Logo

INTERVIEW with the Minister of Regional Development and Infrastructure of Georgia - Mr. David Narmania / ინტერვიუ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან - ბატონ დავით ნარმანიასთან.

Published Date: 27/12/2012

დავით ნარმანია (2).JPG

- ბატონო დავით, თავიდანვე ითქვა, რომ რეგიონალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიშლებოდა. მერე განაცხადეთ, რომ გაუქმების პროცესმა ერთი წლით გადაიდო. რა იყო ამის მიზეზი?

ჩვენი სამინისტრო ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს ჯამური 900 მლნ ლარის მოცულობის ბიუჯეტით, რასაც მნიშვნელოვანი კოოდრინაცია სჭირდება. ამასთან, 2013 წლიდან აქტიურად იწყება მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების და დეცენტრალიზაციის საკითხებზე, რაც ასევე სამინისტროს მხრიდან მოითხოვს აქტიურ მუშაობას. საკუთრივ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გადაბარებოდა, ფუნქციურად საკმაოდ დატვირთულია და მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს. ამიტომაც, პრემიერ-მინისრტთან შესაბამისი მსჯელობის შედეგად სამინისტროს დაშლის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. მიუხედავად ყველაფრისა, მცირედი ცვლილებები მაინც მოხდა. მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობაზე და მართვაზე ზედამხედველობის საკითხები ჩვენი სამინისტროდან გადაცემული იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.

- ბატონო დავით, ალბათ, უპრიანი იქნება შევაფასოთ მიმავალი 2012 წელი. როგორი იყო იგი თქვენი სამინისტროსათვის? რომელი იყო წარმატებული პროექტები და რომელი წარუმატებელი?

2012 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული, თუმცა ბოლო თვეებში ჩვენმა მუშაობამ გვიჩვენა, რომ იყო გარკვეული შეფერხებები ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხთან და ხარჯების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, ლაზიკის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა სამუშაოები შესრულებული, რაშიც 13,3 მლნ ლარი დაიხარჯა ისეთ პირობებში, როდესაც ლაზიკის განვითარების გეგმა, ფინანსური წყაროები და სხვა კომპლექსურად შესწავლილი საკითხები არ იყო. მნიშვნელოვანი პრობლემებია დაგროვებული კახეთში თელავის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის ნაწილში, ახტალის კურორტის მშენებლობის პროცესში და სხვა. საგზაო სამუშაოების თვალსაზრისით ბევრი საქმიანობა იქნა განხორციელებული, როგორც საერთაშორისო მნიშნელობის მაგისტრალებზე, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გზებზე. გზების მდგომარეობა ქვეყანაში ეტაპობრივად უმჯობესდება, რისი გაგრძელებაც 2012 წელს ჩატარებული სამუშაოები იყო. ასევე, დაიწყო რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება, რაზეც 2012 წელს ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა განხორციელებული.

- სამინისტროს დასახელებაშიც ჩანს ორი ძირითადი მიმართულება - რეგიონალური განვითარება და ინფრასტუქტურის. შესაბამისად ჩვენც დავყოთ მიმართულებები და ისე ვისაუბროთ. არჩევნების მერე ძალიან მწვავედ წარმოჩინდა საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობებში. რამდენიმე რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა გადამდგარიყო. იქნებ შეიძლებოდა თანაარსებობა, თანაცხოვრება, იგივე, როგორც მოდაშია უცხოური ტერმინის გამოყენება - „კოჰაბიტაცია“?

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა:

  1. რეგიონული განვითარება, რაც თავის თავში გულისხმობს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ოპტიმიზაციის და გაძლიერების, ხელისუფლების რეგიონული დონის მოდიფიცირების და სრულყოფის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას, რეფორმების განხორციელების სამართლებრივ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და კოორდინაციას, რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების სისტემის სრულყოფას, მისი შემუშავების კოორდინაციას ცალკეული რეგიონებისთვის.
  2. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც თავის თავში გულისხმობს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების, ხიდების, გვირაბების მოვლა-პატრონობას, ნაპირსამაგრ სამუშაოებს, საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებას, ნაგავსაყრელების მართვას, ინ­ფრა­სტრუქ­ტურული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების განხორციელების კოორდინაციას.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ამდენად, ეს ორი სფერო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ხშირ შემთხვვეაში ერთადაა წარმოდგენილი. რეგიონული განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად აუცილებელია განვიხილოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და დეცენტრალიზაცია. 2013 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება გამგეობებში და საკრებულოებში მიმდინარე პროცესებს, ეს ქვეყანაში ჩატარებული არჩბევნების და ახალი ძალის მოსვლის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენი სამინისტრო ამ პროცესებში არ ერევა, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. ჩვენი ფუნქცია მხოლოდ რეგიონებში მიმდინარე პროექტების კოოდინაციაა.

