Logo

Conclusions with regard to the application of the legal forms of compensation for environmental damage caused to vegetation during forest exploitation and suggestions for improving the situation in this regard

Temur Moniava / თემურ მონიავა

Doctoral Student of Georgian Technical University, Faculty of Transportation and Mechanical Engineering / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დოქტორანტი

Abstract

In the work shows that despite the importance of forest vegetation for humans, the present-day use of the legal forms of compensation for environmental damage caused to vegetation during forest exploitation in various countries of the world, with some exceptions, does not meet the challenges existing in the area of ​​ protection of vegetation, in general. Consequently, the legislators, as well as the local and central authorities, have been offered some concrete proposals for eradication of the existing problems.

Keywords: Forest management, ecology, damage, problems, conclusions and suggestions / ტყის ექსპლუატაცია, ეკოლოგია, ზიანი, პრობლემები, დასკვნები და წინადადებები.

ტყის ექსპლუატაციის პროცესში მცენარეული საფარისათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ფორმების გამოყენების თაობაზე დასკვნები და ამ მიმართებით არსებული ვითარების სრულყოფასთან დაკავშირებით წინადადებები

ანოტაცია

ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ადამიანისათვის ტყის მცენარეული საფარის მნიშვნელობის მიუხედავად ტყის ექსპლუატაციის პროცესში მცენარეული საფარისათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დღემდე არსებული სამართლებრივი ფორმების გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ცალკეული გამონაკლისის გარდა არ პასუხობს იმ გამოწვევებს რაც არსებობს ზოგადად მცენარეული საფარის დაცვის სფეროში. შესაბამისად, როგორც კანონმდებლების ისე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისათვის შეთავაზებულია კონკრეტული წინადადებები არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

შესავალი

კაცობრიობის არსებობა, ასევე მისი შემდგომი განვითარება, წარმოუდგენელია ტყის მცენარეული საფარის გარეშე. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველომ კონსტიტუციით დაცულ სიკეთედ გამოაცხადა ჯანსაღ გარემოზე უფლება და მიიღო სხვა არაერთი სამართლებრივი აქტიც ამ მიმართებით. თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო ისინი ბოლომდე ვერ პასუხობენ რეალურად არსებულ გამოწვევებს.

აღნიშნულის უმთავრესი მიზეზი მთელ რიგ ობიექტურ თუ სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად ისიცაა, რომ ტყის ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგები მხოლოდ სამართლებრივი, სოციალური ან თუნდაც ცალკე აღებული ეკონომიკური საზომით ვერ შეფასდება და ისინი უნდა გადაწყდეს კომპლექსურად.

ამ სახით მათი გადაწყვეტა კი მოითხოვს უპირველესად კითხვაზე პასუხს-რამდენად იძლევა ტყისთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შეფასების შესახებ დღეს არსებული ორი სამართლებრივი, კერძოდ მიყენებული ზიანის მატერიალური, ანუ წინასწარ ნიხრის სახით დადგენილი, ან/და ნატურალური ანუ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის შესახებ, შეფასების ფორმის გამოყენება სასურველ შედეგს?.

დასმულ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს, რადგან თემის აქტუალურობის და მნიშვნელობის მიუხედავად, კონკრეტულად ამ პრობლემის კვლევით არავინ დაინტერესებულა. ამდენად, წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს არსებული ხარვეზის აღმოფხვრისკენ მიმართულ პირველ ცდას და გამოირჩევა იმით, რომ გარდა არსებული მდგომარეობის შესახებ დასკვნებისა, საზღვარგარეშის ქვეყნებში არსებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, მასში მოცემულია ტყის მცენარეული საფარისათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამართლებრივი ფორმების სწორად გამოყენებისა და ამ მიმართებით არსებული ვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე წინადადებები. ტყის საფარის ნებისმიერი სახით დაზიანების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებების განსაზღვრა და მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შეფასების სამართლებრივი ფორმების სწორად შერჩევა, უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე პირობებში.

