ბატონ დავით ნარმანიას წარდგენა არ სჭირდება ჩვენი ჟურნალის მკითხველისათვის და არც ქართული საზოგადოებისათვის, რადგან ის უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსია. იგი 2012-2014 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ქალაქ თბილისის მერი.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე. ბატონი დავითი არაერთხელ გახლდათ ჩვენი ჟურნალის სტუმარი მინისტრისა და თბილისის მერის რანგში. დღეს, კვლავ გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ მას და მოვისმინოთ მისგან მეტად საინტერესო ხედვები და რეკომენდაციები მისი დღევანდელი პოზიციიდან. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
- მოგესალმებით ბატონო დავით, მოხარული ვართ, რომ მიუხედავად მძიმე და გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა დაგვთანხმდით ინტერვიუზე.
- მოგესალმებით ბატონო ლაშა, მივესალმები თქვენს მკითხველს.
- ბატონო დავით, უკვე სამი წელი გახდა, რაც თქვენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე ბრძანდებით. როგორც ცნობილია, სემეკის რეგულაციების სფეროში შედის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალმომარაგება. ხსენებული სამივე სექტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. მისი მიწოდება და ტარიფები ძალიან მგრძნობიარეა თითოეული მოქალაქისთვის და მით უმეტეს, სოციალურად დაუცველი ფენისთვის.
- მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიახ, სემეკი ამ სამი მიმართულებით მუშაობს. თუმცა, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ჩვენს რეგულირების სფეროს მომდევნო წლიდან ემატება მელიორაციის რეგულირება.
- თუ შეიძლება დღევანდელი ჩვენი საუბარი დავიწყოთ ზოგადი გამოწვევების შესახებ, ხოლო შემდეგ მოკლედ მიმოვიხილოთ სამივე სექტორი, განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები.
- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორები მუდმივი გამოწვევებით ხასიათდება, თუმცა ბოლო პერიოდში ხაზგასასმელია რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებიდან გამომდინარე, ენერგეტიკულ რესურსებზე ფასების ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. სწორედ ეს გახდა საფუძველი საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის გადავადებისა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წელს ბაზარი აუცილებლად გაიხსნება.
- გთხოვთ, გვიამბოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რამდენად არის დაცული მათი უფლებები.
- მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე სემეკი ძალიან აქტიურად მუშაობს. ამ თვალსაზრისით ჩვენ რამდნეიმე კუთხით ვართ ჩართული აქტიურად: ჩვენთან იხილება მომხმარებელთა მიერ შემოტანილი განცხადებები და ხდება არასწორად დარიცხული, ასევე ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერა. მაგ. 2021 წელს ასეთი ფორმით დარიცხული 3,5 მლნ ლარი ჩამოვაწერეთ მომხმარებლებს, ხოლო ახალი აბონენტების მიერთების სერვისების დაგვიანებით მიწოდების გამო 400 ათას ლარზე მეტი კომპენსაციის სახით დაუბრუნდათ. ამასთან, ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ავარიებს და მათი აღდგენის დროებს, რათა სერვისების მიწოდების წყვეტა იყოს რაც შეიძლება მინიმალური. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ახალი სერვისების მიწოდებაზე, რამაც უნდა გაადვილოს მომსახურება. მაგალითად, ჩვენ შევიმუშავეთ *303# ელექტრონული სერვისი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ 15-მდე სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება (მაგ. დავალიანების გაგება, ელექტრონული ქვითრის გამოთხოვა, ბაზაში ტელეფონის ნომრის ცვლილება და სხვა). ამასთან, იუსტიციის სახლთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაკეთეთ კომუნალური სერვისების გადაფორმება ერთი ფანჯრის პრინციპით (ბინის ან სახლის გაყიდვა-გაქირავებისას შესაძლებელია იუსტიციის სახლში სამივე კომუნალური სერვისის გადაფორმება ერთიანად ისე, რომ მოქალაქეს არ უწევს სამივე კომპანიაში ცალ-ცალკე მისვლა და გადაფორმება).
- როგორია ენერგოომბუცმენის ინსტიტუტის მუშაობის ეფექტიანობა, რა გამოწვევები იკვეთება?
- ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს, ვინაიდან წლიდან წლამდე ასეულობით განცხადებას და საჩივარს განიხილავს. ასევე, კონსულტაციებს უწევს მოქალაქეებს და გარკვეულ შემთხვევებში გამოდის კიდეც მათ უფლებადამცველად. ენერგოომბუდსმენის საქმიანობა საჯაროა, ის ყოვეწლიურად აქვეყნებს საქმიანობის წლიურ ანგარიშებს. ამდენად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეს ანგარიში ნახონ შესაბამის ვებ-გვერდზე. ენერგოომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტზე უკვე მოისმინეს კიდეც და მოწონებული იქნა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული ინსტიტუტცია აქტიურად მუშაობს.
