- გამარჯობა, ბატონო ირაკლი, გილოცავთ შობა-ახალ წელს და მადლობას მოგახსენებთ, ინტერვიუსათვის.
- გამარჯობა, მეც გილოცავთ შობა-ახალ წელს.
- როგორი იყო 2025 წელი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის?
2025 წელი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ისტორიაში ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც წარმატებული. დაარსებიდან 12 წლის თავზე სააგენტო, როგორც ქვეყნის შიდა ბაზრებზე გავლენის, ასევე საერთაშორისო აღიარებისა და ჩართულობის კუთხით, მნიშვნელოვან შედეგებს აჩვენებს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ამ დროისთვის ორი მნიშვნელოვანი მიმართულების აღსრულებას ახორციელებს - კონკურენციის, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის მიმართულებით.
კონკურენციის აღსრულების კუთხით სააგენტო ახორციელებს მოკვლევებს შეთანხმებული ქმედებების, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის მიმართულებით.
სააგენტო ასევე ახორციელებს ბაზრების მონიტორინგს კონკურენციის ხარისხის შეფასების მიზნით და აკონტროლებს საქართველოში განხორციელებულ ბიზნესკონცენტრაციებს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ფინანსური ბრუნვა შესაბამის მაჩვენებლებს აკმაყოფილებს, სააგენტოს მიზანია ბიზნესის გამსხვილებების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შეფასება.
- 2025 წელს თუ განხორციელდა კომპანიების შემოწმება და რა შედეგები მივიღეთ?
მოკვლევების კუთხით სააგენტომ 2025 წელს ოთხი ქეისი დაასრულა. მათ შორის, ორში დადგინდა მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება, ხოლო ორ ქეისში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა, გაიცა რეკომენდაციები. ჭარბი ფასი დადგინდა ფარმაცევტულ ბაზარზე - მედიკამენტების საბითუმო მიმწოდებელი ოთხი კომპანიის შემთხვევაში. მოკვლევამ აჩვენა, რომ შვიდი მედიკამენტი რეფერენტული ფასების შემოღებამდე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა. ჭარბმა ფასმა ჯამში 150–200% შეადგინა, ხოლო საბაჟოდან დახლამდე სრული ფასნამატი 1000-3000%-ის ფარგლებში იყო. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიები ჯამურად 600 ათას ლარამდე ოდენობით დაჯარიმდნენ. საინტერესო იყო ისიც, რომ სხვადასხვა მედიკამენტის ფასში გათვალისწინებული იყო საჩუქრების, კონფერენციების, სასტუმროებში განთავსების, სამკაულებისა და ძვირადღირებული ავტომობილების ოპერირების ხარჯები.
მეორე დარღვევა შეეხებოდა რუსთავის ავტობაზრობას, რომელმაც 2023 წელს ავტოიმპორტიორებისთვის პარკირების საფასური ორჯერ და მეტად გაზარდა. მოკვლევამ აჩვენა, რომ პარკირების საფასური გაიზარდა ისე, რომ თვითღირებულება არ გაზრდილა და ავტობაზრობას მომსახურების პირობები არ გაუუმჯობესებია. შესაბამისად, ფასი მიჩნეული იქნა ჭარბად და კომპანიას 900 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრა.
დარჩენილი ორი ქეისი შეეხებოდა ონლაინ პლატფორმებზე ვაჭრობასა და ბათუმის თევზის ბაზარს, სადაც დარღვევები არ დადასტურდა.
- ამ ეტაპზე თუ მიმდინარეობს მონიტორინგი და რომელს სფეროში?
- ამ დროისთვის სააგენტო ახორციელებს შემდეგი ბაზრების მონიტორინგს: საწვავის, FMCG-ის, პესტიციდებისა და აგროსასუქების, თამბაქოს, მოცვისა და თხილის ექსპორტის, ასევე, სამედიცინო სერვისების ბაზრების.
შუალედური ანგარიშები პერიოდულად ქვეყნდება სააგენტოს მიერ, სადაც შეფასებულია ბაზრებზე კონკურენციის ხარისხი და მიმდინარე ტენდენციები.
2025 წელს სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა და გადაამოწმა დაახლოებით 25 ათასი რეგისტრირებული ბიზნესგაერთიანება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ პოზიციებზე კი სწრაფი მოხმარების საქონელი (FMCG) და სამედიცინო/განათლების სექტორები არიან. სააგენტო მუდმივად აკონტროლებს საქართველოში განხორციელებულ ყველა კონცენტრაციას, რომლის შესახებ ინფორმაციას სამეწარმეო რეესტრიდან კვარტალურად იღებს. შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი ეკონომიკური აგენტები ჯარიმდებიან. 2025 წელს 18 შემთხვევიდან 9 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა.
- რა კეთდება თქვენს სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით?
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულებას სააგენტო მესამე წელია ახორციელებს. 2025 წელს განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა, რაც მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე მიუთითებს. მომართვიანობაში ძირითადად დომინირებს ონლაინ ვაჭრობა, სექტორულ ჭრილში კი — ტანსაცმლითა და ტექნიკით ვაჭრობა, ასევე, გადაზიდვისა და სატრანსპორტო სერვისები. აღსანიშნავია, რომ წლიურად საშუალოდ მოქალაქეები სააგენტოს ჩართულობით დაახლოებით 1 მილიონ ლარს იბრუნებენ უკან.
