესის გასამართად 2023 წელს შევიმუშავეთ „ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაციის წესი“, რომელშიც დეტალურად გაიწერა პროცედურული საკითხები და კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ავტორიზაციის მაძიებელმა.

- დამატებით რა ახალ ინიციატივები აქვს სამინისტროს, მაგალითად, მეცხოველეობის განვითარებისთვის რა აქტივობები იგეგმება?

- 2023 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის კოორდინაციით დაიწყო ახალ პროგრამაზე მუშაობა, რასაც საფუძვლად დაედო დარგის წინაშე მდგარი გამოწვევები და საჭიროებები, შესაბამისად, მოხდა პრიორიტეტიზაცია მეცხოველეობის მიმართულებებს შორის და გამოიკვეთა მსხვილფეხა მეცხოველეობის (მეძროხეობა) განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობა. სახელმწიფო პროგრამა მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის მიმდინარე წლიდან განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის, ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებას, მსხვილფეხა მეცხოველეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას. ფერმერებისთვის, იქმნება ბიზნესის გაფართოების და სრულყოფის შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმის აშენება, მოდერნიზაცია-აღჭურვა, აგრეთვე შეიძინოს ფერმაში საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციისთვის საჭირო დანადგარ-მოწყობილობები და ისარგებლოს შეღავათებით 7 წლის განმავლობაში. ინიციატივა გათვლილია როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე მეურნეობებზე და ფარავს როგორც მეხორცულ, ისე მერძეულ მიმართულებას, რაც თავისთავად შეუწყობს ხელს ხორცისა და რძის წარმოების ზრდას. აღსანიშნავია ისიც, რომ ინიციატივა მოიცავს სანაშენე ფერმებსაც, რითაც უნდა მოხდეს ამ მიმართულების წახალისება. მთავრობს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, 2024 წელს მცირე ფერმერებისათვის მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მოიცავს როგორც საგრანტო, ასევე, საკრედიტო შესაძლებლობას. დახმარების პაკეტი გულისხმობს ფერმის აშენებას, რეკონსტრუქცია/აღჭურვას, რძის პირველადი დამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დარგის განვითარებისა და რეგულირებისთვის დაგეგმილია აქტივობები მეცხოველეობის სხვადასხვა მიმართულებისთვის, წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავება მიზნობრივი პროგრამების შექმნისთვის, ასევე, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.

დაგეგმილი გვაქვს აკვაკულტურის ფერმერთა ცოდნის და უნარების ამაღლება თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების და განხორციელების მეშვეობით. აღნიშნული პროცესი დაეყრდნობა თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებას და წარიმართება საერთაშორისო პრაქტიკოს-ექსპერტების მონაწილეობით. აკვაკულტურის დარგი მხარდაჭერილი იქნება შემდეგი ინსტრუმენტებით: სასწავლო პროგრამები ცოდნის გადაცემის მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა.

- როგორც აღნიშნეთ, თქვენს დეპარტამენტში გაძლიერდა ეკონომიკური ანალიზის მიმართულება, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორ შეაფასებდით სექტორის ეკონომიკურ მდგომარეობას, რა დადებითი ტენდენციები იკვეთება დარგში უკანასკნელი წლების განმავლობაში?

- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, 2022 წლის მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 16.0 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ათი წლის მანძილზე 111%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2021 წელთან შედარებით 13%-იანი ზრდა ფიქსირდება. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში 102%-იანი ზრდა ფიქსირდება დარგში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტში და 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2021 წელთან შედარებით 10%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობას, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 106 ქვეყანაში 1.44 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 15%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს და 181%-ითაა გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში. 2023 წელს, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: ყურძნის ნატურალური ღვინოები (259.0 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (196.2 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (131.5 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (109.1 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (89.5 მლნ აშშ დოლარი), ცოცხალი ცხვარი (44.1 მლნ აშშ დოლარი), ხილისა და ბოსტნეულის წვენები (16.2 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ. 2023 წელს, ასევე, აღსანიშნავია მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 21.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (3.5 ათასი ტონა), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება. ამავე პერიოდში, დაფნის ფოთლის ექსპორტის ღირებულებამ 17.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (6.2 ათასი ტონა), რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 57%-ით მეტია. 2023 წელს ექსპორტზე გავიდა 29.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (44.9 ათასი ტონა) მანდარინი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 94%-ით აღემატება. ასევე, მნიშვნელოვანია ლოკოკინების ექსპორტი, რომლის ღირებულება, 2023 წელს, 1.3 მლნ აშშ დოლარი იყო (წინა წელთან შედარებით 5-ჯერაა გაზრდილი). ლოკოკინას ძირითად ბაზარს ევროკავშირი, კერძოდ, საფრანგეთი წარმოადგენს. ევროკავშირის ბაზრის ხსენებისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი 130%-ით, სპირტიანი სასმელების კი - 24%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები დაფიქსირდა გადამუშავებული თხილის (ზრდა 87%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისა (ზრდა 6 ჯერ) და მშრალი ხილის ექსპორტში (ზრდა 48 %).

- გრძელვადიან პერსპექტივებსაც რომ შევეხოთ, რა არის სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები მომდევნო წლებში? მოკლედ რომ გვითხრათ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზნების შესახებ.

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიას, რომლის მიზანია: კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები; ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები. სტრატეგია მულტისექტორული სახისაა, შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა მოიცავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტივობებს, რომელთა განხორციელების მონიტორინგი ხორციელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონული სისტემის საშუალებით, რაც უფრო თვალსაჩინოს ხდის სხვადასხვა სახელმწიფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული დასრულებული და მიმდინარე აქტივობებს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი აქტიური თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ENPARD-4 „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა საქართველოს კანონპროექტი - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“, რომელიც ემსახურება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კანონშემოქმედებითი პრაქტიკის მსგავსად, მოაწესრიგებს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოწყობას, პოლიტიკის მართვას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

- როგორ თანამშრომლობთ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ფერმერებთან, აგრობიზნესის წარმომადგენლებთან და სოფლის თემებთან, პოლიტიკის გადაწყვეტილების ინფორმირებისთვის და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობისთვის?

- სამინისტროსთან ერთად, სტრატეგიის განხორციელებას, ასევე, კოორდინაციას უწევს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება 9 სამინისტროსა და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილია, სამოქალაქო კომიტეტი, როგორც მონიტორინგის პლატფორმა, რომლის მიზანია გააძლიეროს პოლიტიკის დიალოგი შესაბამის სამთავრობო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის და საშუალება აძლევს მათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

სამოქალაქო კომიტეტი შედგება საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისგან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, მწარმოებელთა ასოციაციებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისგან (LAGs) და აკადემიური წრეებისგან.

სოფლის განვითარების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და პროცესში ჩართულობის გასაზრდელად, ასევე შექმნილია საქართველოს სოფლის განვითარების ქსელი (GRDN), რომელიც ევროპულ მოდელზეა აგებული და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ქსელების ანალოგია. GRDN წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, ჰაბს, ინფორმაციის გაცვლისთვის, მათ შორის წარმოდგენილია ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, მიზნობრივი პროგრამების შესახებ.

- დი­დი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტო­ნო ეკატერინე, კვლა­ვაც წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ.

- მადლობა, თქვენც ასევე.

ესა­უბ­რა ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი,

ლოიდ ქარჩავა.

29.03.2024.