აღნიშნულის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ეკონომიკური განვითარების საკითხი არ შეიძლება გარემოსგან განყენებულად განვიხილოთ[1], რადგან ეკონომიკის განვითარება რასაც თან სდევს ისეთი ანტროპონოგენური წნეხი ეკოლოგიაზე, როგორიცაა-ტყის საფარის უსისტემო, მასობრივი გაჩეხვა და აშ. იწვევს ჰაერის დაბინძურებას, მეწყერული ზონების გადიდებას, წყალდიდობებს და აშ. შესაბამისად, გამოუსწორებელი ზიანი ადგება გარემოს და ტყის ბიომრავალფეროვნებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ეკონომიკური პრობლემები. ადამიანის მიზანმიმართული აქტიური ჩარევა ბუნებრივი პროცესების განვითარებაში დაიწყო იმ დროიდან როცა ჩაისახა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. რამაც თანდათანობით საგანგაშო ხასიათი მიიღო, რადგან ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებზე უარყოფით გავლენას ახდენს მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ: ა) არამდგრადი წარმოება და მოხმარება, მოსახლეობის მატება, ვაჭრობის გლობალიზაცია, სიღარიბე, მავნე სუბსიდიები, მოქნილი კანონმდებლობის უქონლობა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არქონა და პოლიტიკური არასტაბილურობა;

ბ) ინსტიტუციონალური და სოციალური მოუწესრიგებლობა, ინფორმაციის უკმარისობა;

გ) ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი განვითარების როლისა და მნიშვნელობის არასაკმარისი გაგება და გაცნობიერება იმ პირთა მხრიდან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბიომრავალფეროვნების მენეჯმენტთან;

დ) საბაზრო ეკონომიკის წარუმატებლობა, კორუფციის რისკის მაღალი დონე, რასაც განაპირობებს ამ სფეროზე საზოგადოების სუსტი კონტროლი და ზედამხედველი ორგანოების ვალდებულების არ არსებობა აწარმოონ ქმედითი და ყოველმხრივი შემოწმებები და ა.შ. წარმოადგენენ იმ საფრთხეებს, რომლებიც ზოგადად, მათ შორის ქართულ სინამდვილეშიც, ემუქრება, როგორც ტყეს ისე მთლიანად მწვანე საფარს ექსპლუატაციის პროცესში.

ამდენად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება, რომელთა უმეტესობა განპირობებულია, როგორც ობიექტური ისე სუბიექტური ფაქტორებით, მართალია იწვევს მცენარეული საფარის შემცირებას, თუმცა, საქართველოში ტყისა და მინდვრის ეკოსისტემების დეგრადაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაინც რჩება ექსპლუატაციის პროცესში ტყის მერქნული რესურსის არამდგრადი ჭრა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის განხორციელების ასევე, წიაღისეულის (მაგ. ჭიათურის მანგანუმის) მოპოვების მიზნით და სხვა.

აღნიშნული თავის მხრივ განპირობებულია იმით, რომ ექსპლუატაციის პროცესში, როგორც წესი აუცილებელი ხდება ღია კარიერული წესით მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, რაც იწვევს გარკვეულ ფართობებზე მწვანე საფარის დაკარგვასა და დეგრადაციას. შედარებისთვის მხოლოდ 2001-2014 წლებში ამ გზით ქვეყანამ დაკარგა ტყის საფარი ფართობით 8917 ჰექტარი, მაშინ როცა იმავე პერიოდში ტყის საფარი გაიზარდა მხოლოდ 4778 ჰექტარით.[2]

რეალობაა ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე თუ არ იარსებებს სათანადო კონტროლის მექანიზმი, კერძოდ ეკოლოგიური აუდიტისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის სავალდებულო წესით ჩატარების, ამ პროცესში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობისა და დამკვირვებლიდან აქტიური პოზიციის მქონე სუბიექტად მისი საკანონმდებლო გზით ქცევის, ასევე ტყის დაზიანების რეალური მდგომარეობის ან მისი აღდგენის შემთხვევაში აღდგენილი ფართობის დაზიანებულ ფართობთან ექვივალენტობის დადგენისათვის ვიზუალური მეთვალყურეობის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების (მაგ. დრონის) გამოყენების შესაძლებლობის მინიჭების ჩათვლით, მოსალოდნელია არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუარესება.

