Logo

Reasons Hindering Enterprise Development and Internationalization and the Ways for their Elimination in Georgia / საქართველოში საწარმოების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემშლელი მიზეზები და მათი გადაჭრის გზები

eka.jpg
Ekaterine Gigolashvili / ეკატერინე გიგოლაშვილი

PhD student for the 2nd year of Georgian Technical University / სტუ-ს მე-2 კურსის დოქტორანტი

Abstract

In the work we have analyzed reason-factors impeding the development and internationalization of small and medium enterprises in Georgia. Based on both statistics and new and old technologies, we have characterized private sector, product production and employment according to the size of enterprises. We have also discussed registered and active entrepreneur entities, regions, types of activities and organizational-legal forms.

We have made suggestions and recommendations for Small and Medium Enterprise development and internationalization.

Keywords: small and medium enterprises, annual turnover; employment; product production; GDP/ მცირე და საშუალო საწარმო; წლიური ბრუნვა; დასაქმება; პროდუქციის გამოშვება; მთლიანი შიდა პროდუქტი.

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომში, გაანალიზებულია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემშლელი მიზეზ-ფაქტორები; ამ უკანასკნელთა გამოვლენისათვის, ახალი და ძველი მეთოდოლოგიით, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დახასიათებულია კერძო სექტორი, წლლიური ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება და დასაქმება საწარმოთა ზომის მიხედვით, ასევე, რეგისტრირებული და აქტიური მეწარმე სუბიექტები, რეგიონების, საქმიანობის სახეებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით. შემოთავაზებულია საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის წინადადებები და რეკომენდაციები.

თანამედროვე საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონის, მძიმე სოციალური ფონის, კატასტროფული შემოსავლებრივი უთანაბრობის ანუ მოსახლეობის ცხოვრების დაბალი დონისა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ორიენტირებული საქართველოს დიდი ეკონომიკური ჩამორჩენის უმთავრესი მიზეზი მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშემშლელი მიზეზ-ფაქტორები და მათი აღმოფხვრის გზების ჯეროვანი მეცნიერული შეუსწავლელობაა.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ახალი მეთოდოლოგიით განსაზღვრული მცირე და საშუალო საწარმოების არსებული მდგომარეობისა და დინამიკის ღრმა და სისტემური ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი იქნას განვითარების შემაფერხებელი მიზეზ-ფაქტორები და შემუშავდეს მათი აღმოფხვრის გზები და მიმართულებები.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გავარკვიოთ - როგორ გამოიყურება ძველი მეთოდოლოგიით სხვადასხვა ზომის საწარმოთა წილი საწარმოთა მთლიან რაოდენობაში, პროდუქციის საერთო გამოშვებაში და დასაქმებში. ასევე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, დინამიკაში რა გავლენა მოახდინა ახალმა მეთოდოლოგიამ თითოეულის წილის ცვალებადობაზე. ცნობილია, რომ 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდა „საქსტატის“ მიერ საწარმოთა კლასიფიკაცია ახალი მეთოდოლოგიით. ეს მეთოდოლოგია ევროსტანარტებთან არის შესაბამისობაში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების წილი მთლიანად საწარმოთა რაოდენობაში, პროდუქციის საერთო გამოშვებაში და დასაქმებში. ასე მაგალითად, სტატისტიკის ძველი მეთოდოლოგიით საწარმოთა 95% იყო მცირე და საშუალო, 5% (ანუ 5780) კი მსხვილი. მცირე და საშუალო საწარმოების წილი ბიზნეს-სექტორის ბრუნვაში შეადგენდა 18%-ს, ხოლო მსხვილი საწარმოებისა-82%-ს. მცირე და საშუალო სექტორში შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი იყო დასაქმებული.

ახალი მეთოდოლოგიით 2018 წლის მონაცემებით, საწარმოთა 99,7% არის მცირე და საშუალო, ხოლო 0,3% (ანუ 526 საწარმო) მსხვილი. მცირე და საშუალო საწარმოების წილმა ბიზნეს-სექტორის ბრუნვაში შეადგინა დაახლოებით 59.1%, ხოლო მსხვილი ბიზნესის წილმა-40.9%. დასაქმებულთა 64% მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე და 36% მსხვილ საწარმოებზე. მცირე ბიზნესის დომინირება ეკონომიკაში უნდა აიხსნას იმით, რომ არ საჭიროებს დიდ კაპიტალსა და სხვა ეკონომიკურ რესურსებს [1]. ანალოგიური მაჩვენებლები ევროკავშირში შემდეგნაირად გამოიყურება: მსბ-ი მთლიანი ბიზნესის 99,8 პროცენტს შეადგენს, მათზე მოდის დასაქმებულთა 67 პროცენტი და გამოშვების დაახლოებით 58 პროცენტი [4].

