Logo

Small business challenges in Georgia in the conditions of the COVID-19 pandemic / მცირე ბიზნესის გამოწვევები საქართველოში COVID-19 პანდემიის პირობებში

Photo
Natia Terterashvili / ნათია ტერტერაშვილი

Doctoral student at TSU / თსუ-ს დოქტორანტი

Abstract

paper analyzes the effects of the COVID-19 pandemic on the Georgian economy, in particular, small business. Based on the analysis of state regulation instruments, parallels with the pandemic have been drawn.

The paper is mainly based on the database of the National Statistics Office of Georgia and the Revenue Service.

The article examines the impact of the pandemic on small businesses: based on changes in employment and turnover rates. The paper also discusses the role and importance of government decision-making in small business during the COVID Crisis.

The effectiveness of the policy pursued by the state is examined with the help of a survey of small entrepreneurial individuals; The study assesses the extent of the impact faced by individuals with small business status during a pandemic. It also identifies the challenges they will face after a pandemic.

The paper summarizes the main findings, identifies all the challenges the market are facing and also provides relevant recommendations for market participants.

ანოტაცია

ნაშრომში გაანალიზებულია COVID-19 პანდემიის ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე, კერძოდ, მცირე ბიზნესზე. სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტების ანალიზის საფუძველზე, გავლებულია პარალელები პანდემიასთან.ნაშრომი ძირითადად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზას.

სტატიაში გამოკვლეულია პანდემიის გავლენა მცირე ბიზნესზე: დასაქმებისა და ბრუნვის მოცულობის მაჩვენებლების ცვლილებებზე დაყრდნობით. ასევე, განხილულია სამთავრობო გადაწყვეტილების როლი და მნიშვნელობა მცირე ბიზნესში კოვიდ-კრიზისის პირობებში.

სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ქმედითუნარიანობა გამოკვლეულია მცირე მეწარმე ფიზიკური პირების ანკეტირების დახმარებით; კვლევის შედეგად შეფასებულია ზეგავლენის მასშტაბები, რომლებსაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები აწყდებიან პანდემიის დროს. ასევე, განსაზღვრულია ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ისინი დადგებიან პანდემიის შემდეგ.

სტატიაში დასკვნის სახით ჩამოყალიბებულია ძირითადი მიგნებები, გამოვლენილია გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ბაზარი, და ასევე, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები მასში მონაწილე მხარეებისთვის.

Keywords: COVID-19, Pandemic, Small business, Crisis, State regulations, entrepreneurial individuals / COVID-19, პანდემია, მცირე ბიზნესი, კრიზისი, სახელმწიფო რეგულაციები, მეწარმე ფიზიკური პირები.

შესავალი

სამეწარმეო სექტორი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა თანამედროვე სამყაროში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია. კვლევების თანახმად, ამ სექტორში მშპ-ს ყველაზე დიდი ნაწილი იწარმოება და სამეწარმეო სექტორის განვითარება პირდაპირ პროპორციულია ინოვაციების დანერგვის, დასაქმების, ბრუნვის მოცულობის, გამოშვების რაოდენობისა და სხვა მასთან დაკავშირებული მაჩვენებლების ზრდასთან.

აღნიშნულიდან გამოდინარე, აუცილებელია იმ პრობლემებისა და საფრთხეების დღის წესრიგში დაყენება და განხილვა, რომელსაც ვაწყდებით დღეს, პანდემიის გავრცელების შედეგად. 2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ვირუსი, სახელწოდებით COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ვირუსმა სწრაფად მოიცვა 200-ზე მეტი ქვეყანა და გლობალურ გამოწვევად იქცა.

ევროპაში პანდემიის გავლენის შესახებ ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობათა სახეებიდან, სამიდან მინიმუმ ორი, პანდემიის გამო იმყოფება რისკის ქვეშ (67%) ხოლო მიკროსაწარმოთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უდრის 30%-ს, ავსტრალიაში კი ეს რიცხვი, მცირე და საშუალო ბიზნესში საწარმოების - 68%-ს შეადგენს. [1, McCann F., Myers S. გვ. 12].