მით უფრო, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გარდა იმისა, რომ დაგეგმილია ახალი მილსადენების, კაშხლების, ელექტროგადამცემი ხაზების და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა, ძირითადად ორიენტირებულია ჰიდრორესურსების განვითარებაზე, ჰიდროელექტროსადგურებისა და კაშხლების მშენებლობა კი სხვა ზემოთ ჩამოთვლილ პროექტთა განსახორციელებლად დამატებით მოითხოვს ტყის და ზოგადად მცენარეული საფარით დატვირთული მნიშვნელოვანი ფართობების გაკაფვას.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, როგორც არსებული რეალობა ცხადყოფს ტყის ექსპლუატაციის პროცესში მცენარეული საფარისათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დღემდე არსებული სამართლებრივი ფორმების გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ცალკეული გამონაკლისის გარდა არ პასუხობს იმ გამოწვევებს რაც არსებობს ზოგადად მცენარეული საფარის დაცვის სფეროში.

გარკვეული დადებითი ძვრების მიუხედავად მათ შორისაა საქართველოც, რადგან ამ მიმართებით ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა არაერთი მათ შორის შემდეგი სახის დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას:

1.ქართულ სინამდვილეში, ტყისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტყის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსად, თითქოსდა აღიარებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის, ანუ ზიანის შეფასების ნატურალურ სამართლებრივ ფორმის უპირატესობას, თუმცა რეალურად პრიორიტეტულადაა დამკვიდრებული მონეტარული, ანუ წინასწარ დადგენილი ნიხრის შესაბამისად გადასახდელი ფულადი თანხის დაკისრების გზით ზიანის ანაზღაურება;

  1. მიუხედავად იმისა, რომ ტყის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, სახეზე შეიძლება იყოს, როგორც ეკონომიკური ისე ეკოლოგიური ზიანი, დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს მხოლოდ ტყის მესაკუთრე. საზოგადოება, როგორც კოლექტიურად ისე ინდივიდუალურად კი მოკლებულია ექსპლუატაციის პროცესში ტყისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას;

3.უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ ტყის ექსპლუატაციის პროცესში ნებადართული საქმიანობის დროს ტყის მცენარეული საფარისთვის მიყენებული ზიანი, როგორც წესი ანაზღაურებას არ ექვემდებარება ან/და ექვემდებარება ნატურით ანაზღაურებას იმ ფარგლებში, რაც მოცემულია გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში (გზშ-ე). თუმცა, ამ შემთხვევაშიც დაკისრებული ვალდებულება ყოველთვის არ არის ტყის მცენარეული საფარის ნეგატიური ცვლილების ექვივალენტური;

  1. მეტიც, ვინაიდან ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა გათვალისწინებული არ არის, ხოლო ეკოლოგიური აუდიტისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი, თანაც იმ პირობებში, როცა სახეზეა კორუფციის მაღალი რისკი, დაბალია იმის ალბათობაც, რომ თუნდაც გზშ-თი გათვალისწინებული ვალდებულება ტყისთვის მიყენებული ზიანის ნატურით ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჯეროვნად სრულდება თუ არა და სხვა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ტყისათვის და ზოგადად გარემოსათვის ეკოლოგიური ზიანის მიყენების შემთხვევაში ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, ის, რომ:

