Logo

INTERVIEW with the Rector of Tbilisi State University, Mr. Vladimer Papava / ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, აკადემიკოს - ბატონ ვლადიმერ (ლადო) პაპავასთან

Published Date: 25/06/2014

ლადო.jpg

ბატონი ლადო პაპავა გასული წლის 16 აგვისტოს აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. მას შემდეგ ერთი წელიც არ გასულა, მაგრამ ბევრი სიახლეები დაინერგა უნივერსიტეტში. ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ უნივერსიტეტი მარტო სასწავლო დაწესებულება არ გახლავთ, არამედ სამეცნიერო-კვლევითი, თანაც, ის ყოველთვის იყო პირველი, როგორც დაარსების თვალსაზრისით, ისე თავისი საქმიანობითა და შესაბამისად - მნიშვნელობით. ამიტომ პირველი უნივერსიტეტის საქმიანობა, მით უფრო წარმატებები, საინტერესოა ჩვენი ჟურნალის მკითხველისათვის. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენი ჟურნალი ძირითადად სწორედ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მას კითხულობენ სამთავრობო წრეებშიც, ბიზნესის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები. დღეს ჩვენი ჟურნალის რუბრიკის -„საუნივერსიტეტო ცხოვრება“, სტუმარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, პროფესორი ლადო პაპავა.

-  ბატონო ლადო, როგორც კი გახდით უნივერსიტეტის რექტორი, პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც განახორციელეთ, რა იყო?

-  რამდენიმე მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯი პირველივე დღეებიდანვე. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უნივერსიტეტში დაწყებულიყო ცნობილი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნა. ამოცანა არის შემდეგი: იმისათვის, რომ დავაახლოვოთ საერთაშორისო სტანდარტებს ჩვენი უნივერსიტეტი, აუცილებელია, იმავე სახელმძღვანელოებით ვასწავლოთ ჩვენ სტუდენტებს, რა სახელმძღვანელოებითაც სწავლობენ სტუდენტები წამყვან უნივერსიტეტებში. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სახელმძღვანელო უნდა ითარგმნოს. ჩვენ გვაქვს ბევრი კლასიკური სახელმძღვანელოები,  ქართველების მიერ დაწერილი, მაგრამ არის რიგი მიმართულებები, მათ შორის თანამედროვე სამეცნიერო მიმართულებები, სადაც საჭიროა ითარგმნოს. ეს კი შედარებით ხანგრძლივი პროცესია. შეიქმნა ახალი სარედაქციო საგამომცემლო საბჭო, დამუშავდა შესაბამისი დებულება, უკვე 100-ზე მეტი წიგნის თარგმნის ლიცენზია გვაქვს აღებული და თარგმნის პროცესი დაწყებულია. ერთ-ერთი უკვე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია მოხდა ერთი თვის წინ. ეს არის სახელმძღვანელო მედიცინაში.

-  თარგმნილი სახელმძღვანელოები იქნება ბეჭდურიც და ელექტრონულიც, ხომ?

-  ბეჭდურიც და ელექტრონულიც და მათ შორის ის რაც უკვე გვაქვს ბეჭდური, ჩვენი უნივერსიტეტის ძირითადი ფონდი, ის გადაგვყავს ელექტრონულ ვერსიაში, რაც გამოიყენება სასწავლოსთვის. აქ ჩვენთან ტექნიკური პრობლემებიც იყო. ამიტომ პირველივე დღეებიდანვე დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ უნივერსიტეტს ჰქონოდა თავისი რობოტო-სკანერი. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარი, რომელიც საშუალებას იძლევა, დიდი ოდენობით ლიტერატურა იქნეს დასკანირებული, რათა ელექტრონული ვერსიებით წიგნების არსებობა ხელმისაწვდომი იყოს სტუდენტებისთვის. 2013 წლის შემოდგომაზე ვთხოვეთ ქართველ ბიზნესმენებს, რომ ჩვენთვის საჩუქრად ეყიდათ რობოტო-სკანერი, რომელიც ჯდება 300 ათასი ლარი.  სამწუხაროდ, ბიზნეს სტრუქტურებმა დაიწყეს ეშმაკური,  არაკეთილსინდისიერი ქმედება, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელიც კი. იძულებული შევიქმენით მათთან მოლაპარაკება აღარ გაგვეგრძელებინა და ხარჯი 2014 წლის ბიუჯეტში თვითონ გავითვალისწინეთ, გამოვაცხადეთ ტენდერი, ვიყიდეთ და მხოლოდ ამ ზაფხულს მივიღეთ ეს რობოტო-სკანერი, რომელიც ახლა აქტიურად მუშაობს ამ ლიტერატურის გადაყვანაზე ელექტრონული ვერსიის ფორმატში.