ზემოთ მოხმობილი სტატისტიკური მონაცემები მეტყველებენ იმაზე, რომ, ჯერ ერთი, საქართველომ ამ ეტაპზე, ეკონომიკის ოპტიმალური წონასწორობისაკენ სწრაფვისას, გადაწყვიტა უმთავრესი ამოცანა-უზრუნველყო მცირე საწარმოების რაოდენობის ზრდა კრიტიკულ დონეზე ზევით. ვინაიდან, მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, კრიტიკული დონის გადამეტება ხდება მაშინ, როდესაც ოფიციალურად დარეგისტრირებული მცირე ბიზნესი უზრუნველყოფს ოფიციალურად რეგისტრირებული მშპ-ის 40%-ს[5]. ეს, ჯერ ერთი, ნიშნავს იმას, რომ მცირე ბიზნესი გადადის სახელმწიფო ეკონომიკის რანგში, ანუ მეწარმეები გაცილებით ძლიერები ხდებიან. და მეორე, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პარამეტრები დაუახლოვდა ევროკავშირისას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ არჩეული სტრატეგიული კურსის განხორციელებისთვის. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, წლიური ბრუნვის ჯამური მაჩვენებელი საწარმოთა ზომის მიხედვით კლასიფიკაციის ერთ-ერთი კრიტერიუმია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესოა როგორ გამოიყურება ახალი მეთოდოლოგიით საწარმოთა ზომის მიხედვით ბრუნვა დინამიკაში.

მოხმობილი №1 ცხრილიდან გამომდინარე, 2007-2018 წლებში ახალი მეთოდოლოგიით საწარმოთა საშუალო წლიური ბრუნვის ჯამური მაჩვენებელი გაიზარდა 487%-ით (17.544.4-დან 85.500.0 მლრდ. ლარამდე). ამასთან გაზრდილია, როგორც მსხვილი (471%-ით. 7,423.7-დან 34,969.0 მლრდ. ლარამდე) საშუალო (403%-ით. 5,259.3-დან 21,223.0 მლრდ. ლარამდე), ისე მცირე ზომის საწარმოების (602%-ით.4,861.4-დან 29,308.0 მლრდ. ლარამდე) წლიური ბრუნვაც. ხაზგსასმელია ისიც, რომ მცირე და საშუალო საწარმოების ჯამური ბრუნვის წილმა ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით პირველად გადაამეტა საანალიზო პერიოდში 2007 წლის ზრდის მაჩვენებელს (58%-ს) და შეადგინა 59.1%. ეს მაშინ, როცა ძველი მეთოდოლოგიით აღნიშნული მაჩვენებელი 18%-ს არ აღემატებოდა.

საწარმოთა ზომის მიხედვით ბრუნვა მლრდ ლარი 2007-2018 წლებში ახალი მეთოდოლოგიით

ცხრილი №1

წელი

სულ

მსხვილი

%

საშუალო

მცირე

მცირე და საშუალო

%

2007

17,544.4

7,423.7

42%

5,259.3

4,861.4

10,120.7

58%

2008

19,650.7

9,550.9

49%

5,365.2

4,734.7

10,099.9

51%

2009

20,302.2

8,869.0

44%

5,563.1

5,870.1

11,433.2

56%

2010

24,400.7

11,703.2

48%

5,969.5

6,728.0

12,697.5

52 %

2011

36,726.2

15,752.3

43%

8,172.7

12,801.0

20,973.7

57%

2012

42,048.0

18,577.9

44%

9,971.0

13,499.2

23,4770.2

56%

2013

44,327.9

18,596.2

42%

19,362.8

15,368.9

25,731.7

58 %

2014

50,064.7

21,278.3

43%

11,477.8

17,308.6

28,786.4

57 %

2015

56,984.8

24,671.6

43%

13,294.6

19,018.7

32,313.3

57 %

2016

64,081.8

28,256.3

44%

14,039.1

21,786.4

35,825.5

56 %

2017

71,740.1

32,201.1

45%

16,568.3

22,970.7

39,539.0

55.1 %

2018

85,500.0

34,969.0

40.9.%

21,223.0

29,308.0

50,531.0

59.1

ზრდა

487%

471%

403%

602%

497%

წყარო: ბიზნესის რეგისტრი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - www. geostat.ge

ამრიგად, ახალმა განსაზღვრებამ და მეთოდოლოგიამ სახელმწიფოს შესაძლებლობა მისცა შეექმნა უფრო რეალისტური წარმოდგენა მსხვილი საწარმოების წილის შესახებ საქართველოს ეკონომიკაში. თუ რეალობას ახალი განსაზღვრების ფონზე შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ ქვეყანაში მხოლოდ 526 მსხვილი საწარმოა, ეს მაშინ, როცა წინათ მათი რაოდენობა 5,780 იყო. ძველი განმარტებით და მეთოდოლოგიით, 2017 წელს მსხვილ საწარმოებზე მოდიოდა მთლიანი ბრუნვის 82% და შექმნილი ღირებულების 78%. ახალი განსაზღვრებითა და მეთოდოლოგიით კი მათი წილი ბრუნვაში არის 44%, ხოლო შექმნილ ღირებულებაში - 42%.