- რამდენად შედის თქვენი სამინისტროს ფუნქციებში ამ საკითხების მოგვარებაში ჩარევა?

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებელი ერთეულები არიან და ცენტრალურ ხელისუფლებას არა აქვს მათ საქმიანობაში აქტიური ჩარევის უფლება. ცალკეულ სახელისუფლებო ორგანოებს მხოლოდ ადმინისტრაციული ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ. ესენი არიან იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო საქმიანობის ზედამეხდეველობის ნაწილში და გუბერნატორები - ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენს სამინისტროს ფიქნციებში არ შედის მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მოგვარება-ჩარევა და ჩვენ მხოლოდ გვერდიდან ვაკვირდებით მოვლენებს.

- რა გეგმებია რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით ინსტიტუციონალური კუთხით? ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება?

საქართველოში დღეისათვის მოქმედი, მაქსიმალურად ცენტრალიზებული მმართველობითი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოებრივი მომსახურების ადექვატურ მიწოდებას მოსახლეობისთვის და ვერც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება კრიზისულ პერიოდებში, როცა გაუმართავი და არაეფექტური სისტემა, არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესის დარეგულირების ნაცვლად დამატებით პრობლემებს წარმოქმნის.

„ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ საქართველოს მთავრობის პროგრამის შესაბამისად, საქართველოში უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. რეფორმის მოსამზადებელი გარკვეული სამუშაოები 2013 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და მთავრობის მხრიდან რეფორმის მონაწილე დაწესებულებას განეკუთვნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მხრიდან განხორციელდება შემდეგი ამოცანები:

  • საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და განხორციელების ეტაპების მიხედვით ამოცანების ამსახველი დოკუმენტის შემუშავება და შეთანხმება;
  • დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე დაფუძნებული დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე;
  • დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში დასამუშავებელი კონკრეტული საკითხების მიხედვით სამუშაო ჯგუფების შექმნა და კოორდინაცია ხელიუფლების და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. ჯგუფების ფარგლებში დამუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობის, უფლებამოსიელბების, ქონებრივი და ფინანსური რესურსების გამიჯვნის, სახელმწიფო ზედამხედველობის, რეფორმების უზურნველმყოფი სტატისტიკური და გეოინფორმაციული სისტემების შექმნის, მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებებისთვის სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმების შექმნის და სხვა მიმართულებებით კონკრეტული საკითხების დამუშავებისთვის, რის საფუძველზეც მომზადდება კანონპროექტები საქართველოს პარლამენტში;
  • დეცენტრალიზაციის რეფორმების უზრუნველყოფისთვის სტატისტიკური მონაცემების მოპოვება-დამუშავების და გეოინფორმაციული სისტემების შექმნა;
  • რეფორმების შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული ხლეიუფლების ტრანსფორმირების, მათი უფლებამოსილებების, ინსტიტუციური მოწყობის, კომპეტენციების ფინანსური სისტემისა და სხვა საკითხების შემცველი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა;
  • „სოფლის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა;
  • „მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებების შესახებ“ კანონპროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა;
  • დასახლებებში კრებების ჩატარების და საზოგადოებრივი თვითმმართველობის არჩევის (სოფლების საზოგადოებრივი საბჭო და მამასახლისი) პროცესის ტექნიკურ-სამართლებრივი კოორდინაცია;
  • დეცენტრალიზაციის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესის კოოორდინაცია და ინფორმაციული, ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის, ქონებისა და ბუნებრივი რესურსების გამიჯვნის, საბიუჯეტო ფინანსების გამიჯვნის და ფინანსური გამოთანაბრების სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკურ-ინფორმაციული უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
  • წყალმომარაგების, საგზაო ინფრასტრუქტურის და მყარი ნარჩენების, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურული მომსახურების მიწოდების სისტემების ადაპტირება დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმებთან;
  • დეცენტრალიზაციის მიმართულების რეფორმასთან დაკავშირებული ფართო მასშტაბის ტრენინგ-პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის სრულყოფა და კოოორდინაცია;
  • რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გათვალისწინებული პროექტების შერჩევის მექანიზმის სრულყოფა და კონკრეტული პროექტების შერჩევისა და რეალიზაციის კოოორდინაცია.