- გთხოვთ, გვესაუბროთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შესახებ.
- სემეკმა 2020 წელს დაიწყო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა, რისთვისაც მიმართვა TUV Austria-ს წარმომადგენლობას საქართველოში, გააკეთა შესაბამისი განაცხადი და ამის საფუძველზე ჩატარდა სემეკის შიდა მენეჯმენტის, ასევე პროცედურების გამართულობის ევროპული აუდიტი. აღნიშნულის საფუძველზე 2021 წელს სემეკს მიენიჭა ISO 9001-2015 და გაიცა ხარისხის მართვის სერტიფიკატი. დამტკიცდა ყველა სამსახურის საქმიანობის სტანდარტები და ინსტრუქციები. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს სემეკი გამართული მენეჯმენტის პირობებში მუშაობს.
- ბატონო დავით, ჩვენი შემდეგი შეკითხვა ეხება ენერგო უსაფრთხოებას, რამდენად დივერსიფიცირებულია სექტორი? რომელ პრიორიტეტებზე გააკეთებდით აქცენტებს?
- საქართველოს ენერგეტიკის სექტორი დივერსიფიცირებულია, რაც ხელს უწყობს რისკების მინიმიზაციას, თუმცა სექტორში რისკები მუდმივად რჩება. ელექტროენერგეტიკის მუდმივად მზარდი მოხმარების პირობებში, ადგილობრივი გენერაცია ამას ვერ ეწევა, რაც იმპორტდამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული კი არასასურველია როგორც მაკროეკონომკური, ასევე საფასო თვალსაზრისით. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, ჩვენ გაზის 90%-ზე მეტს აზერბაიჯანიდან ფიქსირებულ ფასად ვიღებთ, რაც გარკვეულწილად ამცირებს რისკებს, არ ვართ რუსეთზე დამოკიდებული და შესაბამისად, ფასების ზრდის რისკი არ არსებობს. თუმცა, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები სენსიტიურია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის აშშ დოლარის მიმართ.
- რას იტყვით თქვენ მიერ ინიცირებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების შესახებ.
- 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „ენერგეტიკის და წყალმომარაგების“ შესახებ, რომლის შემდეგაც მარეგულირებელმა კომისიამ 30-ზე მეტი ახალი კანონქვემდებარე აქტი შეიმუშავა და დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მართვა სრულად ევროპულ ყაიდაზე გადადის, რაც ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი დამსახურება და ამ ვალდებულებების შესრულების დადასტურებაა. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და დამატებით დასარეგულირებელი საკითხები, რაზეც მომზადებული და ინიცირებულია ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილება, რაც მიღებული იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ.
- ბატონო დავით, ხომ არ იგეგმება ტარიფების ცვლილებები?
მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ტარიფების რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არაა. ჩვენ მ. წ. აგვისტოში ელექტროენერგეტიკის დროებითი ტარიფების ვადა გავაგრძელეთ მომდევნო წლის მარტამდე, ვიდრე ელექტროენერგიის ბაზარი არ გაიხსნება. რაც შეეხება ბუნებრივ აირზე ტარიფებს, ის უნდა დადგინდეს დეკემბრის ბოლოს, ვინაიდან ჩვენს მიერ დადგენილ 3-წლიან ტარიფებს ვადა სწორედ ამ დროს ეწურება. თუმცა, არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის შენარჩუნების პირიბებში, ტარიფების ზრდას აქაც არ ველოდებით. წყალმომარაგების ტარიფები კი მომდევნო წლის ბოლომდეა დადგენილი და აქაც რაიმე გადახედვა არ იგეგმება.
- როგორია მარეგულირებელი კომისიის პოლიტიკა პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახებთან მიმართებით?
- რამდნეიმე თვის წინ მარეგულირებელმა კომისიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც კომუნალური გადასახდელების გადახდის ბოლო ვადა დაამთხვია პენსიონერთა პენსიებისა და სოციალურად დაუცველთა შესაბამისი შემწობების გაცემის თარიღს. ამდენად, მათ შეუძლიათ შესაბამისი თანხების სახელმწიფოდან მიღების შემდეგ გადაიხადონ კომუნალური თანხები და მანამდე მათ კომუნალური კომპანიები დენს, გაზსა და წყალს ვერ გამოურთავენ.
- რამდენად ხშირია ენერგომიმწოდებელი კომპანიების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანად შესრულების შემთხვევები და ამისთვის რეგულაციის რა ბერკეტები არსებობს?