თანამედროვე საქართველოს ბიზნეს-სექტორის ანალიზისა და დინამიკის ობიექტური შეფასებისთავის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია რეგისტრირებულ და აქტიურ ბიზნეს სუბიეტების რაოდენობის შესახებ, ასევე, ის თუ თითოეულში რა წილით არის წარმოდგენილი საქართველოს კანონით განსაზღვრული თითოეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (იხ. ცხრილი № 2)

ცხრილი № 2

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით

1 თებერვალი 2019

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

რეგისტრირებული
სუბიექტი

აქტიური
სუბიექტი

სულ

726 449

180 618

კომერციული იურიდიული პირები

254 445

76 212

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს)

2 759

231

კომანდიტური საზოგადოება

188

21

შეზღუდული პასუხისმგებლო­ბის საზოგადოება (შპს)

243 659

74 856

სააქციო საზოგადოება

2 578

876

კოოპერატივი

5 261

228

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

26 785

3 716

ინდივიდუალური მეწარმე

433 689

96 866

სხვა

8 460

1 417

საჯარო სამართლის სუბიექტები

3 070

2 407

წყარო: ბიზნესის რეგისტრი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - www. geostat.ge

№ 2 ცხრილიდან გამომდინარე, 2019 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 726 449 ბიზნეს-სუბიექტი, თუმცა, მათგან 180 618-ია აქტიური, ანუ რეალურად მხოლოდ 25% ფუნქციონირებს. ასეთი უარყოფითი სტატისტიკა უნდა აიხსნას იმით, რომ საქართველოში ამჟამად ბიზნესის წამოწყება ბევრად იოლია, ვიდრე პროფესიის მიხედვით სამუშაო ძალის გაქირავება და დასაქმება. ეს განაპირობა იმან, რომ ბოლო დროს ბიზნესის რეგისტრირება ერთობ გამარტივდა და მოხდა მისი ელექტრონულ რეჟიმში გადაყვანა. ამან შესამჩნევად გაზარდა ბიზნესის წამომწყებთა რაოდენობრივი მაჩვენებლი, მაგრამ ამავდროულად ხელი შეუწყო ბიზნესში ბევრი შემთხვევით ადამიანის მოსვლას, რომელსაც მოგების მიღების სურვილი კი აქვს, მაგრამ ბიზნესის მომგებიანი გაძღოლის ელემეტარული ცოდნა არ გააჩნია. ამის გამოა, რომ ახალი ფირმების თითქმის 70% იხურება ერთი წლის განმავლობაში. ამ ფონზე მოსახლეობაში ბიზნეს ცოდნის გავრცელება ერთობ აქტუალურია. უარყოფითი სტატისტიკის შემდეგი მიზეზია ის, რომ მეწარმეები ზოგჯერ მიმართავენ ეშმაკურ ხერხს, რეგისტრაციაში ატარებენ რამდენიმე კომპანიას, რათა არ გადაიხადონ დღგ. უარყოფითი სტატისტიკის კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ საქართველოში გაკოტრების საქმეთა მართვის პროცედურა ერთობ გართულებულია. გაკოტრების პროცედურას 225 დღე სჭირდება. ჩვეულებრივ, საწარმოს ლიკვიდაცია საგადასახდო სამსახურის გარეშე არ ხდება, რომელიც ობიექტზე შედის 225-ე დღეს. არავინ იცის საგადასახადო „თავისი ვიზიტისას“ რა ნაკლს, რა ხარვეზს აღმოაჩენს. ამიტომ შეშინებული კომპანიები საერთოდ თავს ანებებენ გაკოტრების პროცედურას და რჩებიან რეგისტრირებულ საწარმოდ, რაზეც მათ არანაირი სანქცია არ ეკისრებათ. შედეგად ვღებულობთ იმას, რომ რეგისტრირებული მთლიანი საწარმოებიდან მხოლოდ 25%-ია აქტიური. ხაზგასასმელია, რომ ბიზნესის დახურვისა და გაკოტრების საქმეთა ინდიკატორით საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში 190 ქვეყნიდან 64-ე ადგილზეა[2].

ამგვარად, დღეს საქართველოში ბიზნესის გახსნა ძალიან მარტივია და ეს შესაძლებელია რამდენიმე საათის განმვალობაში, მაგრამ ბიზნესის დახურვა რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რომელიც დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს. შესაბამისად, ეს არის ბარიერები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ერთი ბიზნესიდან მეორე ბიზნესში გადასვლა სურს. რთული პროცედურებია გაკოტრების გამოცხადების შემთხვევაშიც, რაც ასევე კომპანიების გაკოტრების საქმეთა მართვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.

