- ბატონო დავით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ დრო გამონახეთ კითხვებზე საპასუხოდ. მართალია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) საუკუნოვანი უნივერსიტეტია და ყველასათვის ცნობილია, მაგრამ იქნებ მოკლედ შევახსენოთ უნივერსიტეტის ისტორია ჩვენს მკითხველს.
- საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტი არის საინჟინრო განათლების პირველი კერა არა მხოლოდ საქართველოში, არმედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დროის გარკვეულ მონაკვეთში სტუ იყო ყველაზე მსხვილი ტექნიკური უნივერსტიტეტი ყოფილ საბჭოთა კავშირში და მისი კურსდამთავრებულების წვლილი უმნიშვნელოვანესი იყო მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ფასდაუდებელია საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის წვლილი ქართული მეცნიერების წინაშე, ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებაში, საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებით საფუძველი ჩაეყარა კავკასიისა და საქართველოს უმაღლეს ტექნიკურ განათლებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს. უნივერსიტეტის დაარსებას ფრიად მასშტაბური მოსამზადებელი საქმიანობა უძღოდა წინ, რომელიც იმ დროისათვის თითზე ჩამოსათვლელი საინჟინრო განათლების მქონე ქართველი ერისკაცების დიდი ძალისხმევის შედეგად წარმატებით დაგვირგვინდა. უნივერსიტეტის დაარსებას სათავეში ედგნენ ევროპული განათლების მქონე ადამიანები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები - ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ალექსანდრე დიდებულიძე, ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე და სხვები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრია და ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით.
- ერთი წელიც არაა დარჩენილი უნივერსიტეტის იუბილემდე და რა ღონისძიებებია დაგეგმილი ამ თარიღის აღსანიშნავად?
- როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საინჟინრო განათლების წამყვან საგანმანთლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს, მათ შორის: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სტუდენტური კონფერენციის, ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების საიუბილეო ღონისძიებების, ფოტო-გამოფენის, საიუბილეო კონცერტების, დაჯილდოებების. ღონისძიებებში ჩართული იქნებიან კურსდამთავრებულები, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები საქართველოდან და უცხოეთიდან.
- რას მიაღწია უნივერსიტეტმა 100 წლის მანძილზე?
- უმნიშვნელოვანესია სტუ-სა და მისი კურსდამთავრებულების წვილილი და გავლენა საქართელოსა და რეგიონის ეკონომიკასა და განვითარებაზე. კერძოდ, ქართველმა ინჟინრებმა უდიდესი წვილი შეიტანეს მეტალურგიულ მრეწველობაში, მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიები დაინერგა საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიასა და შვეიცარიაში. საქართველოს გარდა, ქართველი ინჟინრები მუშაობდნენ და მუშაობენ ხიდების, ჰიდროელექტროსადგურების, წყალსადენების მშენებლობაზე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ქართველ ინჟინრებს მიუძღვით მნიშვნელოვანი წვილი უნიკალური კოსმოსური და სარაკეტო ტექნოლოგიების დამუშავებაში. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტაზე 1999 წელს გავიდა.
ქართველი ინჟინრები და მეცნიერები აქტიურად თანამშრომლობდნენ ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი სსრკ-ის მასშტაბით, მონაწილეობდნენ მიწისქვეშა ნაგებოებისა და მეტროპოლიტენების მშენებლობაში, მათ შექმნეს დიდი სიზუსტის ტოპოგეოდეზიური პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედო თბილისის უნიკალური მეტროპოლიტენის მშენებლობას.
ქართველი ინჟინრების მიერ ხორციელდებოდა და ახლაც ხორციელდება ქვეყნისა და რეგიონისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამშენებლო პროექტები. მაგალითად, რეგიონისათვის ისეთ მნიშვნელოვანი პროექტის დაპროექტებაში, როგორიცაა ენგურჰესი, ქართველ ინჟინრებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. ახალგაზრდა ქართველი ინჟინრის ხელმძღვანელობით, 1943 წელს მდ. დნეპრზე ოთხ დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო.