- თქვენი სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 900 მილიონი ლარია. რა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება 2013 წელს ამ ბიუჯეტით?

2013 წლის ბიუჯეტით 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდება. მათგან განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი პროექტები:

- ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა - ავტომაგისტრალის რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და აგარა-ხაშურის 14 კმ მონაკვეთის დაწყება; წინა მონაკვეთებზე დარჩენილი სამუშაოების დასრულება იგოეთი-რუისის მონაკვეთებზე; ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 27.5 კმ. მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა; ქობულეთის შემოვლითი გზის დასრულება;

- თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის II მონაკვეთის პროექტირების დასრულება და სამშენებელო სამუშაოების დაწყება I და III მონაკვეთებზე, სულ 17 კმ. ჩქაროსნული 4-ზოლიანი გზა;

- გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაცია 2012 წლიდან გარდამავალ 15 მონაკვეთზე;

- არსებული ხიდების და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტზაცია, გამოვლენილ და შესწავლილ19 მონაკვეთზე/ობიექტზე;

- გზების მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში, დაზიანების გამოვლენის მიხედვით წინასწარ დაყოფილ 33 ზონაში;

- ნაპირსამაგრი სამუშაოები სხვადასხვა ფორს-მაჟორული ვითარების ლიკვიდაციის მიზნით 15 ობიექტზე;

- თელავის და წყალტუბოს საკურორტო და ტურისტულ ზონებში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება, მსოფლიო ბანკის (WB) მიერ გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში;

- დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მათთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. აღნიშნული მიმართულება გულისხმობს ქ. ფოთში 280-ბინიანი 7 სახლის და ზუგდიდში 8-კორპუსიანი უბნის მშენებლობის დაწყებას; ასევე, სხვადასხვა ტერიტორიებზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთათვის 14 სხვადასხვა მიმართულებით დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას (მისასვლელი გზა, სანიაღვრე არხი, წყალმომარაგება და ჰიგიენური პირობების შექმნა).

- შიდა გზებზე როგორი სიტუაციაა?

შიდა (ე.წ. მუნიციპალური) გზების მოვლა-პატრონობა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაა. ჩვენი სამინსტრო მხოლოდ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი. მუნიციპალიტეტები სამწუხაროდ, მწირი ფინანსების პირობებში ვერ ახორციელებენ ბევრი გზის შეკეთებას, მაგრამ მათ წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყოფათ სახსრები, რითაც 2013 წელს საშუალება ექნებათ დამატებით დააფინანსონ საგზაო სამუშაოები.

- ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაზე მეტად რომელ რეგიონს უჭირს? რომელ ქალაქს?

ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემები მაღალმთიან რეგიონებშია. ამიტომაც, ჩვენ აქტიურად ვიწყებთ მაღალმთიან რეგიონებზე ზრუნვას, რისთვისაც ცალკე კანონპროექტს ვამზადებთ და იქ განსაზვრული იქნენა მათთვის მნიშნელოვანი პრობლემების მოგვარების გზები/საშუალებები.

დიდი მადლობა ბატონო დავით, რომ დაგვითმეთ დრო და გვიპასუხეთ დასმულ შეკითხვებზე. ასევე, გვინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები გისურვოთ პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

- თქვენც დიდი მადლობა და მეც გილოცავტ დამდეგ შობა-ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ.

ესაუბრა ჟურნალ „ახალი ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორი ლოიდ ქარჩავა