Logo

INTERVIEW with the Mayor of the Tbilisi, Mr. David Narmania / ინტერვიუ თბილისის მერთან - ბატონ დავით ნარმანიასთან

Published Date: 14/01/2015

davitnarmaniapanplan1.jpg

ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება ბატონი დავითის წარმატებების შესახებ მთავრობაში, მინისტრის პოსტზე ყოფნისას. სწორედ მისი წარმატებული მოღვაწეობის გამო წამოაყენეს მისი კანდიდატურა თბილისის მერად და გაიმარჯვა კიდევაც არჩევნებში. თუმცა არჩევნებში გამარჯვება თვითკმაყოფილების საფუძველს არავის აძლევს, პირიქით - წინ უფრო დიდი საქმეებია და პასუხისმგებლობა, რომელსაც წინასაარჩევნოდ პროგრამაშიც ხაზს უსვამდა ბატონი დავითი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ერგო წინამორბედი მერისაგან. თუმცა ამაზე, არსებულ სიტუაციაზე და სამომავლო გეგმებზე თვითონ ბატონი დავითი უკეთესად გვეტყვის.

- ბატონო დავით, დღეს 14 იანვარია, ძველი სტილით ახალი წელი. გილოცავთ შობა-ახალ წელს.

- თქვენც გილოცავთ.

- ბატონო დავით, დავიწყოთ ზოგადი ფონით, როგორი იყო 2014 წელი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის და მათ შორის ქალაქის მერიისთვის?

- 2014 წელი იყო ძალიან ბევრი თვალსაზრისით დატვირთული და მნიშვნელოვანი ერთის მხრივ; მეორეს მხრივ, - ახალი გამოწვევების წელი. მნიშვნელოვანი იყო, ჩემის აზრით იმით, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან ასოცირების კუთხით და შესაბამისად, ევროკავშირთან ასოცირების (მნიშვნელოვან შეთანხმებას) ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას სამომავლოდ განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ამავდროულად ეს არის ახალი გამოწვევების წელი. იმიტომ რომ ამ შეთანხმებების შესაბამისად ჩვენ აბსოლუტურად ევროპული რეგულაციების, ევროპული ყაიდის სახელმწიფო უნდა გავხდეთ დროთა განმავლობაში. ამიტომაც ევროპული წესრიგი უნდა ვისწავლოთ და ბუნებრივია ამისთვის სერიოზული რეფორმები და სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება. ასევე მნიშვნელოვანი წელი იყო იმით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა ყველა ძირითადი ვალდებულება რაც ჰქონდა სახელმწიფოს, ის იქნა გასტუმრებული. გარკვეული დისკომფორტი შექმნა ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობამ წლის ბოლოს. რაც შეეხება უშუალოდ დედაქალაქს, ჩვენ საკმაოდ ბევრი პრობლემები ჩავიბარეთ, როცა მოვედით ქალაქის ხელმძღვანელობაში და ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები დავძლიოთ, გადავლახოთ და განვითარების გზას დავადგეთ. ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დაგვხვდა, ეს იყო ბიუჯეტის პრობლემები ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების კუთხით, რის გამოც მოგვიწია სხვა ვალდებულებების შემცირება და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით ამ ნაწილში დაფინანსების დამატებით გადმოტანა, რათა მინიმალური მომსახურება მიწოდებოდა საზოგადოებას. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პრობლემებისა, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ქალაქგანვითარებაზე, გენერალური გეგმის მომზადების საკითხებზე და ა.შ. და ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება გარკვეული პროგრესი და მას დაინახავს საზოგადოება.

- თქვენ ნაწილობრივ გაეცით პასუხი მეორე კითხვასაც, მაგრამ დავასრულოთ ბარემ. როგორი სურათი დაგხვდათ მერიაში, ზოგადად, ეკონომიკური, ფინანსური, სტრუქტურული, საკადრო და ა.შ., რაც მნიშვნელოვნად მიგჩნიათ?

- დავამატებდი იმას, რომ საკადრო თვალსაზრისით ჩვენ აუცილებელი წესით ატესტაცია გავიარეთ და ჩავატარეთ, ვინაიდან კანონმდებლობით იყო მოთხოვნილი. კონკურსის პროცესი დაიწყო და ახლაც გრძელდება. აქ ყურად საღებია ის, რომ კვალიფიციური ადამიანები, კვალიფიციური თანამშრომლები, ვინც საბოტაჟს არ ეწევა, ვინც ზრუნავს ქალაქზე, ასეთი ადამიანები იქნენ შენარჩუნებული და აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. მეორე ნაწილი ადამიანებისა უნდა შეივსოს გარედან და სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საჯაროდ კონკურსი და დარწმუნებული ვარ გარედან კვალიფიციურ კადრს მოვიზიდავთ და დავნიშნავთ, დავასაქმებთ იმისათვის, რომ უფრო მეტად გაიზარდოს თბილისის მერიის ეფექტიანობა.

- პირველი რა გააკეთეთ მერიაში მოსვლისას გარდა იმისა, რომ ორშაბათობით მოქალაქეთა მიღება დააწესეთ, რაც იყო მნიშვნელოვანი?