ფასდაუდებელია ქართველი ინჟინრების ღვაწლი ქიმიურ-ფარმაცევტული წარმოების და, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიების დამუშვების შექმნაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოფიციალური წევრი მსოფლიოს ისეთი წამყვანი საერთაშორისო კოლაბორაციების (ექსპერიმენტების) როგორიცაა: CMS ექსპერიმენტი (CERN-LHC, შვეიცარია), COMET ექსპერიმენტი (KEK, J-PRC, იაპონია) და LBNF/DUNE ექსპერიმენტი (Fermilab, ამერიკა). შესაბამისად, აქვს მჭიდრო ურთიერთობა (ხელშეკრულებები) ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის მსოფლიოს ისეთ უდიდეს ცენტრებთან, როგორებიცაა CERN (ჟენევა, შვეიცარია), KEK, J-PARC (ცუკუბა, ტოკაი, იაპონია), FERMILAB (ჩიკაგო, ამერიკა). ამ კოლაბორაციებში სტუ-სთან ერთად მონაწილეობს დაახლოებით მსოფლიოს 85 ქვეყანა, 300-მდე უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, 4000-მდე მეცნიერ-თანამშრომელი და ინჟინერი.
სტუ-ს სტრატეგიული მიზანია იყოს საინჟინრო და ტექნიკური განათლების ფლაგმანი, იყოს ინოვაციებზე ორიეტირებული, ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელი.
- თუ არის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული პროგრამები?
- სტუ-ში ხორციელდება უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა ანალოგი სხვა სასწავლებელში არ მოიძებნება. აღნიშნული პროგრამები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საერთო ჯამში სტუ-ში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 25 საგანმანათლებლო პროგრამაა.
- რომელია ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები?
- სტუ-ში სწავლების სამივე საფეხურზე განხორციელებული საგანამანთლებლო პროგრამები თავისი მიმართულებებით მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანია დასაქმების ბაზარზე. რაც შეეხება მოთხოვნად სპეციალობებს, გასათვალისწინებელია ერთის მხრივ, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული სტუდენტების რაოდენობა. ამ მხრივ გამორჩეულია ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ინფორმატიკის საგანამნათლებლო პროგრამები. მეორეს მხრივ, გვაქვს საგანამანთლებლო პროგრამები, სადაც კონკურსი იმდენად დიდია, რომ არსებული ადგილების რაოდენობა უფრო მცირეა, ვიდრე სწავლის მსურველთა რაოდენობა. მაგალითად, ასეთი პროგრამებია მშენებლობა, არქიტექტურა, აგროტექნოლოგიები, მევენახეობა და ა. შ.
- პროცენტულად სად რამდენი სტუდენტი სწავლობს?
- დღეს სტუ-ში ფუნქციონირებს 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 12 ფაკულტეტი, რომლებიც საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებენ 172 საგანმანათლებლო პროგრამას. რაც შეეხება რაოდენობრივ თანაფადრობას, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: საბაკალავრო სწავლების საფეხურზე სწავლობს სტუდენტთა 81%, სამაგისტრო სწავლების საფეხურზე _ სტუდენტთა 13%, სადოქტორო სწავლების საფეხურზე _ სტუდენტთა 5%, ხოლო ქართული ენის მომზადების საგამანათლებლო პროგრამაზე - სტუდენტთა 1%.
- თქვენი რექტორად არჩევის შემდეგ ბევრი რაციონალური სიახლე და ნოვაცია განხორციელდა პანდემიის პერიოდის მიუხედავად. რა სიახლეებია უნივერსიტეტში?
-2020 წელი ჩვენი ქვეყნისთვის დატვირთული იყო მნიშვნელოვანი გამოწვევებითა და მოვლენებით. უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა, იყო კორონა (COVID-19) ვირუსით გამოწვეული ეპიდემია, რომელმაც ცხოვრების, საქმიანობისა და ურთიერთობის ახალი წესები შემოიტანა სამყაროში. ჩვენ მოგვიხდა საქმიანობის სტილის შეცვლა და ცხოვრება ვირუსთან ერთად, მაგრამ შევძელით მეტად მნიშვნელოვანი რამ - არ შევაჩერეთ უნივერსიტეტის ფუნქციონირება და წარმატებით ვაგრძელებთ ჩვენს ძირითად საქმიანობას - სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობას. უდიდესი მადლობა ჩვენი დიდი საუნივერსიტეტო ოჯახის თითოეულ წევრს დაუღალავი შრომისთვის, საქმისადმი თავდადებისთვის და ჩვენი მომავალი თაობის ღირსეულად მსახურებისთვის.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020-2024 წლების განვითარების სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე, საუნივერსიტეტო ღონისძიებები და აქტივობები რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. კერძოდ, მიმდინარე წლის 28 თებერვალს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით უნივერსიტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება, საშტატო ერთეულების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა, სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების შედგენა და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება.