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბოლო კვლევის მიხედვით შეერთებულ შტატებში, 2020 წლის აპრილში დაკარგული 20 მილიონი სამუშაო ადგილიდან, 11 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე მოდის. ახალ ზელანდიაში მცირე ბიზნესში სამუშაო ადგილების 4% -იანი შემცირება მოხდა 2020 წლის მარტში და აპრილში [2].

გერმანიის კვლევითმა ინსტიტუტმა IFM შეიმუშავა ორი სცენარი მცირე და საშუალო საწარმოებზე კრიზისის გავლენის შესაფასებლად. იმ სცენარში, სადაც „ლოქდაუნი“ 2-2,5 თვეს გრძელდება, ეს მცირე და საშუალო ბიზნესის უმეტესობისთვის კრიზისს არ გამოიწვევს და არ მოახდენს საწარმოთა ლიკვიდაციას, თუმცა საცალო, კულტურულ და დასვენების ინდუსტრიებზე გავლენა შეიძლება დიდი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ „ლოქდაუნი“ გაგრძელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით მიკრო საწარმოებში, სამუშაოების მნიშვნელოვანი დანაკარგებია მოსალოდნელი, მათი პროგნოზით 850 000 – დან 1,6 მილიონამდეა შეფასებული ეს დანაკარგები [3].

2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით საქართველოში აღწერილია სულ 290 129 შემთხვევა, საიდანაც სამწუხაროდ, 3 900 გარდაცვლილია, ხოლო 278 385 გამოჯანმრთელებული [5]. ქვეყანაში დღემდე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. დახურული საწარმოები, დაკარგული სამუშაო ადგილები, შემცირებული საწარმოთა ბრუნვა, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და სხვა მაკროეკონომიკური კრიზისები მძიმე ეკონომიკურ სურათს ხატავს და აღნიშნული საკითხი მოითხოვს ღრმა კვლევას.

მცირე მეწარმეობის სტრუქტურა და დინამიკა COVID-19 პანდემიის პირობებში

საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაანალიზებლად განვიხილოთ იმ რაოდენობრივი მაჩვენებლების დინამიკა, რომლის საშუალებითაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განსაზღვრავს ბიზნესის კლასიფიკაციას [6].

დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება საწარმოთა ზომების მიხედვით საქართველოში, დიაგრამა 1-ის დახმარებით გავაანალიზოთ.

პანდემიამდე, 2019 წელს, დასაქმებულთა 64% მოდიოდა მცირე და საშუალო ბიზნესზე და 36% მსხვილ ბიზნესზე. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო 10 წლის მანძილზე დასაქამების მაჩვენებლები იზრდებოდა 2020 წლამდე ყველა პუნქტში (როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილ ბიზნესებში), ხოლო 2020 წელს ფიქსირდება პირველი მკვეთრი კლება დასაქმებულთა რაოდენობაში. თამამად შეგვიძლია ეს დიდი კლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და პანდემიის გავლენას დავუკავშიროთ. 2020 წლის მეორე კვარტლიდან ქვეყანაში ამოქმედდა სრული “ლოქდაუნი”, დაიკეტა უამრავი საწარმო და მათგან გამოთავისუფლებული კადრების რიცხვი დღითიდღე უფრო იზრდებოდა, დიაგრამა 1-ზე მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ვარდნით არის გამოხატული მრუდი. დასაქმების მაჩვენებლების ანალიზიდან ჩანს, რომ განსაკუთრებული ზიანი მიადგა მცირე და საშუალო საწარმოებს, მსხვილ საწარმოებთან შედარებით.

ცალკე განვიხილოთ მცირე საწარმოებში დასახმებულთა რიცხოვნობის ცვლილება წლების და 2020 წლის კვარტლების მიხედვით გრაფიკზე გამოსახული მრუდის დახმარებით.