საანალიზო ცხრილით საქართველოში მეწარმეობის ორგანიზაციულ ფორმებს შორის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია ინდივიდუალური მეწარმე (იმ), რომლის წილი საერთო რაოდენობაში 53.6%-აღწევს. თანაც ეს ციფრი დინამიკაში ყოველწლიურად ზრდადია და არა კლებადი. ეს უნდა აიხსნას იმით, რომ (იმ)-ის ფორმით საქმის დაწყება: მარტივია, არ არის საჭირო წესდება და სხვა იურიდიული დოკუმენტების შედგენა; სრულიად დამოუკიდებელია საქმიანობის განხორციელების პროცესში; მთელი მოგება მფლობელს ეკუთვნის. პოპულარობით შემდეგია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). საშუალო ზომის საწარმოთა უმეტესობა რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლიბის საზოგადოება (დაახლოებით 41.4%). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების უპირატესობებია: მესაკუთრეების პასუხისმგებლობა შეზღუდულია მათი შენატანებით. მათი სხვა ქონება ხელშეუხებელია; კლიენტებისთვის და პარტნიორებისთვის უფრო სანდოა, ვიდრე „ინდმეწარმე”; უფრო ადვილად შეუძლია საბანკო კრედიტის აღება, ვიდრე „ინდმეწარმეს”; ფირმის ფუნქციონირების ხარჯები ნაკლებია, ვიდრე „სააქციო საზოგადოების” შემთხვევაში. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. 0.48%-იანი წილით მესამე ადგილზეა სააქციო საზოგადოება (სს). შემდეგ, 0. 13%-იანი წილით მოდის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს). ხაზგასასმელია, რომ (იმ) არის ფიზიკური, ხოლო (შპს) იურიდიული პირი. (იმ) წარმოადგენენ მცირე საწარმოებს, ხოლო (სს) წარმოადგენენ მსხვილ საწარმოებს. კომერციული იურიდიული პირების წილი შეადგენს 42%-ს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული სუბიექტების - 2.0%-ს.

არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ყველაზე მსხვილ 50 კომპანიას შორის მხოლოდ 8 მწარმოებელია, 10 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის მხოლოდ ერთია მწარმოებელი, 3 ტოტალიზატორი, დანარჩენი იმპორტიორი [3]. მოკლედ, მსხვილი საწარმოთაგან უმრავლესობა იმპორტზე მომუშავე საწარმოები და კაზინოებია. მათგან უმნიშვნელოა გადამამუშავებელი სამრეწველო საწარმოები. ამიტომ მათი რეინვესტირებული მოგების გადასახადისაგან განთავისუფლება ნიშნავს იმპორტის ზრდის ხელშეწყობას, ანუ მომხმარებლური ეკონომიკის წახალისებას. ჩვენი აზრით, ესტონური მოდელისადმი საჭირო იყო სელექციური მიდგომა, ანუ რეინვესტირებული მოგების გადასახადისაგან უნდა განთავისუფებულიყო არა ყველა მსხვილი, არამედ მხოლოდ ექსპორტზე მომუშავე და ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხვილი საწარმოების 80% შპს-ა, რაც ხელს უშლის კაპიტალის ბაზრის განვითარებას, სადაც ბანკების გარდა ჩაერთვება ბიზნესიც და მოსახლეობაც.

განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მსხვილი წარმოება არ უპირისპირდება მცირეს. განვითარებულ ქვეყნებში პრევალირებს მსხვილი და მცირე საწარმოების კოოპერირების პრინციპი, ამასთან მსხვილი გაერთიანებები კი არ წნეხავენ მცირეს, არამედ ერთმანეთს ავსებენ, განსაკუთრებით ცალკეული საწარმოების სპეციალიზაციის სფეროში და ინოვაციურ საქმიანობაში. მაგალითად, აშშ-ი 10 ტექნოლოგიური იდეიდან 9 იბადება მცირე საწარმოში. თუ მსხვილი ბიზნესი მასშტაბის ეფექტით ხელს უწყობს საერთო ეფექტიანობის ამაღლებას, მცირე ბიზნესი, კლიენტებთან უშუალო კონტაქტიდან გამომდინარე, მეურნეობას ანიჭებს მოქნილობას, მობილურობასა და უნარს სწრაფად განახორციელოს სტრუქტურული და ტექნიკური გარდაქმნები, რათა მოერგოს მუდმივად ცვალებად საბაზრო გარემოს.

საწარმოთა ზომის მიხედვით ბრუნვასთან და ორგანიზაციულ ფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება გამოშვებული პროდუქცის, დასაქმებულთა რაოდენობის და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების დინამიკა 2016-2019წლებში (იხ.ცხრილი № 3)

ცხრილი № 3

საწარმოთა დეკლარირებული მონაცემები

2016

2017

2018

1

2018

2

2018

3

2018

4

2019

1

ბრუნვა, მილიარდი ლარი

64.1

71.7

18.0

19.9

21.8

25.8

22.9

გამოშვებული პროდუქცია,
მილიარდი ლარი

34.2

38.2

8.7

10.0

10.7

11.5

9.5

დამატებული ღირებულება,
მილიარდი ლარი

16.8

19.0

შუალედური მოხმარება,
მილიარდი ლარი

17.4

17.4

...

...

...

...

...

ფიქსირებული აქტივები,
მილიარდი ლარი

28.2

34.9

...

...

...

...

...

დასაქმებულთა რაოდენობა,
ათასი კაცი

666.8

708.2

637.0

656.5

665.5

684.5

663.8

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება, ლარი

938.3

1 019.7

1 106.4

1 150.4

1 186.7

1 318.7

1 151.9

წყარო: ბიზნესის რეგისტრი საწარმოთა დეკლარირებული მონაცემები;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - www. geostat.ge

№ 3 ცხრილის მიხედვით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს შეადგენდა 64.1 მილიარდ ლარს, ხოლო 2018 წელს გაიზარდა 85.5 მილიარდ ლარამდე; გამოშვებული პროდუქცია 2017 წელს ტოლი იყო 38.2 მილიარდი ლარის, 2018 წელს გაიზარდა 40.9 მილიარდ ლარამდე, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 2017 წელს შეადგენდა 666.8 ათას კაცს, 2018 წელს კი გაუტოლდა 684.5 ათას კაცს.