სამუშაო ჯგუფმა აღნიშნული დავალებიდან გამომდინარე განსაზღვრა რეორგანიზაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და მიზნად დაისახა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ფუნქციური ანალიზის ჩატარება. აღნიშნულმა ჯგუფმა (აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) წარმოადგინა შუალედური ანგარიში რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. საბოლოო ჯამში, შემუშავებული იქნა სრულიად ახალი ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოწყობის ოპტიმალური მოდელი, განისაზღვრა საჭირო ფუნქციები და ბიუჯეტი, რაც უნივერსიტეტში სისტემური და ეფექტიანი მმართველობის შესაძლებლობას იძლევა. 2021 წლიდან იგეგმება წარმოდგენილი სტრუქტურის, საშტატო ერთეულებისა და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში რეორგანიზაციის განხორციელება.
სწავლა-სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის სტრატეგიული პრიორიტეტია. 2020 წელს შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ახალი ხედვა, რომელიც გაიწერა უნვერსიტეტის სტრატეგიაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ წელს სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განიხილა უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი 27 საგანმანათლებლო პროგრამა. ხარისხის უზრუნველყოფის სამასხურის ახალი ხელმძღვანელის ინიციატივით, ამ სამსახურის (როგორც საუნივერსიტეტო, ასე საფაკულტეტო დონეზე) თანამშრომლებისათვის პერმანენტულად ტარდება სემინარებისა და ვორქშოპების მთელი სერია, რაც ემსახურება მათი პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების კიდევ უფრო გაღრმავებასა და თანამედროვე სტანდარეტებთან დაახლოვებას.
2020 წელს მსოფლიოში და საქართველოში კოვიდინფექციის გავრცელებამ ყველა უნივერსიტეტის წინაშე დააყენა საერთო გამოწვევა - ერთის მხრივ, სასწავლო პროცესის უწყვეტ რეჟიმში ხარისხიანი წარმართვა და მეორეს მხრივ, სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. აუცილებელი გახდა სწავლებაში ელექტრონული ფორმატის გამოყენება. აღნიშნული გამოწვევა შევძელით და ვაქციეთ ჩვენ ახალ შესაძლებლობად. ახალ გამოწვევასთან გამკლავებისთვის ეფექტურად მოხდა ადამიანური და ტექნიკური რესურსის მობილიზება, ჩვენმა უნივერსიტეტმა შეძლო საგანგებო მდგომერეობის გამოცხადებიდან უმოკლეს დროში სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში აიტვირთა 2823 სასწავლო კურსი, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში აიტვირთა 3313 სასწავლო კურსი. 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დარეგისტრირდა 18232 სტუდენტი და 2294 ლექტორი. გარდა ამისა, განხორციელდა რისკების ანალიზი კოვიდინფექციის გავრცელების პირობებში და მოხდა მათი მინიმიზაცია როგორც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების განუხრელი დაცვით, ასევე თითოული მიმართულების სასწავლო პროგრამის სპეციფიკის გათვლისწინებით. თანამედროვე გამოწვევბის საპასუხოდ, უნივერსიტეტში შეიქიმნა ელექტრონული სწავლების, სერვისების მიწოდებისა და საინფორმაციო ელექტრონული პლატფორმები. 2020 წლის შემოდგომის სემსტრიდან განხორციელდა სალექციო დატვირთვის სქემის ცვლილება მოწვეული ლექტორებისათვის, სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდისა და შტატების ოპტიმიზაციის კუთხით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიისა და მიზნების შესაბამისად, ინტერნაციონალიზაციის პროცესი უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით 2020-2021 წლებში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი და ღონისძიება. კოვიდ-პანდემიური ვითარების მიუხედავად, უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ შვეიცარიის, საფრანგეთის, ლიეტუვის ელჩები, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე, იტალიის რესპუბლიკის ელჩი, სხვადასხვა საერთაშორისო მისიისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც გამოხატეს უნივერსიტეთან თანამშორმლობის მზადყოფნა.
უმაღლესი სასწავლებლის ავტორიტეტი და ცნობადობა არის დღევანდელ ინფორმაციულ სამყაროში მისი წარმატების წინაპირობა. ამ მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ევროპული საგრანტო პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, ჩატარდა უპრეცენდენტო სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის პოპულარიზაციას. მოხდა 53 მაღალი ხარისხის ვიდო-კლიპის მომზადება უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე, მათ შორის, მომზადდა ერთი 30 წუთიანი საიმიჯო ფილმი უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის შესახებ. ამავე პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული კორპუსში გარემონტდა, მოიხატა და აღიჭურვა ევროპული სივრცე, სადაც განთავსდება ჰორიზონტი 2020-ის (Horizon 2020) ახალი ოფისი.
