- გამარჯობა, ბატონო დავით, გილოცავთ შობა-ახალ წელს და მადლობას მოგახსენებთ, რომ დრო გამონახეთ ინტერვიუსათვის.
- გამარჯობა, მეც გილოცავთ შობა-ახალ წელს.
- როგორ შეაფასებდით 2025 წელს თქვენი უწყების განვითარების თვალსაზრისით? რომელი იყო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი?
- 2025 წელი როგორც ენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორში დატვირთული იყო რიგი სიახლეებით და მნიშვნელოვანი ღონისძებებით. გრძელდებოდა რეგულირებადი სექტორების განვითარებისათვის შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მომხმარებელთან კომუნიკაცია და სხვა.
მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი შედეგია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2026-2030 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების შეთანხმება: საინვესტიციო გეგმები ითვალისწინებს ჭკვიანი მრციხველების გაზრდილი რაოდენობის მოწყობას, და პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის.
- რომელი მიზნები შესრულდა სრულად და რა დარჩა ნაწილობრივ ან არ შესრულდა? რატომ?
- სემეკს აქვს გრძელვადიანი გეგმები, რომელიც მიმდინარე წლებში თანაბრად პრიორიტეტულია. აღნიშნული ეხება როგორც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირებას, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ურთიერთობებს. 2025 წლის გეგმები სრულად შესრულებულია. ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯებესებთ საქმიანობის ეფექტიანობას და ვნერგავთ იმ აუცილებელ და რეგულირებადი დარგების განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც შედეგზე დადებითად აისახება. შესაბამისად, როგორც 2025 წელს, 2026 წელსაც ჩვენი მიზანი იქნება რეგულირების სფერო გახდეს უფრო მეტად ეფექტიანი, სადაც აუცილებლად იქნება დაცული ბალანსი მომხმარებელსა და მომსახურე კომპანიებს შორის.
- როგორ შეცვალა 2025 წლის პროცესებმა მომხმარებლებისთვის/ მეწარმეებისთვის მომსახურების ხარისხი ან ტარიფების სტაბილურობა?
- სემეკის დავალებებით მომსახურე კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რეგულირებად სექტორებში მომსახურების ხარისხი ეტაპობრივად უმჯობესდება. სემეკი მკაცრ მონიტორინგს უწევს კომპანიების საქმიანობას ამ მიმართულებით. მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, დაუყოვნებლივ და ინდივიდუალურად ვრეაგირებთ თითოეული მოქალაქის მომართვაზე. მაგალითად, 2025 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის შედეგად, მოქალაქეებს ჯამში ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მლნ ლარი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სემეკის გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 5.72 მილიონი ლარის კომპენსაცია.
რაც შეეხება ტარიფებს, მოგეხსენებათ ტარიფები დგინდება სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე და სრულად ითვალისწინებს როგორც კომპანიების საჭიროებებს უსაფრთხო და სტაბილური მომარაგებისათვის, ასევე მომხმარებელთა ინტერესებს. ტარიფები დადგენილია გრძელვადიან პერიოდზე, რაც ინვესტორს, ასევე მომხმარებელს აძლევს სტაბილურობის გარანტიებს.
- 2025 წელს განხორციელებულ პროგრამებს შორის რომელს მიიჩნევთ ყველაზე წარმატებულ პროექტად?
გამოვყოფდი მელიორაციის სექტორის კუთხით განხორციელებულ პროექტებს. მოგეხსენებათ, სემეკმა მელიორაციის სექტორის რეგულირება 2023 წლიდან დაიწყო და შესაბამისად, ამ მიმართულებით შემუშავდა ახალი რეგულირების ჩარჩო, რამაც უკვე მისცა ფერმერს გაუმჯობესებული შედეგი. ასევე, მინდა აღვნიშნო მომხმარებლისათვის შეთავაზებული გამარტივებული სხვადასხვა პროექტები, რომელმაც მისცა შესაძლებლობა მომხმარებელს მიიღოს სხვადასხვა კომუნალური მომსახურება გამარტივებულად და მოკლე დროში (მათ შორის, იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური მომსახურებების მიღება, *303# - მობილური ტელეფონის საშუალების კომუნალურ მომსახურებებზე ინფორმაციის მიღება).
