Logo

Interview with the President of the National Bank of Georgia, Ms. NATIA TURNAVA/ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან

Published Date: 11/01/2026

- გა­მარჯ­ო­ბა, ­ქალ­ბა­ტო­ნო­ ნა­თი­ა,­ გი­ლო­ცავთ­ შო­ბა­-ა­ხალ­ წელს­ და­ მად­ლო­ბას­ მო­გახ­სე­ნებთ­ ინტერ­ვი­უსათ­ვის.

- მოგესალმებით.

- საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა. როგორია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები?

- მონეტარული პოლიტიკის მოქმედი ჩარჩოს პირობებში, რომლის მიხედვითაც მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, ეკონომიკაზე მისი გადაცემის ეფექტიანობის გათვალისწინებით, თანმიმდევრული ნაბიჯები როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების მიმართულებით, საქართველოში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების დადგენილებით, ინფლაციის მიზნრობივი მაჩვენებელი 3%-ით განისაზღვრა. ეროვნულმა ბანკმა, 2025 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რითაც უფრო გამჭვირვალე გახადა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და რისკების მართვა დააფუძნა შესაძლო სცენარების დეტალურ ანალიზს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი რეაგირებს იმგვარად, რომ ნებისმიერი იდენტიფიცირებადი რისკის რეალიზების შემთხვევაში ეკონომიკური დანაკარგი მინიმიზებული იყოს. ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას საშუალოვადიან პერიოდში. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკის მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.

- როგორია სებ-ის პოლიტიკა რეზერვების დაგროვების მიმართულებით და იმის მიუხედავად რომ სრული წლის მონაცემები ჯერ არ დასრულებულა რას აჩვენებს ტენდენცია?

- საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ნოემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.8 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია და ოქროს შესყიდვის მომენტიდან ოქროს ფასის ღირებულების ზრდის შედეგად, ნოემბრის მდგომარეობით, რეზერვები 461.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ნოემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

- როგორი იქნება სების მონეტარული პოლიტიკა 2025 წელს?

- ინფლაციის თარგეთირების პირობებში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა და სამომავლო ტრაექტორიის შესახებ გადაწყვეტილება პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღება. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გაურკვევლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასეთ პირობებში კი მაღალია პროგნოზიდან გადახრის რისკები. ეროვნულმა ბანკმა, 2025 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რითაც უფრო გამჭვირვალე გახადა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და რისკების მართვა დააფუძნა შესაძლო სცენარების დეტალურ ანალიზს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი რეაგირებს იმგვარად, რომ ნებისმიერი იდენტიფიცირებადი რისკის რეალიზების შემთხვევაში ეკონომიკური დანაკარგი მინიმიზებული იყოს.

- როგორია ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკა და გატარებული ღონისძიებები?

- ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი სესხების პორტფელის 58 პროცენტი ლარშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მაღალი დონე. კერძოდ, ფიზიკური პირების სესხების 76.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ეროვნული ბანკი დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რაც არა მხოლოდ ცალკეული მსესხებლების სავალუტო და მასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებს ამცირებს, არამედ ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს. ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი დეპოზიტების 51.2 პროცენტი ეროვნული ვალუტაშია დენომინირებული.

- როგორ აფასებთ საქართველოს საბანკო სექტორს მდგრადობის თვალსაზრისით?

- მიმდინარე მონაცემებით საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. საკრედიტო აქტივობა ნომინალური ეკონომიკის ზრდის თანაზომიერია. სესხების მშპ-სთან ფარდობა ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზების კვალდაკვალ ეტაპობრივად უახლოვდება მის გრძელვადიან ტრენდს. აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო სექტორი მომგებიანობის სოლიდური მაჩვენებლებით და აქტივების მაღალი ხარისხით ხასიათდება. ჯანსაღია სესხების ზრდა - თითქმის 15%, სადაც წამყვანი წილი ბიზნეს სესხებს უკავიათ. რაც შეეხება უმოქმედო სესხების წილს, იგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და 2.6%-ს შეადგენს. ჩვენი ქვეყნის საფინანსო სექტორი არის ღირსეული კონტრიბუტორი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა კი მნიშვნელოვანად უწყობს ხელს საფინანსო სექტორის მდგრადობას, მედეგობას სხვადასხვა შოკების მიმართ და სტაბილურ განვითარებას. ვხედავთ ქართული ბანკების კონკურენტუნარიანობას და ექსპანსიას რეგიონში, რასაც მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ბიზნესისთვისაც. ფინტეკის ხელშეწყობისთვის ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ხელშესახებ შედეგებს უკვე ვხედავთ. ბაზარზე გავაჩინეთ ციფრული ბანკებისა და მიკრობანკების ნიშა, უკვე გვყავს ლიცენზირებული მოთამაშეები და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კონკურენტულ გარემოსა და ეკონომიკისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

- მიმდინარე წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას თბილისის ფინანსურ სამიტს, როგორ აჯამებთ და რა გამოიკვეთა?