- პირველი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, მოქალაქეთა მიღების დღესთან ერთად იყო საკუთრივ თბილისის მერიის გამჭვირვალობის და ანგარიშ-ვალდებულებების გაზრდა. ეს იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე უწყება, რომელიც გამჭვირვალობის გზაზე დავყენეთ და გვაქვს პრეტენზია, რომ გავხადოთ ერთ-ერთი გამჭვირვალე საჯარო უწყება. . . .

- ეს თქვენ სამინისტროშიც გააკეთეთ. . .

- დიახ, სამინისტროშიც გავაკეთეთ და სამინისტროც თავის დროზე დაგვხვდა ზუსტად ასეთი, ერთ-ერთი გაუმჭვირვალე უწყება იყო და გამჭვირვალეობის რეიტინგში რამდენიმე თვეში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს, საჭიროებაც ნამდვილად არის და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. იმიტომ, რომ მერია ეს არის ხალხზე მზრუნველი და ხალხის კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს, ხალხთან კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და მათთან ანგარიშვალდებული უნდა ვიყოთ. ამიტომ ამ საკითხებზე მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ. ასევე, ამის გარკვეული გაგრძელებაა ის, რომ ჩვენ პროგრამული ბიუჯეტი გავაკეთეთ 2015 წლისთვის და ეს საკმაოდ დეტალური და სიღრმისეულია, რაც ასევე, გულისხმობს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობას. საზოგადოებამ იცის და აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად რას ვაკეთებთ, მათი გადახდილი გადასახადებითა და მოსაკრებლებით რას ვაფინანსებთ. დაინტერესებულ ადამიანებს შემდგომში შეუძლიათ გააკეთონ თავიანთი შეფასებები, თუ რამდენად სწორად აფასებენ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

- კეთილი. რა იყო მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც 2014 წლის შეზღუდულ მოკლე პერიოდში გააკეთეთ თქვენს ახალ გუნდთან ერთად?

- პირველ რიგში ეს იყო არსებული მდგომარეობის შეფასება. ყველა კუთხით გაკეთდა შეფასება თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა. ამის შემდეგ დავიწყეთ უკვე სამოქმედო გეგმების მომზადება ანუ სტრატეგიის მომზადება თუ რომელი კუთხით რანაირად ვიმუშავებდით. სწორედ შეფასების გაკეთებამ მოგვცა სშუალება სათანადოდ დაგვენახა არსებული მდგომარეობა და პრობლემები, სწორი დასკვნები გაგვეკეთებინა თუ რა კუთხით უნდა განვვითარდეთ მომავალში. გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრე გამჭვირვალობასთან, ანგარიშვალდებულებასთან, ბიჯეტთან, მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა მრავალსართულიანი პარკირების სისტემის განვითარებაზე, თბილისში ცივილური ნაგავსაყრელის გაკეთებაზე და ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მოვამზადეთ ამ თვალსაზრისით, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ძველი სახლების ჩანაცვლების პროექტზე, რომელიც ასევე თითქმის მზად არის და დაინტერესებულ კომპანიებს ვიწვევთ. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ახალგაზრდული ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობაზე და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, და აგრეთვე, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ „დინამოს“ სტადიონის მოდერნიზაცია განხორციელდეს ევროპული სტანდარტების, „უეფას“ სტანდარტების შესაბამისად, რათა ამ წლის აგვისტოში ღირსეულად ჩატარდეს ევროპის სუპერთასის ფინალი.

- თქვენი წინასაარჩევნო პროგრამა ცნობილია ამომრჩევლებისთვის, თბილისელებისთვის, მაგრამ იქ ძირითადად სტრატეგიაზეა საუბარი. კონკრეტულად 2015 წლისთვის რა გეგმები გაქვთ, რა არის მათ შორის მთავრი მიმართულებები?

- ჩვენ ოთხი მთავარი პრიორიტეტი გამოვყავით 2015 წელს. პირველ რიგში ეს არის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია; მეორე, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება; მესამე, ეკოლოგიური მდგომარეობის მოწესრიგება და ქალაქის გამწვანება; და მეოთხე, საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგება და უფრო მეტი ადგილების გაჩენა ბავშვებისთვის. გარდა ამ სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებისა დედაქალაქი ოთხ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს 2015 წელს და შესაბამისად, ამაში ჩვენი რესურსები და ჩვენი მონაწილეობა არის ლომის წილი. პირველ რიგში ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური კონფერენცია მაისში, ჭადრაკის სუპერფინალი, ფეხბურთის, „უეფის“ სუპერფინალი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა. ამიტომაც, ამ საკითხებთან დაკავშირებული აქტივობები და მათი მოწესრიგება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საორგანიზაციო თვალსაზრისით ჩვენი მთავარი მიმართულებები იქნება.

- სამეურნეო კუთხით რა კონკრეტული გეგემებია?