ა)ტყის მცენარეული საფარისათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შეფასების პრიორიტეტულ სამართლებრივ ფორმად რეალურად იქცეს ამ ზიანის შეფასების ნატურალური ფორმა, რაც გულისხმობს რესტიტუციას, ანუ, თავდაპირველად არსებული მდგომარეობის აღდგენას, ან/და მიყენებული ზიანით გამოწვეული მოსალოდნელი და დამდგარი მავნე შედეგების შეძლებისდაგვარად შერბილებას. მით უფრო, რომ ზიანის შეფასების ნატურალურ ფორმას იცნობდა ძველი რომის კანონმდებლობა და მასზე საუბარი წამოიწყო ჯერ კიდევ სენეკამ (ნერონის მმართველობის პერიოდში), რომელიც ამბობდა, რომ არსებობენ თანხები, რომლებიც უნდა მივაკუთვნოთ კრედიტორს, მაგრამ მათი იძულებით ამოღება არ შეიძლება (debenture non exiguntur);[3]

გ) ტყის მცენარეული საფარის ხელყოფით დაზარალებული საზოგადოების დაცვის მიზნით მთელი რიგი ისეთი ხერხების/საშუალებების გამოყენება, რომლებიც აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში და მისცემს საზოგადოებას, როგორც კოლექტიურად ისე მის ცალკეულ წევრს შესაძლებლობას მოითხოვოს და მიიღოს არაქონებრივი ზიანის კომპენსაცია, რომელიც მიადგა ტყეს, მისი მცენარეული საფარის გარემოს მთლიანობის დარღვევის შედეგად.

ყოველივე ამის მიღწევა კი შეიძლება როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ისე იმ სახის საგადასახადო მანევრების გზით, რომლებიც სასარგებლო იქნება ტყის მცენარეული საფარის ექსპლუატაციით დაკავებული სუბიექტისთვისაც, კერძოდ მიგვაჩნია, რომ:

1).სასურველ გარემოზე უფლება, ამერიკის შეერთებული შტატების, ზოგიერთი შტატის მსგავსად, შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილების შეტანის გზით, გადატანილი იქნეს პირად ურთიერთობათა სფეროში.[4]რათა დაზარალებულს მიეცეს უფლება მოითხოვოს, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისთვის, როგორც ქონებრივი ისე მორალური ზიანის ანაზღაურება;

2)შვეიცარიის მსგავსად, ქართული კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 7.1 მუხლი, ვინაიდან ანიჭებს უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ტყის ექსპლუატაციის პროცესში მცენარეული საფარისათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის კომპენსირების მიზნით, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და შემოიღონ ადგილობრივი გადასახადები;

3) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გააქტიურება, ამ მიმართებით შესაძლებელია იმითაც, რომ მათ შემოიღონ პირობითად ე.წ. ,,პროგრესული გადასახადი[5];

4)წარმოდგენილი პოზიციის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ამგვარი გადასახადით დაბეგვრას შეიძლება დაექვემდებაროს როგორც მცირე ისე დიდი საწარმოები, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის და ამდენად მასზე არ ვრცელდება გარკვეული შეზრუდვების თაობაზე რეკომენდაციის შემცველი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის შემუშავებული მცირე საწარმოთა დებულება (Charter for Small Enterprises[6]). თანაც, ამ რეკომენდაციას ხშირად თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არ იცავენ ასე მაგ. შვედეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მცირე საწარმოებისათვის განსაკუთრებულ რეჟიმს, შესაბამისად, ყველა საწარმოს მიმართ მათი იურიდიული ფორმის, საქმიანობის ტიპის, ზომის ან ადგილმდებარეობის მიუხედავად ერთი და იგივე საგადასახადო რეჟიმი და საგადასახადო განაკვეთები გამოიყენება;[7]