მომხმარებელთა უფლებების კუთხით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც პრეტენზია აქვს მოვაჭრის მიმართ არასათანადო, ნაკლიანი, არასრულყოფილი ან დაზიანებული ნივთის ან მომსახურების შეძენის გამო, შეუძლია ჩვენს სააგენტოს მიმართოს. თუ მომხმარებელი ვერ თანხმდება მოვაჭრესთან, ის მიმართავს სააგენტოს, რომელიც ერთი თვის ვადაში, ყოველგვარი ხარჯის გარეშე, განიხილავს საჩივარს. სააგენტო იღებს სამი ტიპის გადაწყვეტილებას:
- აფიქსირებს მოვაჭრის დარღვევას;
- არ აფიქსირებს დარღვევას;
- ფორმდება პირობითი ხელშეკრულება მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის, რის შედეგადაც მოვაჭრე აღადგენს მომხმარებლის უფლებას და ასწორებს სავაჭრო პოლიტიკას, ხოლო საქმის წარმოება წყდება.
უმეტეს შემთხვევაში სწორედ ასეთი ხელშეკრულებები ფორმდება, თუმცა ბოლო წლებში დამრღვევთა რაოდენობა გაზრდილია. 2025 წელს ჯარიმების ოდენობამ 100 ათას ლარს გადააჭარბა.
სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს, რათა მომხმარებლებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ საკუთარი უფლებების შესახებ. მიმდინარეობს ვიზიტები რეგიონებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე, სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფებთან. მიღებულია სტანდარტები ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების, ფასებისა და ფასდაკლებების, მენიუებში ფასების წარმოდგენისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
- დემპინგური ფასები თუ შეინიშნება ქართულ ბაზარზე და რომელ სფეროში? თუ კი, თქვენი უწყება რა ანტიდემპინგურ ქმედებას ეწევა?
- ანტიდემპინგის მიმართულებით სააგენტომ 2025 წელს ერთი ქეისი დახურა, რომელიც შეეხებოდა რუსეთიდან და ირანიდან არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს. ადგილობრივი ინდუსტრია მიუთითებდა დემპინგურ ფასებზე, რაც მათ შემოსავლებზე და ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახებოდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა დემპინგური ფასების სხვაობა - რუსეთიდან 8%-ის, ირანიდან კი 24%-ის ფარგლებში. სააგენტოს დასკვნით ტარიფის შემოღებაზე რეკომენდაცია არ გაიცა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის იანვრიდან უკვე შემოღებული იყო დამცავი ტარიფი არმატურისა და გლინულას იმპორტზე.
- ვიცით, რომ არაერთი საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეთ მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. იქნებ ამაზეც გვიამბოთ.
- მარეგულირებელ უწყებებთან ერთად სააგენტომ 2025 წელსაც ტრადიციულად უმასპინძლა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც 18 ქვეყნის 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი დაესწრო. კონფერენციის მიზანი რეგიონში საერთაშორისო პლატფორმის ორგანიზება იყო, რომელიც აჯამებს წლის განმავლობაში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების სფეროში არსებულ მიღწევებს. გაიმართა პანელები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ბიზნესკონცენტრაციები, კონკურენცია ციფრულ ბაზრებზე, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში არსებული გამოწვევები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა ონლაინ ბაზრებზე და მარეგულირებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის ფორმები.
სააგენტოსთვის 2025 წელი გამორჩეული იყო საერთაშორისო ასპარეზზეც. ჩვენ ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვუხელმძღვანელეთ ვაჭრობისა და განვითარების გაეროს კონფერენციას (UNCTAD) ჟენევაში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე. ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის გლობალურ ფორუმზე ვუხელმძღვანელეთ სპეციალურ პანელს და წამყვან სესიაზე წარვდექით, რომელიც ჯანდაცვის სექტორში კონკურენციის საკითხებს ეძღვნებოდა.
საქართველოს სახით სააგენტომ მოიპოვა მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის — ICPEN-ის - პრეზიდენტობა 2026–2027 წლებში, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ორგანიზაცია 90-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და აზიარებს საუკეთესო პრაქტიკებს მომხმარებელთა უფლებების სფეროში. ამ რანგში საქართველო 2026 წლის სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სააგენტომ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მოიპოვა ფარმაცევტულ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებებისათვის - 40 ქვეყანას შორის საუკეთესო შეფასება მიიღო და ჯილდო ედინბურგში გადმოგვეცა. ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ საუკეთესოდ შეფასდა სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.
- რა გამოწვევების წინაშე დაგას სააგენტო ამ ეტაპზე?
მიუხედავად მნიშვნელოვანი მიღწევებისა, ვთვლით, რომ სააგენტოს წინაშე კვლავ არსებობს გამოწვევები, რომლებიც შესაბამის რეაგირებას საჭიროებს — კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, კრიტიკული ბაზრების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების დანერგვა კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ახალი გაიდლაინებისა და მიდგომების დანერგვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. სააგენტო იქნება აქტიური და პროაქტიულ ქმედებებზე ორიენტირებული, რათა უზრუნველყოს როგორც ჯანსაღი კონკურენციის დაცვა, ისე მომხმარებელთა უფლებების მაღალი სტანდარტი.
- დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი, კვლავაც წარმატებებს გისურვებთ.
- მადლობა, თქვენც წარმატებებს გისურვებთ.
ესაუბრა ჟურნალის მთავარი რედაქტორი
ლოიდ ქარჩავა