ბოლო ოთხი კვარტლის მონაცემების ანალიზისას ვნახავთ, რომ სამთავრობო შეზღუდვებმა დიდი დაღი დაასვა მცირე ბიზნეს. ყველაზე უფრო კრიზისულ პერიოდში-მეორე კვარტალში, წინა წლის მაჩვენებლთნ შედარებით მცირე ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია თითქმის 33%-ით. იქიდან გამომდინარე რომ მატება არ გვაქვს არცერთ პუქტში დასაქმების კუთხით ( არც საშუალო და არც მსხვილი ბიზნესში), შესაბამისად შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ დასქამებულთა მობილობის შესაძლებლობა და ვთქვათ, რომ 2020 წელს პანდემიის შედეგად მცირე ბიზნესიდან გამოთავისუფლებული კადრების რიცხვი შეადგენდა 100 000 კაცზე მეტს. ჩვენი დემოგრაფიის პირობებში ვფიქრობთ, ეს მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ჩვენი აზრით აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას რიგი მხარდამჭერი ნაბიჯები რათა მოხდეს ამ სექტორის დიდი დოზით დახმარება.

2021 წლის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რიცხოვნობის შესანარჩუნებლად მთავრობამ დამსაქმებლებს მისცა შემდეგი სტიმული:

  • 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები, 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ. ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა: 33 ათას კომპანიას და 425 ათას დასაქმებულს. ბიუჯეტიკი 260 მლნ ლარი იყო.
  • მთავრობამ გამოყო 1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა 125 000 პირი. ბიუჯეტი კი 150 მლნ ლარი [4].

2020 წელს ბრუნვის მოცულობამ ბიზნეს სექტორში შეადგინა 1096038 მლნ ლარს, საიდანაც მცირე ბიზნესის ბრუნვა შეადგენდა 257110, საშუალო 189692 და მსხვილი ბიზნესი კი 649228 მლნ ლარს.

ცხრილი 1-ის მიხედვით 2019 წელს მცირე და საშუალო საწარმოების წილმა ბიზნესის სექტორის ბრუნვაში შეადგინა დაახლოებით 44,5%, ხოლო მსხვილი ბიზნესის წილმა კი 55,5%. 2020 წელს მსხვილი ბიზნესის ბრუნვის მოცულობის წილი იყო 55%, მცირე და საშუალო 45%. ცხრილიდან ვხედავთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მთლიანი ბრუნვის მოცულობა ზრდადი იყო ყოველ წელს წინა წელთან შედარებით, მართ შორის 2020 წელსაც, მაგრამ 2020 წელს მთლიანი ბრუნვის მოცულობის ზრდა გვქონდა მხოლოდ მსხილი საწარმოების ბრუნვის მოცულობის ზრდის ხარჯზე. შესაბამისად თუ ავაგებთ ზრდის ტემპების მრუდებს დავიანახავთ რამდენად დიდია მრუდის ვარდნა და რეალურად რამხელა შემცირებაა ამ კუთხითაც.

რაც შეეხება მცირე საწარმოების ბრუნვის მოცულობის ზრდის ტემპს, ბოლო 10 წლის მანძილზე მრუდი დადებითი მნიშვნელობებით ხასიათდება 2020 წლამდე. გრაფიკი 3-ზე წარმოდგენილია მცირე საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდის ტემპი, რომელიც გვიჩვენებს 6%-იან შემცირებას 2020 წელს.

ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ 2020 წლის მონაცემები კვარტლების მიხედვით, რომელიც გვიჩვენებს სამთავრობო შეზღუდვების ზეგავლენის ზომას, მცირე ბიზნესის განვითარებაზე.

მე-4 გრაფიკზე ზრდის ტემპი, მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით დაეცა 14,13 %-ით, რაც დაკავშირებულია მარტის თვვეში მთავრობის მიერ გამოცემულ საგანგებო მდგომარეობასთან. ხოლო შემდგომ კვარტალში, როდესაც მოიხსნა შეზღუდვები, საწარმოებმა განაახლეს მუშაობა დაიწყო ეკონომიკის სწრაფი გამოჯანსაღება მივიღეთ ზრდის ტემპის 40,90%-იანი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, შეგვიაძლია დავასკვნათ, თუ რაოდენ დიდია გავლენა ეკონომიკაზე, რომელიც მოყვება შეზრუდვების შემოღებას.

COVID-19 პანდემიის გავლენა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე

რა ზეგავლენას ახდენს ახალი კორონა ვირუსის გავრცელება, საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის სატატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობაზე და რა გამოწვევის წინაშე დგანან ისინი, საჭიროებს კვლევას.