ახალგაზრდა, პერსპექტიული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით, აბიტურიენტების მხარდასაჭერად და STEM საგნების პოპულარიზაციისათვის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უსასყიდლოდ დაიწყო და ახორციელებს აბიტურიენტთა მომზადებას მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში. ეს კურსები დაეხმარება აბიტურიენტებს საფუძვლიანად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისათვის, აღიჭურვონ ცოდნით ინჟინრის პროფესიისათვის ფუნდამენტურ საგნებში. იმ აბიტურინტებისთვის, ვინც გაივლის მოსამზადებელ კურსებს, წარმატებით ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იგეგმება მნიშვნელოვანი წახალისება უნივერსიტეტის მხრიდან.
- როგორია სწავლა-სწავლების ხარისხი თქვენს უნივერსიტეტში?
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანერგილია სწავლა-სწავლების თანამედროვე ევროპული სისტემა და ხარისხის კონტროლის მექანიზმები. უნივერსიტეტი არის ბოლონიის პროცესის მონაწილე 2005 წლიდან და იზიარებს ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის პრინციპებს. ეს ასევე ეხება ხარისხის მართვისა და საექსპერტო შეფასებებს. საგანმანათლბელო პროგრამების ხარისხი ექვემდებარება შიდა და გარე შეფასებას, საერთაშორისო ჩართულობასა და თანამშრომლობას. ქართულ უნივერსიტეტებს შორის ციტირების ინდექსით სტუ-ს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.
ხარისხობრივი თვალსაზრისით, სტუ-ს სტუდენტები იღებენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის განათლებას, რაც დასტურდება იმით, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს წანყვანი პოზიციები უკავიათ საქართველოს კომპანიებში და ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში, როგორც მკვლევარები.
- უცხოელი პარტნიორები თუ გყავთ და მონაწილეობთ თუ არა მსოფლიო მნიშვნელობის პროექტებში?
- სტუ არის პრესტიჟული საერთაშორისო ქსელების: უნივერსიტეტების ევროპული ასოციაციის (European University Association, EUA), შავი ზღვის უნვიერსიტეტების ქსელის (Black Sea University Network, BSU) და ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგანტოს (Agence Universitaire de la Francophonie, AUF) წევრი. ასევე, უნივერსიტეტი მსოფლიო მასშტაბით მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან.
როგორც აღვნიშნეთ, სტუ-ს წარმატებული სამეცნიერო პარტნიორული ურთიერთობები აქვს მსოფლიოს ისეთ წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია - KEK, გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, CERN - ბირთვული კვლევევბის ევროპული ორგანიზაცია (შვეიცარია), ბირთვული კვლევების ერთობლივი ინსტიტუტი - JINR (დუბნა), იტალიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი - INFN და სხვ.
სტუ-ს კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსთა ჯგუფი ადრონულ კოლაიდერზე (ჟენევა) მიმდინარე ოთხი მთავარი ექსპერიმენტიდან ერთ-ერთ, CMS კოლაბორაციაში მონაწილეობს. ექსპერიმენტში ჩვენი ქვეყნის სხვა ინსტიტუტებიც მონაწილეობენ. სწორედ საქართველოში, მრავალწლიანი შრომის შედეგად, ელემენტარული ნაწილაკების შემსწავლელი ურთულესი 3D კონსტრუქცია შეიქმნა.
- რა გაცვლითი პროგრამები ხორციელდება სტუ-ში?
- სტუ აქტიურად არის ჩართული ინტერნაციონალიზაციის პროცესში. საერთაშორისო მობილობისა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობების მხარდასაჭერად უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა გაცვლითი პროექტები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართულია Erasmus Mundus-ის პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და აკადემიური, ადმინისტრაციული პეროსნალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწსებულებებში. 2015 წლიდან დაიწყო ERASMUS + ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუ-მ 34-ზე მეტი პროექტი წარადგინა ევროპის პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად. 28 პროექტის ფარგლებში განხორციელდა მობილობები, როგორც უცხოეთის კოორდინატორ უნივერსიტეტებში, ასევე უცხოეთის უნივერსიტეტებიდან სტუ-ში.