ასევე, შემოვიღეთ პოსტდოქტორანტურის წახალისების ინსტიტუტი. ეს სრულიად ახალი მოვლენაა, რაც გულისხმობს შემდეგს: ახალგაზრდებს 35-წლამდე, რომლებმაც დაიცვეს სადოქტორო დისერტაცია, ჩვენ ვუცხადებთ კონკურსს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნით; მათ საშუალება ეძლევათ გააგრძელონ კვლევა და ისინი ამისთვის მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. შემოდგომისთვის ჩვენ ვაპირებთ გამოვაცხადოთ კონკურსი 12 ვაკანსიაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად 12-ს მივიღებთ. ჩვენ ვუშვებთ ასევე, რომ თუ მეტი იქნება მსურველი და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მათ შეუძლიათ კერძო დაფინანსებით გააგრძელონ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, მაგრამ დაფინანსება არ იქნება გადამწყვეტი, თუ შესაბამის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტს ჰქონოდა თავისი კლინიკა. მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტის სრულფასოვანი მომზადება შეუძლებელი იქნება, თუ მას არ ექნა წვდომა პაციენტთან, ავადმყოფთან. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. კერძოდ, რამდენიმე წამყვან კლინიკასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და ხშირ შემთხვევაში ისინი ყოველგვარი საფასურის გარეშე მზად არიან ჩვენი სტუდენტები მიიღონ. ეს არის ძალიან ცნობილი კლინიკები. მაგრამ მივაღწიეთ იმასაც, რომ 2014 წლის დასაწყისიდან ერთ-ერთი ძველი კლინიკის შენობა გადმოეცა უნივერსიტეტს ბალანსზე. ახლა ვამზადებთ გეგმას, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამ შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე 70 ადგილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა იყოს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე, IT სამსახურის მოწესრიგებას. იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო პრობლემური აკადემიური რეგისტრაცია. 2013-2014 სასწავლო წელიც არსებული პრობლემებით დაიწყო და სწავლის პირველსავე დღეს იყო გარკვეული საპროტესტო აქცია სტუდენტების მხრიდან. აი, 2014 წელს, რომ დაიწყო საგაზაფხულო სემესტრი, უკვე ეს პრობლემა გადავწყვიტეთ. შევიძინეთ ახალი თანამედროვე ტექნიკა, გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განვახორციელეთ და უკვე, პრაქტიკულად 2014 წლის საგაზაფხულო სწავლების პერიოდში რაიმე შეფერხება აკადემიურ რეგისტრაციაში  სტუდენტებს არ ჰქონიათ.

უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ადგილი აქვს ახალ გამოწვევებსა და ახალ მოვლენებს. ერთ-ერთი ასეთი ახალი ინიციატივა არის ახალი, მეშვიდე ფაკულტეტის შექმნა. ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან გამოეყოფა პედაგოგიკის მიმართულება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტიდან ფსიქოლოგიის მიმართულება და უკვე გადაწყვეტილება მიღებულია აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობით საბჭოზეც, და შემოდგომაზე ჩამოყალიბდება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2014 წლის ბოლომდე ეს ფაკულტეტი სრულად შეიქმნება.

მიღებულია ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაგალითად, პირველივე დღეებიდანვე ვიფიქრეთ, რომ აუცილებელი იყო მიგვეღო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნებოდა ხელშეწყობა ქართველოლოგიის საერთაშორისო დონეზე უფრო ფართოდ გასასვლელად. უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად შემოვიღეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მიენიჭება ქართველოლოგიის დარგში მიღებული შედეგებისთვის უცხოელ მეცნიერს. ასე რომ, აპრილში უკვე ჩავატარეთ და ცნობილ გერმანელ ქართველოლოგს, ჰაინც ფეინრიხს მიენიჭა პირველი ეს პრემია. ჩამოვაყალიბეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო ფორუმი, რომელიც გაიმართება ყოველ წელს და ყველა ფაკულტეტი წარმოადგენს საუკეთესო მოხსენებებს, ხოლო მომხსენებლებს მიეცემათ ფულადი პრემია. პროფესორებისთვის 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის შემდეგნაირად ნაწილდება: ბაკალავრის სტუდენტებისთვის 500 ლარი, მაგისტრანტებისთვის - 1000 ლარი, ხოლო დოქტორანტებისთვის - 1500 ლარი.