6) ანალოგიურად, კარგი იქნება თუ საქართველო გამოიყენებს მცირე საწარმოებთან დაკავშირებით მთელ რიგ ქვეყნებში (ნიდერლანდებში, საფრანგეთში) აპრობირებულ საგადასახადო შეღავათების განსაკუთრებულ რეჟიმს და გაავრცელებს მათ ყველა იმ ინვესტორზეც, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ პროექტებს, რაც იწვევს ექსპლუატაციის პროცესში ტყის მცენარეული საფარისათვის ზიანის მიყენებას. კერძოდ, მათი შემოსავლები და მოგება საფრანგეთის მსგავსად (სადაც მცირე საწარმო სტანდარტული 33 %-ის მაგიერ მხოლოდ 19 პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს იხდის) საქართველოში ნაცვლად დღეს არსებული 20 %-ი და 15 %-ისა, კომპანია საურველია დაიბეგროს შესაბამისად 15 და 10 პროცენტიანი განაკვეთით, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ სახით დაზოგილი სახსრების მკაცრად განსაზღვრული ნაწილი გამოყენებული იქნება ტყის მცენარეული საფარის სარეაბილიტაციოდ;

7). ან/და, ნიდერლანდების მსგავსად საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ოდენობა შემცირდეს მაგ. ტყის მცენარეული საფარისთვის მიყენებული ზიანის აღსადგენად განხორციელებული ინვესტიციების სიდიდის მიხედვით;

8).გაზიარებული და ყოველმხრივ წახალისებული უნდა იქნეს ნიგერიის პრემიერ მინისტრის წამოწყება, რომელმაც 2019 წელს, 350 მილიონი ხის დარგვით მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დაიმსახურა და აშ.

დასკვნა

საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტად უნდა აიღოს ვალდებულება, ტყის ახალი მასივების გაშენებისა და არსებულის მაქსიმალურად შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დომინანტური უნდა გახდეს ტყის მცენარეული საფარისთვის მიყენებული ზიანის შეფასების ნატურალური სამართლებრივი ფორმა.

ამ მიზნით გამოყენებულ იქნეს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკული და საკანონმდებლო გამოცდილება. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები ნამდვილად იხარჯება მკაცრად განსაზღვრული მიზნობრიობით, აუცილებელია აქამდე არსებულისგან განსხვავებული, მათ შორის დამატებითი საზედამხედველო ფუნქციებით აღიჭურვოს ეკოლოგიური აუდიტის და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილების მქონე სუბიექტები. მთელ ამ პროცესში კი უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენლების ქმედითი მონაწილეობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.საქართველოს კონსტიტუცია

2.საქართველოს ტყის კოდექსი.

3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

4.,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია.

5.,,მდგრადი განვითარების სატყეო პრინციპების შესახებ“ გაეროს 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის დეკლარაცია.

6.. GLOBAL FOREST WATCH-ის მიერ მომზადებული ინტერაქტიული რუკა, (Http://www.globalforestwatch.org/map/);

7..Новицкий И. Б.” Римское Право,” Москва, Зерцало- М , 2002.

8.ოსაკე ქ., (მთარგმნელი თ. შოთაძე),,ანგლო-ამერიკულ სამართალში მორალური ზიანის ცნება, კლასიფიკაცია და ანაზღაურება“, თბილისი, 2015 წელი,

9.ხუნდაძე ტ, European-ge-სთვის, ,,პროგრესული გადასახადები და კეთილდღეობის სახელმწიფო დანიასა და ესპანეთში“. 2019 წ.

10.საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მომზადებული კვლევა სახელწოდებით ,,მცირე ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში (ავტორი-ავთანდილ ჩუთლაშვილი). 2006 წელი.

11.Трофимов В., Военная и Экологическая Безопасностъ, 1991, 78

12.გოცირიძე ლ, ,,დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბების მსოფლიო-ისტორიული პროცესი და საქართველოს რეალობა’’ (ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მაგალითზე). ჟურნალი ,,სატყეო მოამბე“. დეკემბერი, 2015 წელი, #10, გვ. 29.