- რა გავლენა იქონია გლობალურმა ეკონომიკურმა პროცესებმა (ენერგომატარებლების ფასები, რეგიონალური უსაფრთხოება და სხვ.) საქართველოს ენერგოსექტორზე?
- გლობალურმა ეკონომიკურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გავლენა მოახდინა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე, განსაკუთრებით ბოლო წლებში. პირველ რიგში, ენერგომატარებლების გლობალური ფასების ზრდამ გაზარდა იმპორტირებული ენერგიის ღირებულება, რაც განსაკუთრებით აისახა ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველო დამოკიდებულია ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტზე. ფასების მერყეობამ გაზარდა ტარიფებზე ზეწოლა და გააძლიერა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხის სტრატეგიული მნიშვნელობა.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება, რამაც ენერგომომარაგება აქცია ეროვნული უსაფრთხოების ნაწილად, გაზარდა რისკების აღქმა და დააჩქარა განახლებადი ენერგიისა და დივერსიფიკაციის პოლიტიკა.
ამავე დროს, გლობალურმა პროცესებმა შექმნა შესაძლებლობებიც: გაიზარდა ინტერესი საქართველოს, როგორც სტაბილური ენერგეტიკული ტრანზიტის ქვეყნისა და პოტენციური მწვანე ენერგიის ექსპორტიორის მიმართ.
- რას უპასუხებდით კრიტიკას, რომელიც ეხება ტარიფების ზრდის რისკებს, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ან გარემოსდაცვით შეშფოთებებს?
თუ შევადარებთ საქართველოში მოქმედ ტარიფებს როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებში მოქმედ ტარიფებთან, ვნახავთ, რომ საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ხშირად, როდესაც ამ ანალიზსა და სტატისტიკაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ისმის კრიტიკა, რომ ევროპის ქვეყნებს სხვა ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ და არ უნდა გავაკეთოთ ასეთი შედარებები.
ტარიფების შედარებითი ანალიზი იძლევა იმის დანახვის შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოქმედი ტარიფები სრულად ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს და სწორად ამ გათვალისწინების საფუძველზე არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. ზოგადად, რასაც მსოფლიო ტენდენციები აჩვენებს, ენერგიის ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
- როგორ იცვლება სტრატეგიები მაშინ, როცა ქვეყანა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და დამოუკიდებლობის საკითხის წინაშე დგას?
- საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ენერგეტიკული დივერსიფიკაცია და ენერგოუსაფრთხოების საკითხების გაძლიერება. ამ მიმართლებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას და ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს. მნიშვნელოვანია, ენერგეტიკული ბაზრების განვითარება, რაც მიმდინარე პროცესია.
- რა იქნება პრიორიტეტული მიმართულება 2026–2030 წლებში — გენერაციის გაფართოება, გადაცემის ქსელის გაუმჯობესება, ინოვაციები თუ სხვა?
- რა თქმა უნდა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია გენერაციის გაფართოება იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის მიზანს - გახდეს თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგეტიკაში. თუმცა თანამედროვე და მოქნილი ქსელის გარეშე ახალი სიმძლავრეები სრულად ვერ იქნება ათვისებული. გადაცემის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ენერგიის დაგროვების სისტემები და ჭკვიანი ქსელები შექმნის საფუძველს სისტემის მდგრადობისთვის. პარალელურად, ინოვაციები და ციფრული ტექნოლოგიები გაზრდის ეფექტიანობას, შეამცირებს დანაკარგებს და უზრუნველყოფს საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას რეგიონულ და ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებში.
- როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს რეგიონალური როლი — ტრანზიტში, ექსპორტში ან ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციაში?
- ამ კუთხით, აუცილებლად მინდა გამოვყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წარმოადგენს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც მკვეთრად ზრდის საქართველოს როლს რეგიონულ და ევროპულ ენერგეტიკულ სივრცეში. აღნიშნული პროექტი საქართველოს აკავშირებს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან და აძლიერებს ქვეყნის, როგორც ენერგეტიკული ხიდის ფუნქციას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ელექტროენერგიის ტრანზიტი ევროპისკენ.
