Logo

INTERVIEW with Head of the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission Mr. Davit Narmania / ინტერვიუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით ნარმანიასთან

Published Date: 11/01/2024

- მოგესალმებით ბატონო დავით, გილოცავთ შობა-ახალ წელს. მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო ინტერვიუსათვის.

- მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს.

- ბატონო დავით, გთხოვთ გვესაუბროთ გასული წლის მთავარ გამოწვევებზე და შედეგებზე.

- 2023 წელს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების გაუმჯობესებისათვის, ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამასთანავე, კიდევ უფრო გააქტიურდა სემეკის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამის დასტურია ის, რომ სემეკმა წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატებული მარეგულირებელი კომისიის სტატუსი და ენერგეტიკის სექტორში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიენიჭა უფლება 2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში გამართვაზე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

2023 წლის განმავლობაში სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ 1 მილიონ ლარამდე, ამასთანავე, სხვადასხვა მომსახურების სტანდარტის გამო სემეკის გადაწყვეტილებებით კომპანიებმა მომხმარებლებზე ჯამში 330 ათასი ლარის კომპენსაცია გასცეს; მოქალაქეები აქტიურად სარგებლობდნენ სემეკის მიერ შეთავაზებული გამარტივებული კომუნალური მომსახურებებით. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი. გარდა ამისა, გაიზარდა დისტანციური მომსახურების მაჩვენებლებიც - 2023 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა *303#-ის სერვისით, რომელიც მობილური ტელეფონის საშუალებით მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია მარტივად კომუნალური მომსახურებების შესახებ; სემეკი აგრძელებს მუშაობას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პროგრამის დანერგვაზე. 2023 წელს აღნიშნულ სისტემაში დარეგისტრირდა 23 კომპანია, გაიცა 1,937,526 სერტიფიკატი; სემეკის ხელშეწყობით დანერგილ ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართულმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 60,000 კვტ-ს მიაღწია, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 60% პროცენტით აღემატება; ბუნებრივი გაზის სექტორში მიმდინარეობდა კომპანიების გამსხვილებისა და ხელახალი ავტორიზაციის პროცესი. გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს არეალების მიხედვით, კერძოდ, ერთ ადმინისტრაციულ არეალში ერთი კომპანიის არსებობით. აღნიშნული ხელს შეუწყობს სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას; დამტკიცდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სპეციალური წესი და სხვა.

- როგორც ვიცით, სემეკი მუდმივად ახორციელებს მომხმარებელზე ორიენტირებული ეფექტური პოლიტიკის გატარებას. გთხოვთ, გვიამბოთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელთა განხორციელება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.

- სემეკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 3 თეთრით შემცირდა ელექტროენერგიის ტარიფები ყველა კატეგორიის მომხმარებლებისათვის. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. შესაბამისად, ერთი მხრივ ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა იძლევა დადებით მაჩვენებლებს ქვეყანაში ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. კომერციული სექტორისთვის წყალმომარაგების ტარიფის ზრდა უკავშირდება სწორად ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს;

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა. უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო, ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავი წყლის“ შერწყმის შედეგად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლიცენზიაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები გავრცელდება ქ. თბილისის, ქ. მცხეთისა და ქ. რუსთავის აბონენტებზე.

გაიზარდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განაპირობა ქ. თბილისში, ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობამ.

- რას გვეტყოდით დამატებით, იმ საკითხებზე რომელიც ჩვენ ვერ გკითხეთ.

- მოგახსენებთ, სემეკმა შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. მათ შორის, სემეკთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო ქ. რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება;

წყალმომარაგების სექტორში დარეგულირდა ჭკვიანი მრიცხველის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები - 2024 წლის 1 ივლისიდან ჭკვიანი მრიცხველი უნდა მოეწყოს ქ.თბილისში, ქ.რუსთავსა და ქ. ბათუმში, 2025 წლის 1 ივლისიდან - ყველა თვითმმართველ ქალაქში, 2026 წლის 1 ივლისიდან - ყველა სხვა მუნიციპალიტეტში;

რაც შეეხება რეგულირებას დაქვემდებარებულ ახალ სექტორს, 2023 წელს სემეკმა დაიწყო მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის ნორმატიული ბაზის შექმნა. ამ მიზნით, უკვე დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების გაანგარიშების შესახებ მეთოდოლოგია.

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, 2023 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე ჩატარდა სასწავლო კურსები, სადაც გადამზადება გაიარეს როგორც აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულმა პირებმა, ასევე სტუდენტებმა და სექტორების რეგულირებით დაინტერესებულმა პირებმა.

ასევე აღვნიშნავდი, რომ 2024 წლის გეგმებია: მომხმარებელთა ინტერესების დაცვა/ კომუნალური კომპანიების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება; ბაზრის ლიბერალიზაცია/კონკურენციის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობა; დიგიტალიზაცია/კიბერუსაფრთხოება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაგრძელება; ენერგეტიკული განათლების ხელშეწყობა.

- ბატონო დავით, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

ესაუბრა და ინტერვიუ ჩაწერა, ჟურნალ „ახლი ეკონომისტის“ პასუხისმგებელმა მდივანმა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა

ლაშა ტაბატაძემ