- სამეურნეო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იგივე პუშკინის ქუჩის გაკეთება, იგივე სხვა ნაწილებში გზების მოწესრიგება, ავჭალის სარკინიგზო-საავტომობილო ხიდის მოწესრიგება, 100-ზე მეტ ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება. თბილისის წყლის კომპანიასთან ნერთად 90-მდე ქუჩაზე მოხდება წყლის მილების გამოცვლა და შესაბამისად საფარის მოწესრიგება. დაიწყება ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც საკმაოდ სერიოზული პროექტია, მედიატეკის მშენებლობა ნაძალადევის რაიონში და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლება უნივერსალთან ერთად, ანუ სახვოვრებელ კორპუსებს ვგულისხმობ, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია.

- თვითონ წინასაარჩევნო პროგრამამ ხომ არ განიცადა ცვლილებები ან კორექტირება გარკვეული ან სერიოზული დოზით?

- რამე სახის ცვლილება წინასაარჩევნო პროგრამას არ განუცდია, რაც იქ გვქონდა ძირითადი მიმართულებები არის შესრულებადი ეტაპობრივად და შესაბამისად, ვთვლი, რომ არც უნდა განიცადოს ცვლილება. ის მაინც არ იყო კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ რამდენიმე თვე ვიფიქრეთ, რამდენიმე ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ და ამიტომ შესაბამისად ჩარჩო დოკუმენტად დარჩება, მაგრამ უფრო ვიწრო მიმართულებები იმ სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში იქნება, რომელსაც ჩვენ ახლა ვამზადებთ.

- თქვენ წინასაარჩევნოდ პროგრამაში გქონდათ, რომ 100 მილიონ ლარს გამოყოფდით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 10-10 მლნ ლარს თითოეული რაიონისთვის. როგორია დღევანდელი მდგომარეობა, გათვალისწინებულია თუ არა ეს ბიუჯეტში?

- ჩვენ წელს გვაქვს არა რაიონების მიხედვით, არამედ ერთიანად ეკონომიკურ საქალაქო სამსახურში ეს მიმართულებები ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ძირითადად ვაფინანსებთ ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთებს 6%-ის ფარგლებში იმ პროექტებისა, რომლებიც არის საშუალო და მცირე ბიზნესში და რომელიც მოწონებული არის კომერციული ბანკის მიერ. რაც ჩვენი აზრით არის შეღავათი კომპანიისთვის და ვაფინანსებთ ასევე, საჯარო კერძო პარტნიორობის ფარგლებში იმ პროექტებს, რომელიც გულისხმობს რომელიმე საწარმოსთვის, სადაც ინვესტიცია იდება, საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. თუმცა დროთა განმავლობაში ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ პროგრამის მოცულობა და მასშტაბები, ვინაიდან მოთხოვნა არის მაღალი და შესაბამისად დამატებითი ფინანსური რესურსების გაჩენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ამ პროგრამებს გავზრდით.

- რა თანხა არის გათვალისწინებული ამ მიმართულებით?

- ჯამში ამ მიმართულებით ეკონომიკურ საქალაქო სამსახურში და ეკონომიკური განვითარების ფონდში 10 მილიონ ლარამდე არის გათვალისწინებული. საერთოდ ვთვლით, რომ მეტი შემოსავლების შემთხვევაში აუცილებლად გავზარდოთ ბიუჯეტის ეს მუხლი.

- დახმარება გათვალისწინებულია დამწყებ ბიზნესმენებზე, მოქმედ ბიზნესმენებზე თუ ორივეზე?

- ორივეზე.

- თვითონ ხომ არ დაამატებთ რამეს, რომელიც მნიშვნელოვანია და მე შეიძლება გამომრჩა?

- მნიშვნელოვანი და უაღრესად აქტუალური საკითხი არის ქალაქის განტვირთვა საცობებისგან, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა საპატრულო პოლიციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. პირველ რიგში არსებული მდგომარეობის შეფასება კეთდება და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დავგეგმეთ იმისათვის, რომ შემცირდეს ზოგიერთ ადგილას ავტომანქანების დიდი ნაკადი. ესაა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის გაფართოება, ესაა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, ასევე ჭის თავსახურების მოწესრიგების პროექტი, გზის საფარის მოწესრიგების პროექტი. მეორეს მხრივ, საპატრულო პოლიცია აქტიურად გვაწდის ინფორმაციას იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის მოძრაობას და სწრაფად გადაადგილებას, შესაბამისად ამ ნაწილზეც ვმუშაობთ. ასევე, გრძელდება ე.წ. „ჭკვიანი შუქნიშნების“ პროექტი და ამ ნაწილში რამდენიმე გზაჯვარედინზე მოძრაობა მოწესრიგდება დამატებით. კიდევ გვაქვს რიგი ღონისძიებებისა და ვფიქრობ, რომ კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში გარკვეული თვალსაზრისით განიმუხტება არსებული მდგომარეობა, თუმცა საცობები იმდენად მწვავე თემაა, მანქანების დიდი რაოდენობიდან და ქალაქში შეზღუდული სივრციდან გამომდინარე, რომ ამ პრობლემის ბოლომდე მოგვარება შეუძლებელია.

- დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ და გვესაუბრეთ დედაქალაქის პრობლემებზე. კვლავაც წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ.

ესაუბრა ჟურნალ „ახალი ეკონომისტის“ კორესპონდენტი ხათუნა ბურჭულაძე