თანამშრომლობის კიდევ ერთი ფორმატი არის ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავება. ამ მიმართულებით მომზადდა მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო საგანამნათლებლო პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს შეეძლებათ იტალიაში სწავლის გაგრძელება. აღნიშნული პროგრამები უკვე ხორციელდება და მათზე 100-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის არჩევის შემთხვევაში კი, სტუდენტები ფრანგულ მოდულს გაივლიან და სტუ-ს დიპლომთან ერთად ფრანგული უნივერსიტეტის დიპლომსაც აიღებენ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის გერმანულენოვანი ლოჯისტიკის საგანმანათლებლო პროგრამაც ორ დიპლომს იძლევა და სრულად ფინანსდება DAAD-ის მიერ. სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კი, სტუდენტებს საქართველოში შეუძლიათ ამერიკული ბაკალავრის კვალიფიკაციის მიღება.
1997 წლიდან საქართველოში ხორციელდებოდა საერთაშორისო მობილობის პროექტი International Hall of Residence, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიუერთდა 2008 წელს და რომლის ფარგლებშიც ქართველი სტუდენტები ახორციელებდნენ მობილობას იტალიის სასწავლებლებში. 2012 წლიდან Erasmus Mundus-ის და Erasmus +- ის პროგრამების ფარგლებში ხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების მობილობა. აღნიშნული პროგრამების მეშვეობით საქართვეთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო მობილობის პროცესში.
- სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა რას აკეთებს და როგორ არის ჩართული მართვაში?
- სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მთავარი ფუნქცია-მოვალეობა სტუდენტების უფლებების დაცვა და ინტერესების მხარდაჭერაა. ამ კუთხით სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მართვაში და წარმოდგენილია, როგორც სენატში, ისე ფაკულტეტების საბჭოების დონეზე.
სტუ-ს თვითმმართველობა ყოველწლიურად ატარებს სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებს, ხელს უწყობს სტუდენტების არაფორმალურ განათლებას, 2017 წლიდან ატარებს სტუ-ს სტუდენტურ დღეებს, რომელიც ყველაზე მასშტაბური შიდა საუნივერსიტეტო პროექტია საქართველოში. ის ყოველწლიურად ატარებს გარემოზე ზრუნვის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ეწყობა გამწვანებისა და დასუფთვების აქცია, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. სტუდენტურ თვითმმართველობას სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აღებული აქვს მზრუნველობა ძეგვის თავშესაფარზე. მისი ორგანიზებით სისტემატურად ეწყობა ტრენინგ-კურსები, მასტერკლასები, საჯარო შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები და პოეზიის საღამოები.
- გათვალსიწინებულია თუ არა სტუდენტებისათვის კამპუსის შექმნა?
- სტუ-ს განვითარების სტრატეგიული გეგმით სტუდენტური სოციალური ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უცხოელი სტუდენტების მხრიდან საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნილების ზრდას.
- სტუ-ს აქვს დიდი რაოდენობის დაპატენტებული გამოგონებები. ხომ არ ფიქრობთ ამ პატენტების გაყიდვას და გამოგონებების განხორციელების მიზნით სტარტაპების შექმნას?
- სტუ-ს მეცნიერები ინტენსიურად ჩართულები არიან საპატენტო-სალიცენზიო საქმიანობაში სპეციალობებისა და მიმართულებების მიხედვით. ამჯერად, საქპატენტში განიხილება 4 საპატენტო წინადადება, რომელთაც გააჩნიათ საწარმოო პოტენციალი. მაგალითად, შშმ პირთათვის შექმნილია მოწყობილობა, რომელიც იძლევა კიბეზე დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობის კულტურების სეტყვისაგან დასაცავად შექმნილია ავტომატურად გაშლადი ბადე, ასევე მცირე სიმძლავრის ენერგეტიკული და ქარის დანადგარები, ქვევრის სარეცხი დანადგარი და მრავალი სხვა.
სტუ-ს ბაზაზე ფუნქციონირებს ფაბლაბი, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეებისა და სტარტაპების ბიზნესპროექტებად ტრანსფორმაციას.
- დიდი მადლობა ბატონო დავით, ამდენი დრო რომ დაგვითმეთ და ამომწურავი პასუხები გაეცით ჩვენს შეკითხვებს.
- თქვენც დიდი მადლობა.
ინტერვიუ ჩაიწერა
ჟურნალის განყოფილების ხელმძღვანელმა
იური ქარჩავამ