დებულება მიღებულია, დამტკიცებული და უკვე ამოქმედებულია სტუდენტთა სამეცნიერო წრესთან დაკავშირებით. არის ბევრი სხვა ღონისძიებებიც, მაგალითად შეიქმნა რექტორის სტიპენდია,რომელიც ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ბაკალავრიატის სტუდენტს მიეცემა ერთი სემესტრის განმავლობაში. ეს არის თვეში 250 ლარი. ამ სტუდენტს სხვა სტიპენდია არ უნდა ჰქონდეს და ამ სტიპენდიას აძლევს უშუალოდ რექტორი თავისი ხელფასიდან.

გარდა ამისა, იოსებ ყიფშიძის ნეშტი გადმოვასვენეთ უნივერსიტეტის პანთეონში. ის ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ახლა პრაქტიკულად ყველა დამფუძნებელი აქ განისვენებს, გარდა ექვთიმე თაყაიშვილისა, რომელიც განისვენებს მთაწმინდის პანთეონში. 2014 წლის ბოლომდე იქნება აღმართული ძეგლიც. აგრეთვე, შიგა სივრცეშიც ხდება ჩვენი ცნობილი წინაპრების ბიუსტების აღდგენა, რაც უნივერსიტეტში ყოველთვის იყო.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რაც გავაკეთეთ, რომ უნივერსიტეტში მიღებულ იქნა დებულება აკადემიური ეთიკის შესახებ. პრაქტიკულად ჩვენ უკვე გვაქვს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ პლაგიატორებს, კომპილატორებს, სამეცნიერო შედეგების გამყალბებლებს.  ეს დოკუმენტი მიღებულ იქნა აკადემიურ საბჭოზეც და წარმომადგენლობით საბჭოზეც ივნისის ბოლოს. ამდენად, პლაგიატის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ასეთ პროფესორთან შევწყვეტთ შრომით ხელშეკრულებას.

-  უნივერსიტეტი ძირითადად მაინც სასწავლო დაწესებულებაა და საინტერესოა სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით თუ შეიცვალა მიდგომები?

-  მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტი არ არის უბრალოდ სასწავლო დაწესებულება. ჯერ კიდევ როგორც დააფუძნა თავდაპირველად მელიქიშვილმა, ჯავახიშვილმა და მათმა თანამოაზრეებმა, ეს არის სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება. შესაბამისად, ჩვენი ამბიციაც არის, რომ ასეთ ორგანიზაციად სრულფასოვნად ჩამოვყალიბდეთ. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ზემოთ.

გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობს პროგრამების განახლება. მაგალითად, საინტერესო მომენტია ასეთი სიახლე. იმ ავბედით პერიოდში, რომელიც მთელმა საქართველომ გაიარა და ჩვენმა უნივერსიტეტმაც, ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა, ერთ-ერთ ასეთში მოჰყვა დემოგრაფიის კათედრა. ანუ „დემოგრაფია” უნივერსიტეტის სივრციდან განიდევნა. ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა, რომ ამ წლის შემოდგომიდან ამოქმედდებასამაგისტრო პროგრამა დემოგრაფიაში. ასე რომ, ახალგაზრდებს სექტემბრიდან შეეძლებათ სამაგისტრო პროგრამით მომზადება დემოგრაფიაში. ამჟამად კონკურსი გვაქვს გამოცხადებული  და ვფიქრობთ, რომ ღირსეულ პროფესორებსაც ავიყვანთ. აი, ამ თვალსაზრისითაც არის და მუდმივად ხდება გარკვეული სილაბუსების განახლება, ახალი პროგრამის შემუშავება, იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც არის სასწავლო პროცესის ინტერესების შესატყვისი.