კაბელი არა მხოლოდ ექსპორტის პოტენციალს ზრდის, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ენერგეტიკული სისტემის საიმედოობასა და დივერსიფიკაციას. პროექტი ხელს უწყობს ენერგოდამოუკიდებლობას, ამცირებს რეგიონულ რისკებს და ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
- რა სტრუქტურული რეფორმებია აუცილებელი, რათა ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს ენერგეტიკის სფეროში?
- საქართველოს მთავრობა ახორციელებს საჭირო და ეფექტიან ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღი კონკურენციის ეტაპობრივ განვითარებას. ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის მიზანია კონკურენციის განვითარება და რაც შეიძლება მეტი ინვესტორის დაინტერესება. ეფექტიანი რეგულაციები, სამართლიანი მიდგომები იძლევა შედეგს და დღეს უკვე ვხედავთ, რომ წინა წლებთან შედარებით ინვესტორების დაინტერესება კიდევ უფრო მეტად გაზრდილია.
სემეკის მიერ ჩამოყალიბებული მარეგულირებელი ჩარჩო ქმნის სამართლიან გარემოს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის. განახლებადი ენერგიის მაღალი პოტენციალი აძლიერებს ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობას რეგიონში. ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივი გახსნა, ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების დანერგვა და ქსელების მოდერნიზაცია ზრდის ეფექტიანობასა და საიმედოობას. შედეგად, საქართველო პოზიციონირდება როგორც რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობისა და კონკურენტული ენერგომომარაგების ქვეყანა.
- ტექნოლოგიური ინოვაციები (Smart Grid, AI, Storage) რამდენად რეალისტური და საჭირო ხდება საქართველოსთვის უახლოეს წლებში?
- ვფიქრობ, რომ თანამედროვე ტექნილოგიების დანერგვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში აუცილებელია. სემეკი აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მომსახურების ნაწილში. ეს შეეხება როგორც ქოლცენტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შექმნას.
ახალ ტექნოლოგიებს მოაქვს გაზრდილი ოპერაციული ეფექტიანობის, ხარჯების შემცირებისა და ადამიანური შეცდომების შემცირების პოტენციალი. „ჭკვიანი“ ქსელი ის მოცემულობაა, როდესაც ტექნოლოგიას გარკვეული რუტინული ფუნქციების შესრულება შეუძლია. თანამედროვე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესის სრული გაციფრულება, ელექტროენერგიით ვაჭრობის თანამედროვე პროგრამული პროდუქტების, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მართვის ავტომატიზებული სისტემების ფართოდ დანერგვა. გაციფრულება მოიცავს „ჭკვიანი“ ქსელის ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მომხმარებლების საიმედო, უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფისა და, მეორე მხრივ, ცვლად განახლებად რესურსზე მომუშავე გენერაციის ობიექტების ქსელში ფართო ინტეგრაციისა და ელექტროენერგიით ვაჭრობაში მასიურად ჩართულობისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ქსელის გაციფრულება მარტივი და ხანმოკლე პროცესი არ არის, რადგან საკმაოდ დიდ ბიუჯეტსა და თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებას საჭიროებს. სმარტ-ქსელი საქართველოს ელექტროენერგიის გადაცემის ნაწილში გარკვეულწილად დამკვიდრებულია, რასაც უზრუნველყოფს „სკადა“-ს და “გიზ”-ის სისტემები, რომლის მეშვეობითაც ციფრულად ხდება ელექტროენერგიის გადაცემის სრული პროცესის მონიტორინგი. რაც შეეხება გამანაწილებელ ქსელს, საკანონმდებლო დონეზე და განვითარების გეგმებში სმარტ-ქსელის ჩამოყალიბება ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამანაწილებელი ქსელის „ჭკვიან“ ქსელად ჩამოყალიბება ხელს უწყობს მზისა და ქარისგან წარმოებული ელექტროენერგიის უფრო ჭარბი რაოდენობით ქსელში მიღებას. „ჭკვიანი“ მრიცხველი SmartGrid-ის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა – მხოლოდ ნაწილი. სემეკის გადაწყვეტილებებით, ყველა ახალაშენებულ კორპუსში, რომლებიც ექსპლუატაციაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან არის შესული, მომხმარებლებისთვის მონტაჟდება „ჭკვიანი“ მრიცხველები. რაც შეეხება ძველ კორპუსებს, მრიცხველების ჩანაცვლებისას ეტაპობრივად ხდება ძველი მრიცხველების ახალი, სმარტ-მრიცხველებით ჩანაცვლება.