ხაზგასასმელია, რომ საანალიზო მაჩვენებლები ზრდის ტენდენციით ხასიათდებიან 2019 წლის პირველ კვარტალშიც. კერძოდ, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 54.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9 პროცენტი. 2019 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 663.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.2 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.3 პროცენტი ქალია, ხოლო 57.7 პროცენტი - კაცი. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 183.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტი). 2019 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 151.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 45.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 934.2 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 93.1 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 205.6 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 291.2 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 017.0ლარი [1].

თანამედროვე საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებს მისი ასიმეტრიული განვითარება რეგიონულ ჭრილში (იხ. ცხრილი № 4)

ცხრილი № 4

ბიზნესის რეგისტრი რეგიონების მიხედვით

(1 თებერვალი 2019)

რეგიონები

რეგისტრირებული
სუბიექტი

აქტიური
სუბიექტი

სულ

726 449

180 618

ქ. თბილისი

318 439

76 738

აფხაზეთის ა.რ.

163

12

აჭარის ა.რ.

63 755

18 179

გურია

17 516

4 718

იმერეთი

98 831

24 425

კახეთი

44 616

11 080

მცხეთა-მთიანეთი

13 488

3 234

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

6 102

1 312

სამეგრელო-ზემო სვანეთი

56 113

13 153

სამცხე-ჯავახეთი

21 759

5 473

ქვემო ქართლი

53 821

13 557

შიდა ქართლი

31 846

8 737

წყარო: ბიზნესის რეგისტრი რეგიონების მიხედვით მიხედვით;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - www. geostat.ge

როგორც ცხრილიდან ჩანს, რეგისტრირებული საწარმოთა უდიდესი ნაწილი რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო-სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. რაც შეეხება ახლად რეგისტრირებულ საწარმოებს, აქაც ანალოგიური ტენდენციები ფიქსირდება ისევე როგორც მთლიანი რეგისტრაციის მაჩვენებლების შემთხვევაში. წარმოადგენილი ციფრები ნათელყოფენ იმ მნიშვნელოვან უთანაბრობებს, რაც დამახასიათებელია რეგისტრირებულ საწარმოთა რეგიონული გადანაწილების კუთხით საქართველოში: თბილისში რეგისტრიებულია საწარმოების დაახლოებით 46%. ამ მაჩვენებლით თბილისი უპირობო ლიდერია ქვეყნის მასშტაბით და იგი მანიშნებელია იმ დომინინტური როლისა, რაც დედაქალაქს გააჩნია ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაში. 2019 წელს აქტიური საწარმოების რიცხვი 180 618-ს უდრიდა რომელთა 96% მსს-ზე მოდიოდა. რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 77.4 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 6.0 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.1 პროცენტი, იმერეთი – 3.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.6 პროცენტი. რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 65.1 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.4 პროცენტი, ქვემო ქართლი – 9.2 პროცენტი, იმერეთი – 5.0 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 64.6 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.9 პროცენტი, იმერეთი – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.5 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0 პროცენტი. ზემოთ მოხმობილი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ არათანაბარი რეგიონალური განვითარება საქართველოს ეკონომიკისათვის დამახასიათებელი პრობლემაა. ანალოგიური ტენდენციები გვხვდება მცირე ბიზნესის სექტორშიც, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მსხვილ მასშტაბებს იძენს და მატულობს სხვაობები ლიდერ და ჩამორჩენილ რეგიონებს შორის. შესაბამისად, შეინიშნება სულ უფრო მზარდი სხვაობები პოტენციურ „ზრდის პოლუსებს“(თბილისი, აჭარა, ა.შ.) და “სტაგნაციურ ეკონომიკურ სივრცეებს” (რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო-სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი) შორის. ჩვენი აზრით ამას ხელი შეუწყო ნაცმოძრაობის მიერ განხორციელებულმა არასწორმა ლიბერალურმა და აგრარულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომლის მიხედევით მცირე ბიზნესი და სოფლის მეუნეობა თავისით, სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა განვითარებულიყო. ფაქტობრივად მივიღეთ ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა, სადაც საქართველოს ეკონომიკის 2/3 არის კონცენტრირებული რამდენიმე ქალაქში.