კითხვარი, რომელიც შევიმუშავეთ, ემსახურება მცირე და მიკრო ბიზნეს სტატუსის მქონე ფიზიკური პირების გამოკითხვას. კვლევის მიზანია შევაფასოთ ზეგავლენის ის მასშტაბები, რომლებსაც აწყდებიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები პანდემიის დროს. ასევე, განვსაზღვროთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ისინი დადგებიან პანდემიის შემდეგ.

კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია ინტერნეტ გამოკითხვა, რომელიც განხორციელდა Drive.google.com პროგრამის და სოციალური ქსელების დახმარებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თითოეული ადამიანი კითხვებზე პასუხს სცემს გულახდილად და მასზე ზეგავლენის მოხდენა გამორიცხულია.

საკვლევი პოპულაცია და შერჩევის მოცულობა განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. დღევანდელი მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია 120 000 მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი [7].

განისაზღვრა საკვლევი პოპულაციიდან მინიმალური შერჩევის ზომა, რომელიც ზემოაღნიშნული საკვლევი პოპულაციიდან მინიმუმი შერჩევის ზომა არის 384 შემთხვევა, 95% ნდობის დონის და +/- 5% ნდობის ინტერვალის მიხედვით, რაც აღიარებულია ბიზნეს სფეროში მოღვაწე მკვლევარების მიერ. შერჩევის მეთოდიად გამოყენბულია მარტივი შემთხვევითი შერჩევა, რაც საშუალებას გვაძლევს კვლევის შედეგების გენერიზება მოვახდინოთ მთლიანად მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე.

გამოკითხულთა პასუხების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ , რომ:

  1. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მცირე (1 წელზე ნაკლები), ისე დიდი გამოცდილების მქონე მეწარმე ფიზუკურმა პირებმა.
  2. საქმიანობის სახეებიდან გამოკითხულთა უმეტესობა (31,4%) წარმოადგენდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ მეწარმე პირებს. ხოლო შემდეგ მოდის სასტუმროები და რესტორნები (23,5%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13,7%) და სხვა სახის მოსახურება (17,6%) .
  3. კვევაში მონაწილეობა თითქმის ერთნაირი რაოდენობით მიიღეს მიკრო და მცირე ბიზნესის წარმოდგენლებმა.

რაც შეეხება შემდეგ კითხვებს და გამოკითხულთა პასუხებს, განვიხილოთ თანმიმდევრობით:

კითხვაზე - „როგორ აისახა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები თქვენს საქმიანობაზე?’’

გამოკითხულ მეწარმთა უმრავლესობა - 51% აცხადებს, რომ შეუმცირდათ საქმიანობის მაშტაბები, 17,6% ამბობს, რომ შეძლო საქმინობის მასშტაბების მეტნაკებად შენარჩუნება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით, გამოკითხულთა 15,7% -ს კი მოუწია საქმიანობის დროებით შეჩერება. მხოლოდ 7,8% აცხადებს, რომ თავისი საქმიანობდან გამომდინარე გაზარდა საქმიანობის მასშტაბები. როგორც ვხედავთ საერთო სურათი საკმაოდ მძიმეა და გამოკითხულთა უმრავლესობა საუბრობს საქმიანობის მასშტაბების შემცირებზე.

რაც შეეხება სხვადასხვა ფაქტორების გავლენის შეფასებას, მათ საქმიანობაზე, როგორც გრაფიკ 5-ზე ვხედავთ შემდეგი მნიშვნელობით დალაგდა:

  1. ლარის მკვეთრი გაუფასურება;
  2. დაწესებული შეზღუდვებით დანახარჯების ზრდა;
  3. დაწესებული შეზღუდვებით მოთხოვნის შემცირება;
  4. დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში;
  5. ვადაგადაცილებული ვალდებულებებით გამოწვეული პრობლემები.

საქმიანობის მასსტაბების შემცირებიდან გამომდინარე გამოკითხულ მეწარმეთა 27,5%-მა მიმართა ფინანსურ ინსტიტუტებს პრობლემის მოსაგვარებლად,

მათგან 11,8%-ს უარი ეთქვა ფინანსური რესურსის გამოყოფაზე, 7,8%-მა მოიპოვა ფინანსური დახმარება ხოლო დანარჩენ 7,9% ჯერ კდევ ელოდება პასუხს ფინანსური ინსტიტუტისგან.