- „თბილისის ფინანსური სამიტი” 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ჩატარდა და იგი „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში” გაიმართა. მოხარული ვარ, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები ისე რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები. სიმბოლურია, რომ თბილისის ფინანსური სამიტი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად გაიმართა, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, და ამით ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამჟამად კი სახეზეა საქართველოს ასეთივე ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობებიც. თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN), რომელიც წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ქსელს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებსა და ინვესტორებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.

- როგორია ქართული საბანკო სექტორის საერთაშორისო ინტეგრაცია?

- საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით დაასრულა გადასვლა გადახდების შეტყობინებების ახალ, გლობალურ სტანდარტზე - ISO 20022. ეს ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების ეფექტურობას ზრდის და SWIFT-ის სტანდარტია, მნიშვნელოვნად აძლიერებს ქართული საბანკო სისტემის ინფრასტრუქტურას, ზრდის ეფექტურობას და უზრუნველყოფს მის სრულ ინტეგრაციას საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებში. ISO 20022 წარმოადგენს მონაცემთა გადაცემისა და შეტყობინებების საერთაშორისო სტანდარტს ფინანსურ სერვისებში. მისი გლობალური მნიშვნელობა უდიდესია, რადგან ის მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკებისა და საგადახდო სისტემების მიერ არის მიღებული და წარმოადგენს SWIFT-ის მიერ წამოწყებულ ინიციატივას გლობალური ფინანსური კომუნიკაციის მოდერნიზებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არა მხოლოდ საკუთარი სისტემები გადაიყვანა ახალ სტანდარტზე, არამედ წარმატებით გაუწია კოორდინაცია ქართული საბანკო სისტემის მასშტაბურ მიგრაციას. სებ-ის მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესი იყო იმისთვის, რომ კომერციულ ბანკებს შეძლებოდათ დროულად და ეფექტურად განეხორციელებინათ საჭირო სისტემური ცვლილებები.

- აუცი­ლებ­ლად ­მინ­და­ შე­ვე­ხოთ საქართველოს საფინანსო სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას - როგორია ტენდენციები ამ მიმართულებით?

- საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა გლობალური გამოწვევების ფონზე და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი. გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსური ინდუსტრია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სხვა დარგებთან შედარებით ლიდერობს. როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართულებით. შედეგად, უკვე არაერთი ახალი ჯგუფი შემოდის ქართულ ბაზარზე

- ლარი 30 რა აქტივობები განხორციელდა წლის ჭრილში საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან და როგორია შედეგები?

- 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. მათ შორის ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა აქტივობებს გამართა. ჩატარდა ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.

- როგორია საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონული თანამშრომლობა?

- ეროვნულ დონეზე ფინტექ ეკოსისტემისა და ფინანსური სერვისების განვითარებასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება — განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრისა და გადახდების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შუა დერეფნის ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველო მიმზიდველ საფინანსო ჰაბად ვაქციოთ, რაც ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის საქმეში ჩვენი ქვეყნის როლის შემდგომ გაძლიერებას ნიშნავს

- ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა რჩება თუ არა მომავალი წლის უმთავრეს პრიორიტეტად და რა მექანიზმებს გამოიყენებს ეროვნული ბანკი აღნიშნულის მისაღწევად?

- მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ასევე, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელშეწყობაა და ამ კუთხით, საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული არის გარკვეული რისკები და გამოწვევები, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მუშაობას. საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.

- დიდ­ი­ მად­ლობ­ა,­ ქალ­ბა­ტო­ნო­ ნა­თია­ და­ კვლა­ვაც­ წარ­მა­ტე­ბებს­ გი­სურ­ვებთ.

- მადლობა, თქვენც ასევე.

ესა­უბ­რა­ ჟურნ­ა­ლის­ მთავ­ა­რი­ რე­დაქ­ტორ­ი

ლოიდ ქარჩავა