ჩვენი აზრით, რეგინულ ჭრილში ბიზნესის ასიმეტრიულობის დაძლევისათვის, უწინარეს ყოვლისა, უნდა დაიმსხვრეს სტერეოტიპი, რომლის მიხედვით სოფლის ქვეშ მოიაზრება მხოლოდ სოფლის მეურნეობის ეკონომიკა. სოფელში, რეგიონში ხელი უნდა შეეწყოს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ ყველა იმ საწარმოო, თუ არასაწარმოო დარგის ეკონომიკის განვითარებას, რომლის პოტენციალიც არსებობს, რათა ადგილზე დასაქმდეს სამუშაო ძალა და შეიზღუდოს შიდა და გარე მიგრაცია თავისი უარყოფითი ეფექტებით. სწორედ ამიტომ რეგიონებში, სადაც ბიზნესის წარმოებისათვის არახელსაყრელი, ანუ არაკომფორტული ბიზნეს-გარემოა სახელმწიფოს მხრიდან უპირატესი ხელშეწყობის ღონისძიებებია საჭირო, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ბიზნესის წარმოების აპეტიტი გაეხსნას, განხორციელდეს მეწარმეობის სიმეტრიული განვითარება და გარკვეულად შერბილდეს ეკონომიკური განვითარების დონეთა უთანაბრობა.

თანამედრივე საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებს მისი ასიმეტრიული განვითარება დარგობრივ ჭრილში (იხ. ცხრილი №5 )

ცხრილი №5

ბიზნესი საქმიანობის სახეების მიხედვით

1 თებერვალი 2019 წ

საქმიანობის სახე

რეგისტრირებული
სუბიექტი

აქტიური
სუბიექტი

სულ

726 449

180 618

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა

6 884

1 537

თევზჭერა, მეთევზეობა

386

102

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1 569

739

დამამუშავებელი მრეწველობა

31 569

12 526

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

482

137

მშენებლობა

18 175

7 472

ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

138 172

61 571

სასტუმროები და რესტორნები

14 446

6 521

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

20 002

9 859

საფინანსო საქმიანობა

4 313

2 035

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა

28 168

14 318

სახელმწიფო მმართველობა

1 829

407

განათლება

6 805

4 290

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება

5 680

2 987

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

19 844

5 499

საქმიანობა უცნობია

428 125

50 618

წყარო: ბიზნესის რეგისტრი საქმიანობის სახეების მიხედვით; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - www. geostat.ge

მოხმობილი ცხრილიდან გამომდინარე, საქართველოში მცირე და საშუალო კომპანიების მოქმედების ძირითადი სეგმენტებია პრიორიტეტულობის მიხედვით: ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 35%; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 8% და დამამუშავებელი მრეწველობა -7%. შემდეგ მოდის: სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; სასტუმროები და რესტორნები; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება; განათლება; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა და ა.შ

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.6 პროცენტი, 12.6 პროცენტი და 10.6 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი). [წყარო: „საქსტატი“]

თანამედროვე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დინამიკის ანალიზისა და შეზღუდულობის მიზეზების გამოვლენაში, ასევე, მნიშვნელოვანია დასაქმებულთა რაოდენობა საწარმოთა ზომის მიხედვით 2013-2018 წლებში. (იხ. ცხრილი №6)

ცხრილი №6

დასაქმებულთა რაოდენობა საწარმოთა ზომის მიხედვით 2013-2018 წლებში

წელი

სულ

მსხვილი საწარმოები

საშუალო საწარმოები

მცირე საწარმოები

აბს. მნიშვნ.

% %

აბს. მნიშვნ.

% %

აბს. მნიშვნ.

% %

2013

550,885

178,422

32,4%

125,295

22,8%

246,538

44,8%

2014

592,147

186,510

31,5%

126,432

21,3%

278,205

47,2%

2015

626,739

198,586

31,7%

137,171

21,9%

290,982

46,4%

2016

666,790

217,800

32,7%

142,447

21,4 %

306,543

45,9%

2017

660,059

235,742

35,7%

147,624

22,4%

276,693

41,9%

2018

684,000

247,866;

36,2%

147,835

21,6%

288,816

42,2%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური http://geostat.ge

№6 ცხრილიდან ირკვევა, რომ მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში იზრდებოდა 2013 წლიდან 2014 წლამდე, სამაგიეროდ ამ პერიოდში მცირდებოდა დასაქმებულთა წილი მცირე და საშუალო საწარმოებში. 2014 წელს დაფიქსირდა მცირე საწარმოში დასაქმებულთა წილი 47,2 %, რაც მაქსიმალურია 2013-2018 წლების მაჩვენებლების მიხედვით. 2015 წლიდან კი იწყება მცირე საწარმოებში დასაქმებულთა წილის შემცირების ტენდენცია და გრძელდება 2017 წლამდე. 2018 წელს კი ფიქსირდება მცირე საწარმოში დასაქმებულთა წილის ზრდა 0,3%-ით, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ სახელმწიფო პროგრამებმა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით შედეგი მაინც გამოიღო, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ცხრილიდან ჩანს ისიც, რომ 2018 წლის მდგომარეობით გაზრდილია საწარმოებში მთლიანად დასაქმებულთა აბსოლუტური ოდენობა 660,059-დან 684,000-მდე. მათ შორის, მსხვილ და მცირე ზომის საწარმოებში დასაქმებულთა ოდენობა, შესაბამისად გაზრდილია 12 124 და 12 123 ადამიანით, ხოლო საშუალო ზომის საწარმოებში შემცირებულია 211 ადამიანით. 2016 წლის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა ჯამური ოდენობა 666,790 ადამიანს შეადგენდა, რომელთა 45,9% (306,543) მცირე ზომის საწარმოებში იყო დასაქმებული. 2017 წლის მდგომარეობით, შემცირებულია საწარმოებში მთლიანად დასაქმებულთა აბსოლუტური ოდენობა, მათ შორის, მცირე ზომის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი. მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულთა ოდენობა, შესაბამისად - 17 942 და 5 177 ადამიანით არის გაზრდილი. ჯამური დასაქმების შემცირება მცირე საწარმოებში დასაქმებულთა ოდენობის 30 ათასით შემცირებითა არის განპირობებული, რაც შესაბამისად აისახა დასაქმებულთა ოდენობაში, მცირე საწარმოში დასაქმებულთა წილობრივ მონაცემზე და 4 პროცენტული პუნქტით, 41.9%-მდე შემცირდა. საშუალო და მსხვილ საწარმოებში დასაქმების ზრდის პარალელურად, მცირე საწარმოებში დასაქმებულთა ოდენობის შემცირების განმაპირობებელი ფაქტორების ცალსახად იდენტიფიცირება შეუძლებელია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე საწარმოში პროდუქციის გამოშვების ზრდასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას შორის ყოველთვის მკაცრი კორელაცია არ არსებობს, რამეთუ შრომის კაპიტალაღჭურვილობის ზრდის კვალობაზე გამოშვებული პროდუქციის ზრდა შესაძლებელია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების ხარჯზეც [7].