გამოკითხულთა 70,6%-ს არ უსარგებლია მთავრობის მიერ შეთავაზებული მხარდამჭერი პროგრამით,

რადგან აქედან 27,5%-სთვის მიზეზი იყო ბიუროკრატიული ბარიერები, ხოლო 43,1% აცხადებს, რომ პროგრამა არ შეხებია მის ბიზნესს, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამით ისარგებლა ჩვენი გამოკითულთა მხოლოდ 29,4%-მა.

ხოლო იმ 29,4%-დან, ვინც მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაში, 39% სრულიად უკმაყოფილოა. 17% ნაწილობრივ უკმაყოფილო და მხოლოდ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულთა 8% აფასებს მთავრობის ქმედებას სრულიად დამაკმაყოფილებლად.

კვლევაში მონაწილე 43,1% ფიქრობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ რაოდენობრივი მაჩვენებლების საწყის ნიშნულამდე დაბრუნებას დიდი დრო დასჭრდება, 35,3% კი ოპტიმისტურ პროგნოზს გვთავაზობს და ფიქრობს, რომ ბაზარი სწრაფად შეძლებს გამოჯანსაღებას და ძველ მაჩვენებლებს დაუბრუდება.

დასკვნა

პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია მცირე ბიზნესის ფუნქციონირების მაჩვებლებზე, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში. მდგომარეობა ყველგან გაუარესდა.

საქართველოში:

  • მცირე საწარმოებში დასაქმებულმა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი 2020 წლის მარტსა და აპრილში;
  • მცირე საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდის ტემპში შემცირება იყო 6%;
  • არსებითი იყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები, რამაც სტიმული მისცა დამსაქმებლებს შეენარჩუნებინა კადრები.

თითქმის ყველა მეცნიერი უმუშევრობის პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად მიჩნევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენი აზრით აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას რიგი მხარდამჭერი ნაბიჯები, რათა მოხდეს ამ სექტორის დიდი დოზით დახმარება. მართალია, 2021 წლის ანტიკრიზისული გეგმით, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რიცხოვნობის შესანარჩუნებლად მთავრობამ მისცა სტიმული დამსაქმებლებს, რომ შეენარჩუნებინათ კადრები, მაგრამ კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ეს არ იყო საკმარისი.

ჩვენი რეკომენდაციით, სახელმწიფომ უშუალოდ მცირე ბიზნესზე მიმართულ პროგრამებთან ერთად უნდა იზრუნოს ზოგადი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე. კერძოდ, ლარის გაუფასურების შეჩერება, დაწესებული შეძღუდვებით გამოწვეული მოთხოვნის შემცირება, დაწესებული შეძღუდვებით გამოწვეული ჩავარდნები მიწოდების ჯაჭვში, დიდ დარტყმას აყენებს მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების სამეწარმეო საქმიანობას.

References

  1. McCann F., Myers S. , “COVID-19 and the transmission of shocks through domestic supply chains”, Central Bank of Ireland, April 2020, N3, pg. 11-12.
  2. https://www.oecd.org/coronavirus/policyresponses/coronavirus-covid-19-sme-policy-responses-04440101/ bolo gadamowmebis TariRi - 01/03/2021
  3. (OECD) - https://www.oecd.org/coronavirus/policy-responses/coronavirus-covid-19-sme-policyresponses-04440101/?fbclid=IwAR3lEnClqQM5SRF dm-YlUNv-g0nflVkwfxvLM9NFIRqA8Ql0_LKZwBeNvAE - bolo gadamowmebis TariRi - 01/03/2021
  4. http://gov.ge/print.php?gg=1&sec_id=288&info_id=77894&lang_id=GEO -bolo gadamowmebis TariRi - 01/03/2021
  5. https://stopcov.ge/-bolo gadamowmebis TariRi - 01/03/2021
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva - bolo gadamowmebis TariRi -01/03/2021
  7. http://rs.ge/ - bolo gadamowmebis TariRi - 09.02.2021

The New Economist N1, (2021), Vol 16, Issue 1

1-2021-01.jpg
Published Date:

11/04/2021