-  უნივერსიტეტი ყოველთვის იყო აქტიური საზღვარგარეთის  სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეისათვის? რომელ წამყვან უნივერსიტეტებთან გაქვთ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები?

-  ჩვენს უნივერსიტეტს საზღვარგარეთის 40-მდე უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება. მათ შორის, 2013 წლის შემოდგომიდან 30 უნივერსიტეტთან დაიდო ან განახლდა ხელშეკრულება. ესა როგორც ევროპის, ასევე პოსტსაბჭოური ქვეყნების უნივერსიტეტები. მათი ჩამოთლა ალბათ, შორს წაგვიყვანდა.

-  და, გაცვლითი პროგრამები რომელ უნივერსიტეტებთან ხორციელდება?

-  2013 წლის შემოდგომიდან დღემდე თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კონკურსებით თსუ-ს სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით იყვნენ ან/და იმყოფებიან 60-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მათ შორის: ერასმუს მუნდუსის პროექტების ფარგლებში - 31 უნივერსიტეტში, ხოლო ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში - 26 უნივერსიტეტში.

-  საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ბიბლიოთეკები რამდენად არის მოწყობილი და რა გეგმებია ამ მიმართულებით?

-  ეს მეტად სერიოზული თემაა. უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაშია. მას სჭირდება სერიოზული რემონტი, ისევე, როგორც სხვა კორპუსებს. ჩვენ გარემონტებული გვაქვს უნივერსიტეტის მხოლოდ პირველი კორპუსი. დანარჩენი ყველა კორპუსი საჭიროებს რემონტს. ეს პირველი კორპუსიც გაარემონტა ბიძინა ივანიშვილმა, სანამ პოლიტიკაში წავიდოდა, რისთვისაც უნივერსიტეტი მისი მადლიერია, დანარჩენი  საუნივერსიტეტო სივრცე საჭიროებს რემონტს და ბუნებრივია, ბიბლიოთეკაც. თუმცა ის ბიბლიოთეკა, რომელიც პირველ კორპუსშია, შესანიშნავად არის მოწყობილი. შესანიშნავად არის ტექნიკურადაც უზრუნველყოფილი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მთლიანად საბიბლიოთეკო სისტემა უნივერსიტეტში იყოს განახლებული. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია! მიმდინარეობს ლიტერატურის განახლების პროცესი. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც დაისახა უნივერსიტეტმა, ესაა ის, რომ სერიოზული თანხები ჩაგვედო ლიტერატურის შეძენაში. პრაქტიკულად მრავალი დასახელების ახალი წიგნი იქნა შეძენილი. ასევე, ჩვენ გვაქვს ჩვენი გამომცემლობა, რომელსაც მკაცრად განესაზღვრა ამოცანები, თუ როგორი ლიტერატურის გამოცემა შეუძლია. აქ გამოიცემოდა მხატვრული ლიტერატურა საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, რაც თავისთავად, ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ როდესაც სტუდენტებს სახელმძღვანელო არა აქვს, პირდაპირ უნდა ითქვას, რატომ დაიხარჯოს საუნივერსიტეტო, ისედაც მწირი, რესურსი მხატვრული ლიტერატურის გამოცემაზე, რომელიც შეიძლება წარმატებით სხვა გამომცემლობებმაც გამოსცეს. ამიტომ, ესეც გარკვეულწილად მოწესრიგდა და ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებითაც.

-  კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით რა გეგმებია? მემორანდუმები თუ არის დამსაქმებლებთან?

-  კურსდამთავრებულთა დასაქმება ესაა აქილევსის ქუსლი მთლიანად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისათვის. ჩვენ შევქმენით კარიერული ცენტრი. ეს ცენტრი შეიქმნა როგორც ერთ-ერთი საგრანტო პროექტი. ეს უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბებულია. ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. მემორანდუმები გავაფორმეთ და ვთანამშრომლობთ დასაქმების ასოციაციასთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, და ვფიქრობთ, რომ ამ ფორმით მოხდეს მობილიზება იმ მცირე რესურსებისა, რაც ჩვენ გაგვაჩნია. გვინდა, რომ კარიერული ცენტრი გვქონდეს ყველა ფაკულტეტზე, რომლებიც იმუშავებენ იმ სპეციფიკაზე, რაც ამა თუ იმ ფაკულტეტისთვისაა დამახასიათებელი და თავიდანვე ახალგაზრდები ორიენტირებული იყვნენ იმ მიმართულებებზე, სადაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნება მათი დასაქმება.