13.ლომიძე ჯ., მონიავა თ. სატყეო საქმის ექსპერტიზა, ჟურნალი ,,სატყეო მოამბე“, 2015 წლის დეკემბერი, #10. გვ. 21-26.

14.Schroder H. ,,Tabuforschund als Aufgame interkultultureller Germanisti, Iahrbuch Deutsch als Fremdsprache, Bd.21 (1995), 15.

15.გვაზავა თ., ,,საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და განვითარების კომპლექსური ღონისძიებები,“ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,სატყეო მოამბე“, დეკემბერი, 2015 წელი, #10. გვ. 7-8.

16.ბითაძე მ. ,,ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების გავლენა ქართულ სამართალზე“. დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი. თბილისი. 2008 წელი.

17..ფიფია ს, ჯაიანი დ. ,,ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების შინაარსი საერთაშორისო სამართალსა და საქართველოს კონსტიტუციაში“. სტატიათა კრებული-ადამიანის უფლებათა დაცვა: კანონმდებლობა და პრაქტიკა. (რედაქტორი კონსტანტინე კორკელია), 2018 წელი, გვ. 270.

18.ჩუთლაშვილი ა., ,,მცირე ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში 2006 წელი,

[1] იხ. გაეროს 48-ე სესიაზე მისი გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს გალის ანგარიში, რომლის დასახელებაა ,,განვითარება და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა“, სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ,,განვითარებად ქვეყნებში ეკოლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება ხანგრძლივი განვითარების პრობლემები შეაფერხონ“.

[2] იხ. GLOBAL FOREST WATCH-ის მიერ მომზადებული ინტერაქტიული რუკა, რომელზეც ნათლად ჩანს საქართველოში წიაღის მრეწველობისა და განვითარების პროექტების შედეგად დაკარგული ტყის ფართობები, ასევე არამდგრადი ჭრისა და ძოვების შედეგად დეგრადირებული ტყეები. (Http://www.globalforestwatch.org/map/)

[3] Новицкий И. Б.” Римское Право,” Москва, Зерцало- М , 2002, СТ. 118

[4] ოსაკე ქ., (მთარგმნელი თ. შოთაძე),,ანგლო-ამერიკულ სამართალში მორალური ზიანის ცნება, კლასიფიკაცია და ანაზღაურება“, თბილისი, 2015 წელი, გვ. 7-15, 27-29, 30-34, 39-41, 66-69, 73, 87-98.

[5] ხუნდაძე ტ, European-ge-სთვის, ,,პროგრესული გადასახადები და კეთილდღეობის სახელმწიფო დანიასა და ესპანეთში“. 2019 წ. გვ. 3-4.

[6] კრიტერიუმები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით თუმცა, ევროკავშირის კომისიის 1996 წლის 3 აპრილის რეკომენდაციის თანახმად მცირე საწარმოებად მიჩნეული იყო შემდეგი პარამეტრის მქონე ფირმები: ა) საწარმო სადაც დასაქმებულია 50-ზე ნაკლები ადამიანი, ბ) ან აქვს წლიური ბრუნვა, რომელიც არ აღემატება 7 მილიონ ევროს, გ) ან გააჩნია წლიური ბალანსი, რომელიც არ აღემატება 5 მილიონ ევროს, ანდა აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის კრიტერიუმს.

2003 წლის 6 მაისს კი მოხდა ამ კრიტერიუმების გადასინჯვა და ამჟამად მცირე საწარმოდ ითვლება საწარმო, სადაც დასაქმებულია 10-დან 49-მდე ადამიანი, აქვს ბრუნვა 10 მილიონ ევრომდე წელიწადში, ან/და ბალანსი 10 მილიონ ევრომდე.

[7] იხ. იგივე კვლევა. გვ. 9.

The New Economist, N1-2 (2020), Vol 15, Issue 1.

axali ekonomisti kda stamba saboloo-page-0011111111111.jpg
Published Date:

02/07/2020