თანამედროვე საქართველოს ბიზნესში ყველაზე პრობლემურია: სასამართლო დავების ვადებთან და სპეციალიზებასთან დაკავშირებული საკითხები; ბიუროკრატია, განსაკუთრებით ადმინისტრაციული ორგანოების საშუალო რგოლში; სახელმწიფოს ბიზნესთან კომუნიკაცია აუცილებელია უფრო დროული და ეფექტიანი გახდეს; რეგიონებში ბიზნესს აქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის პრობლემა; არის შეფერხება საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას, როცა ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობდნენ პროექტების შეფერხებას; რეგულაციები უნდა იყოს უფრო სისტემატური, რომ გაუაზრებელმა ინიციატივებმა ბიზნესს არ შეუქმნას რეგულაციებთან ადაპტირების პრობლემა [8].

საქართველოს ბიზნესისთვის ხელშემშლელია, აგრეთვე, არასაკმარისი პროფესიული განათლება, რადგანაც არასათანადო დონის პროფესიონალი მუშაკი ვერ ქმნის საერთაშორისო მოთხოვნების ხარისხიან პროდუქციას და შესაბამისად მიწოდებასა და ბაზარს. პრობლემატურია ჯეროვანი სამეწარმეო განათლების უქონლობაც, რომლის გარეშე ვერ იქმნება სიცოცხლისუნარიანი, მომგებიანი ბიზნეს-გეგმა და ვერ ხორციელდება მისი ეფექტიანი რეალიზაცია. სუსტია ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც. კომბანკები აგროკრედიტებს დოლარში გასცემენ, რაც ლარის არასტაბილურობის შემთხვევაში ზრდის სესხის მომსახურების ხარჯებსა და რისკებს. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ოფიციალური დაურეგისტრირებლობა გამორიცხავს მიწის გირაოში ჩადებით სესხის აღების შესაძლებლობას. ამ მიმართებით, საწყის ეტაპზე საჭიროა მეტი საგრანტო პროგრამა. უკმაყოფილოა ბიზნესი ხშირი და გაწელილი საგადასახადო შემოწმებებითაც. ბუნდვანი სიტუაციაა საავტომობილო ბიზნესის რეგულირების კუთხით, რომელმაც არ იცის საით წავიდეს და სხვ. უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ეროვნულ მეურნეობას ააღორძინებს ცალკე აღებული არა მრეწველობა, მშენებლობა, ფინანსური სექტორი, ტურიზმი ან, თუ გნებავთ, აგრარული სექტორი, არამედ ბიზნესის ინოვაციური ფორმა მეწარმეობა, რომელიც უფრო ფართო მოვლენაა და ეხება ეკონომიკის ყველა დარგსა და რეგიონს. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეობის წახალისების პოლიტიკის გატარება მთლიანად ეროვნულ მეურნეობაში და რეგიონებში, რადგანაც მსოფლიო ბანკის კვლევებით, ქვეყნის ეკონომიკა როგორადაც უნდა გაიზარდოს, დოვლათი არ ნაწილდება რეგიონებზე და ძირითადად დედაქალაქში აკუმულირდება, რაც აღრმავებს შემოსავლებრივ უთანაბრობას თანმდევი უარყოფითი ეფექტებით (შრომითი ემიგრაცია შინ და გარეთ, ამის გამო ოჯახების ნგრევა და სხვ.). ამასთან, სოციალური მშვიდობისა და საზოგადოების საყოველთაო და დიფერენ-ციული კეთილდღეობისათვის, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებთან ერთად აუცილებელია ნაზრდი შემოსავალის სამართლიანი განაწილებაც [6].