-  თვითონ რას დაამატებდით, რაიმე ხომ არ გამოგვრჩა სიახლეების კუთხით?

-   ძირითადად სიახლეებზე ვილაპარაკე. არის ასეთი ტექნიკური სიახლეც. როცა უნივერსიტეტში მოვედი, დეკანებს ჰყავდათ 2-2 მოადგილე, ერთი სასწავლო-სამეცნიერო დარგში, მეორე - საფინანსო-ეკონომიკურ დარგში. ჩავთვალეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი სტრუქტურა. დეკანს არ სჭირდება მოადგილე საფინასო-ეკონომიკურ დარგში. ამიტომ გავაუქმეთ ეს, სამაგიეროდ დეკანს ეყოლება ისევ 2 მოადგილე, ერთი სასწავლო ნაწილში, მეორე - სამეცნიერო ნაწილში. გვინდა, რომ სამეცნიერო ნაწილი იყოს წამოწეული და პასუხისმგებელი პირი აუცილებელია იყოს ფაკულტეტზე დეკანის მოადგილის სახით.

არის კიდევ ერთი დიდი სიახლე, აი 14 ივლისს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის პროგრამას შორის. ჩატარდა კონკურსი. კონსორციუმში ვართ: ჩვენი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს სამი უნივერსიტეტი მონაწილეობს საქართველოში ახალი  საინჟინრო სკოლის შექმნაში, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. პრაქტიკულად ერთი წელი დაგვჭირდება, რომ ეს სკოლა ტექნიკურად გაიმართოს. ჩატარდება სარემონტო სამუშაოები, შეძენილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელმაც უნდა შექმნას ახალი ლაბორატორიები. ჩვენს უნივერსიტეტში იქნება სამი  მიმართულება: ელექტრო ინჟინერია, ქიმია და ბიო-ქიმია და კომპიუტერული მეცნიერება. ერთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს სილაბუსების ჩამოყალიბება, კურიკულუმების შექმნა და ამ პროგრამებმა უნდა გაიაროს აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ისე -  ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა, რომელიც ორი წელი ისწავლის აქ, მას შეეძლება ამერიკაში გააგრძელოს სწავლა, სან-დიეგოს უნივერსიტეტში, ან გააგრძელებს სწავლას ჩვენთან, მაგრამ ორივე კურსდამთავრებული ერთდროულად მიიღებს ჩვენი უნივერსიტეტის დიპლომს და სან-დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომს, რაც იქნება იმის საწინდარი, რომ ასეთი დონის სპეციალისტებზე ჩამოყალიბდება საერთაშორისო მოთხოვნა. ეს პროექტი არის 20 წლიანი, ანუ ეს არის სტაბილური განვითარების პროექტი.

-  როგორია უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები?

-  რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტის ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში გაიზარდოს. მაგალითად, უკვე ათი წელია არსებობს გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდი, რაშიც გერმანული იულიხის ცენტრია ჩართული. ქართული მხარიდან არის ჩვენი უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი, რაც ფუნდამენტურ მეცნიერებებში ქართველ მეცნიერებს აძლევს საერთაშორისო დონეზე გასვლის საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს. გვინდა უნივერსიტეტის  საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა გავზარდოთ,  ის უფრო ცნობადი გახდეს, იყოს უფრო წარმატებული და საერთაშორისო დონეზე  აღიარებული.

-  დიდი მადლობა ბატონო ლადო, რომ დრო გამონახეთ და გვესაუბრეთ საინტერესო საკითხებზე. ძლიან შთამბეჭდავია ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვართ, უნივერსიტეტს  ახალ სიმაღლეზე აიყვანს თქვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. წარმატებებს გისურვებთ თქვენ პირადად და დედაუნივერსიტეტს, მის თითოეულ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციას. . .

-   თქვენც მადლობა.

ესაუბრა ჟურნალ „ახალი ეკონომისტის“ კორესპონდენტი ხათუნა ბურჭულაძე.

25.06.2014