Logo

INTERVIEW with Chairman of the Georgian National Competition and Consumer Agency Mr.Irakli Lekvinadze / ინტერვიუ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან

Published Date: 11/01/2024

- მოგესალმებით ბატონო ირაკლი, გვსურს მოგილოცოთ ახალი 2024 წელი, მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო ინტერვიუსათვის.

- მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს.

- ბატონო ირაკლი, რომ შევაჯამოთ გასული 2023 წელი, გთხოვთ, ორიოდ სიტყვით გვიამბოთ იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ამ პერიოდში განახორციელა თქვენმა უწყებამ.

- კონკურენციის შესახებ კანონში რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორცილდა, რომელიც 2024 წლის 1 იავრიდან ძალაშია. ცვლილებების მიხედვით, გაძლიერდა კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, დაზუსტდა ტექნიკური დეტალები/ტერმინები და შეიცვალა უწყების სახელწოდება შემდეგნაირად - „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“. 2024 წელს ჩვენი მთავარი ამოცანაა - კონკურენციის, მომხმარებლის უფლებების დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება. სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, დიალოგის ფორმატში, სამუშაო შეხვედრების განხორციელება და მათი შეხედულებების, რეკომენდაციების მოსმენა-გაზიარება. როგორც ადგილობრივ დონეზე ისე საერთაშორისო ფორმატში უწყების პოზიციონირება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება“. ასევე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2023 წელს, 8 მოკვლევის პროცესი დაასრულა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით.

აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 6 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, კინოთეატრების ელექტრონული ბილეთების რეალიზაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.

აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რამდენიმე ქეისი, სადაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევა დადგინდა. კერძოდ, საწვავის ბაზრის მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც 5 საწვავის რეალიზატორ კომპანიას ჯამში - 4 მილიონ ლარამდე საჯარიმო სანქცია დაეკისრა. ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული მოკვლევა, სადაც 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. შესაბამისად, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ. და კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მიღებული შედეგები, სადაც როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს - 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ. მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს ,,სადისტრიბუციო კომპანიას’’ და შპს ,,თინეთს’’ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს ,,ელ ბილეთები’’, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ექსკლუზისვის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge. მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა. შესაბამისად, მოკვლევის დასრულებამდე და სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ბაზარზე მომჩივან კომპანიას უკვე მიეცა ოპერირების საშუალება, რითაც გაიხსნა ჩაკეტილი ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო. ძალიან მალე დავასრულებთ კვებითი მომსახურების სექტორში მიმდინარე მოკვლევას და მიღებული შედეგები იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯარო.

- ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დროულად შესრულებას რამდენად ვახერხებთ?

- აღვნიშნავდი, რომ სააგენტო ყოველთვის აკეთებდა და აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ დროულად შესრულდეს აღებული ვალდებულებები, რათა ბაზარზე არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. ასე მაგალითად, გაუმჯობესებულია კონკურენციის ხარისხი გასულ წელთან შედარებით, ფასწარმოქმნა მთლიანად ექვემდებარება საბაზრო ფაქტორების გავლენებს. კერძოდ, ამას მიუთითებს კომპანიების მოგების მარჟების დაბალი მაჩვენებლები, ასევე, მცირე სხვაობები ფასებში ერთიდაიგივე ტიპის საწვავზე (მაგ. ბენზინი რეგულარი) მცირე და მსხვილ ქსელებს შორის და სხვა.

- 2023 წელი მართლაც რომ ნაყოფიერი იყო და რას უნდა ველოდოთ 2024 წელს, რას გეგმავს თქვენი უწყება?

- მოგახსენებთ, ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა - ავტობაზრობისა და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით, ასევე, ვგეგმავთ მოკვლევათა მასშტაბებისა და არეალის გაფართოებას და დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წელიც იქნება არანაკლებ წარმატებული ვიდრე გასული წელი.

- თქვენ თვითონ რას გვეტყოდით დამატებით, იმ საკითხებზე, რომელზეც კითხვა არ დაგვისვამს?

- აღვნიშნავდი, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გადის მკაცრ სასამართლო კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება მხარეებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ. 2014 წლიდან დღემდე, 11 საქმიდან - 10 სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო ერთი ხელხალი შესწავლისთვის სააგენტოს უკან დაუბრუნდა. მიმდინარე რეჟიმშია 22 საქმე.

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების მონიტორინგი. ამ მიმართულებით, 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე თანხხმობა გავეცით. საანგარიშო პერიოდში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა კონცენტრაცია და ჩვენმა უწყებამ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა. საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

2023 წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც შესაბამისი ბაზრის გაძლიერების შედეგით დასრულდა, ეხებოდა - სომხეთიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგურ ფასს, რომელიც ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ განცხადების გახმობის შემდეგ უწყებამ დახურა, რადგან განმცხადებლის მითითებით, მის მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით, მოკვლევის პროცესშივე - ბაზარზე სწრაფი პროგრესი და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება დაფიქსირდა.

რაც შეეხება, მონიტორინგების თემას, 2023 წელს, დავასრულეთ 2 თემა - საბანკო დაზღვევის და საავტომობილო თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრების მონიტორინგები. ჩვენი შეფასებით, 2020-2022 წლებში, საკრედიტო პროდუქტების ბაზარი მაღალ კონცენტრირებულია, და ამასთანავე, მას გააჩნდა სტაბილური ხასიათი, ისევე როგორც მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს შორის წილობრივ განაწილებას. კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი. შესაბამისად, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახილველად სავალდებულო 6 რეკომენდაცია გავეცით.

მეორე საკითხი მოიცავდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგს, რომელიც ბაზრის სხვადასხვა დონეზე შეფასდა, სადაც გამოიკვეთა, რომ ბაზარი მოქმედი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და ჰერფინდალ ჰირშმანის დაბალი ინდექსით გამოირჩევა. შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით, შესაბამისი ბაზარი/ბაზრები კონკურენტულია და არ არსებობის მასზე შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა.

მიმდინარე რეჟიმშია ლურჯი მოცვის და თხილის ბაზრების მონიტორინგები. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანი აღსრულება, რომელიც 2022 წლის 1 ნოემბერს დავიწყეთ. 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოში 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დავიწყეთ. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 22 საქმეზე 21 283 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 161 საქმეზე შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლის სასარგებლოდ, დაახლოებით, 500 000 ლარამდე ანაზღაურდა. ამავე პერიოდში, მიღებული იქნა გადაწყვეტილებები - ფასის მითითების სტანდარტის, მომხმრებლის ინფორმირების სტანდარტის, ადგილობრივ ენაზე სერვისის მიწოდების, sms რეკლამების მიმართულებით.

- ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა ინტერვიუსათვის და გვინდა კვლავაც წარმატებები გისურვოთ.

ინტერვიუ ჩაწერა, ჟურნალი ,,ახალი ეკონომისტის“, პასუხისმგებელმა მდივანმა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა,

ლაშა ტაბატაძემ