თანამედროვე საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთოებებში კი პრობლემურია ის რომ: ყველა უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან (თურქეთი, რუსეთი, უკარაინა, აზერბაიჯანი, ევროკავშირის ქვეყნები, აშშ-ი თუ სხვ.) საქართველოს აქვს ქრონიკულად უარყოფითი სავაჭრო სალდო, რომლის დაძლევისთვის მიზანშეწონილია სამამულო პროდუქციის საშინაო და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამით მასზე საშინაო და საგარეო მოთხოვნის ზრდა, ანუ მეტი: ექსპორტი, დივერსიფიკაცია, ოპტიმიზაცია, რეექსპორტი, გონივრული იმპორტი, ასვე, მეტი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო ტურისტი. სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღების ეს რეცეფტი უნდა კორექტირდეს ყოველი პარტნიორი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით. ყოველივე ამის შედეგად, ვფიქრობთ, ეტაპობრივად შემცირდება უარყოფითი სალდო და მივიღებთ დადებით სავაჭრო ბალანსს.

ევროკავშირზე ორიენტირებული საქართველოს ექსპორტში პრობლემატურია, აგრეთვე, პროდუქციის რაოდენობა, ერთგავროვნება, ხარისხი, უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტები და სტაბილური მიწოდება მთელი წლის მანძილზე. შევნიშნავთ, რომ პროდუქციის ექსპორტირება ძირითადად მაშინ ხდება, როცა ეროვნული ბაზარი გაჯერებულია მოცემული პროდუქციით და, შესაბამისად, მისი ფასი და მოგება დაბალია. ამ დროს პროდუქცია გააქვთ საზღვარგარეთ, სადაც მისი დეფიციტია და ფასიც მაღალია. ამ პერიოდში ლარის გაუფასურება წაახალისებს ექსპორტს.

აქვე ვითყვით იმასაც, რომ ქართული ექსპორტის ხელშემწყობი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ექსპორტის დაბალი ინტენსივობის მქონე ფირმების ზომის ზრდაზე. საქართველოსათვის ექსპორტის ინტენსივობის შესახებ ოფიციალური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ნათელია, რომ ევროკავშირში ექსპორტიორი ფირმების 46%-ს მსხვილი საწარმოები წარმოადგენენ, ხოლო 39%-ს მცირე საწარმოები. ე.ი. მცირე საწარმოების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოახერხა ყველაზე მაღალი სტანდარტების და მოთხოვნების მქონე ბაზარზე გასვლა. მაგრამ მათი ზომის ზრდა მათი კონკურენტუნარიანობის და ბაზარზე სტაბილური დამკვიდრებისათვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

ღია ეკონომიკის პირობებში მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლია იქცეს მსხვილი კორპორაციების დივერსიფიკაციის და სამომხმარებლო ბაზრის მოდერნიზაციის ინსტრუმენტად. საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება ხელს შეუწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას როგორიცაა კონკურენციის ზრდა, მოსახლეობის დასაქმება, შემოსავლებრი უთანაბრობის შერბილება, საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვა, ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება. მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოცემული ქვეყნის დარგობრივი სპეციფიკა და ეკონომიკური მექანიზმები. ამიტომ როცა მივმართავთ განვითარებული ქვეყნების შედარებას ქართულ რეალობასთან, აუცილებელია ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული განსხვავებების, ასევე ეროვნული მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის გათვალისწინება. ჩატარებული კვლევების თანახმად, ევროკავშირის მასშტაბით გამოკვლეული საწარმოები საკუთარი ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორთა შორის ფინანსებზე წვდომის არასაკმარისობას ასახელებენ. თუმცა, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოები, გარდა ფინანსური რესურსების, შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობისა და ინგლისური ენის უცოდინრობისა, ასევე, განიცდის სირთულეებს საექსპორტო ოპერაციების განხორციელების ორგანიზების პროცესში ანუ დეფიციტურია ექსპორტ-მენეჯერების სპეციალისტები. მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაცისათვის მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს შექმნა, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს მოკლევადიან, იაფ საბრუნავ სახსრებზე წვდომით უზრუნველყოფს.

ლიტერატურა:

1.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - www. geostat.ge

2.ქვეყნის დახასიათება მცირე ბიზნესის აქტის მიხედვით: საქართველო მსს პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები 2016 ევროპის მცირე ბიზნესის აქტის განხორციელების შეფასება. გვ.9.

  1. https://www.interpressnews.ge

4.eugeorgia.info/ka/article/501/

  1. Горфинкель В.Я. «Малый бизнес»: учебное пособие – М.: КНОРУС, 2009, 336 с., стр. 219-220.

6.სამადაშვილი უ. დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი. თბ. 2016, გვ. 45.

  1. სამადაშვილი უ. მცირე ბიზნესის განვითარების დინამიკა და შეზღუდულობის მიზეზები საქართველოში. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში. საქართველო, თბილისი, 1-2 ნოემბერი 2019. შრომების კრებული (გვ.342-350)
  2. www.imedinews.ge

The New Economist, N1-2 (2020), Vol 15, Issue 1.

axali ekonomisti kda stamba saboloo-page-0011111111111.jpg
Published Date:

02/07/2020