- რას ხედავთ თქვენი საქმიანობის ყველაზე დიდ მიღწევად დღემდე?
- სემეკს არაერთი მიღწევა და წარმატება აქვს ბოლო წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორის განვითარებისათვის შემუშავდა ისეთი ფუნდამენტური რეგულაციები, რომლებიც ხელს უწყობს ორივე დარგის პერმანენტულ განვითარებას. როგორც სემეკის თავმჯდომარე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდი მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის ნაწილში:
ჩემი ინიციატივით, 2022 წელს სემეკის მიერ დაფუძნდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც სექტორში დასაქმებულებს, სტუდენტებს, მკვლევრებს და სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, პირდაპირი დროის რეჟიმში გაეცნონ რეგულირების კუთხით არსებულ სიახლეებს, რეგულატორებისგან მიიღონ ინფორმაცია და სწავლება ამა თუ იმ საკითხზე. ცენტრს დღემდე 3000-ზე მეტი პირი გვყავს გადამზადებული.
გარდა ამისა, სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო ხარისხის მართვის სერტიფიკატი, რომელიც ასევე ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია.
- როგორ განსაზღვრავთ იმას, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ენერგეტიკული სექტორი 10 წლის შემდეგ?
- საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს სტაბილურად ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულია სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელშიც გაერთიანებულია ყველა პრიორიტეტული საკითხი, რაც ენერგეტიკის სექტორის განუხრელი განვითარებისთვისაა საჭირო. ენერგეტიკული პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს თვითკმარი ქვეყანა. აღნიშნული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ადგილობრივი წარმოების განვითარებით. აუცილებელია მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა. დღეისათვის, ენერგეტიკაში ინვესტიციის განხორციელების კუთხით უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენენებლებია. განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა, ტრანსსასაზღვრო, ქვეყნის შიდა გადამცემი და გამანაწილებელი ელექტროსისტემების განვითარება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. სემეკს, ფაქტობრივად, ენერგეტიკის სექტორის პულსზე უდევს ხელი და ეფექტიანი რეგულაციების შემუშავებით აძლევს დარგს განვითარების სტიმულირებას.
ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება უმნიშვნელოვანესი საკითხია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთი ფუნდამენტური პროექტი განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. საქართველოს არ გააჩნია გაზის ან ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგები, წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას და შესაბამისად, ამ კუთხითაც უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების მიზნებს, ენერგოეფერტურობისა და ენერგეტიკული ბაზრების განვითარების საკითხებს.
- რას ეტყოდით ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომელთაც სურთ ენერგეტიკის სფეროში კარიერის დაწყება?
- ახალგაზრდა სპეციალისტებს ვეტყოდი, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება. ენერგეტიკა და წყალმომარაგება წარმოადგენს ისეთ სფეროებს, სადაც მუდმივი განვითარებაა საჭირო, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალ კადრებს, ამ დარგების განვითარება, ფაქტობრივად, ეფუძნება სპეციალისტებს. სემეკის კარი ყოველთვის ღიაა ახალგაზრდებისათვის სტაჟირებისა თუ პრაქტიკის გასავლელად. სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტთან. სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სწორად ასეთი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის შემუშავებულია სხვადასხვა სასწავლო კურსი, რომლებიც მათ ეხმარება ცოდნის გაღმავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. როგორც ენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების მიმართულებით ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი პროფესიონალი კადრი, რადგანაც აღნიშნული დარგები დინამიურად განვითარებადია და საჭიროებს მეტ პროფესიონალს.
- რამეს ხომ არ დაამატებდით?
- მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც 2026 წელსაა დაგეგმილი. მომავალ წელს სემეკი უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს. აღნიშნული ფორუმი საქართველოში პირველად იმართება, რომლის ფარგლებშიც თბილისს 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა და პერუ.
- დიდი მადლობა, ბატონო დავით, კვლავაც წარმატებებს გისურვებთ.
- მადლობა, თქვენც წარმატებებს გისურვებთ.
ესაუბრა ჟურნალის მთავარი რედაქტორი
ლოიდ ქარჩავა