- ენერგომიმწოდებელი კომპანიები ხანდახან არღვევენ კანონმდებლობას თუ პროცედურებს, რის საფუძველზეც მარეგულირებელი კომისია იყენებს სანქცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას - დაჯარიმებას. შედარებით მცირე გადაცდომების შემთხვევაში კი გამოიყენება წერილობითი მითითება/შენიშვნა. ახალი კანონის შესაბამისად, მაქსიმალური ჯარიმის მოცულობა გაიზარდა 75 ათას ლარამდე, რამაც კომპანიების უფრო მეტად მობილიზება უზრუნველყო.
- კომისიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ურთიერთობები, რა სიახლეებია აღნიშნული მიმართულებით?
- საერთაშoრისო ურთიერთობების ნაწილში კომისია ძალიან აქტიურია. უკვე მეორე ვადით ევროპის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) ხელმძღვანელობს ჩვენი კომისიის წევრი - მაია მელიქიძე. ამასთან, სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში პირველად გაიმართა განახლებადი ენერგიების საინვესტიციო ეროპული კონფერენცია, რომელსაც სწორედ ჩვენმა მარეგულირებელმა კომისიამ უმასპინძლა და 200-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ჩვენი კომისიის თანამშრომლები სხვადასხვა საერთაშრისო ენერგეტიკული ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები არიან და არაერთ ქვეყანას ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.
- დღეს თანამედროვე მსოფლიოში უაღრესად აქტუალურია საკითხი განახლებადი ენერგიის შესახებ, რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენთან, რამდენად ხდება ყურადღების ფოკუსირება მოცემულ საკითხთან მიმართებით?
- საქართველოს პარლამენტმა 2 წლის წინ მიიღო განახლებადი ენერგიების შესახებ კანონი, რომლის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებადი ენერგიის მხარდამჭერი მექანიზმები ინვესტორებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული მექანიზმების კიდევ უფრო სრულყოფა, რამაც მომავალში კიდევ უფრო მეტი ინვესტორის დაინტერესება უნდა უზრუნველყოს. სემეკმა თავის მხრივ დაამტიკა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა, რაც ევროპული წესების შესაბამისი ცვლილებაა.
- ორიოდ სიტყვით რომ შევეხოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და მარეგულირებლის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რა ვითარებაა ამ მხრივ?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი კანონის საფუძველზე 30-ზე მეტი ახალი მარეგულირებელი ნორმა იქნა მიღებული, რაც სწორედ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. ამასთან, მარეგულირებელი კომისიის მიერ მოხდა ელექტროენერგეტიკის სექტორში განაწილებისა და მიწოდების გაყოფა, ჩამოყალიბდა ცალკე მიმწოდებელი კომპანიები. ახალი წესების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე და ახალდაფუძნებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე გაიცა საქმიანობის ლიცენზიები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის სექტორში განაწილებისა და მიწოდების საქმიანობების გაყოფა. აღნიშნული რეფორმები ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პატრონაჟით მიმდინარეობს და გასული წლის ანგარიშში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალი შეფასება მიეცა.
- რამდენად ღია და გამჭირვალეა მარეგულირებლის ურთიერთობა მედიასთან?
- მარეგულირებელი კომისია ღია და გამჭვირვალე უწყებაა, რაც დადასტურებულია ყოველწლიური ანგარიშებით, სხდომების საჯაროობითა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშებით. მედიასთან კომისიას აქტიური თანამშრომლობა აქვს, მონაწილეობს გადაცემებში, აძლევს შესაბამის სააგენტოებს ინტერვიუებს და მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების თაობაზე დაუყოვნებლივ ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით.
- დაბოლოს, რა არის ისეთი, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოგვრჩა და თქვენ გსურთ დაამატოთ?
- მარეგულირებელი კომისიის ამოცანაა სწორი ბალანსის დაცვა მომხმარებლებსა და კომუნალური სერვისის მიმწოდებლებს შორის. ამ პრინციპის დაცვას კომისია მომავალშიც გააგრძელბს და აქტიურად შეუწყობს ხელს როგორც ენერგეტიკული სექტორის განვითარებას, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
- ბატონო დავით, მადლობას გიხდით საინტერესო და კომპეტენტური განმარტებებისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს მარეგულირებლის წინაშე დგას, უახლოეს პერიოდში დაიძლევა და, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მაღალეფექტური მომსახურება ქვეყნისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით.
ესაუბრა და ინტერვიუ ჩაწერა,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჟურნალ „ახლი ეკონომისტის“ პასუხისმგებელმა მდივანმა
ლაშა ტაბატაძემ
07.10.2022