Logo

კონკურენციის ეკონომიკური საფუძვლები

Slava-2.jpg
Slava Fetelava / სლავა ფეტელავა

Doctor of Economics (PhD), Lawyer, Associate Professor of the Grigol Robakidze University / ეკონომიკის დოქტორი (PhD), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

Abstract

ნაშრომში, ,,კონკურენციის ეკონომიკური საფუძვლები“ წარმოჩენილია - კონკურენციის როლი და მნიშვნელობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. საუბარია კონკურენციის როგორც დინამიურ და განვითარებად პროცესზე. ხაზგასმულია კონკურენციის კანონმდებლობის კავშირზე რეგულირების ისეთ საკითხებთან, როგორიცაა - მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, შიდასავაჭრო პოლიტიკა, უცხოური ინვესტიციების სფეროში წარმოებული პოლიტიკა და სხვ.

სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონკურენციის საწინააღმდეგო სიტუაციის - მონოპოლიის მიმოხილვას, სადაც გამოყოფილია მონოპოლიის სამი ტიპი (დახურული მონოპოლია; ბუნებრივი მონოპოლია და ღია მონოპოლია). ასევე, ნამსჯელია კონკურენციის კანონმდებლობის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარმოს ჩამოყალიბების საქმეში. შესაბამისად, გაანალიზებულია საქართველოში ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სამართლებრივი მდგომარეობის საწყისი საფუძვლები და დღევანდელი რეალური მდგომარეობა.

Keywords: ეკონომიკური კონკურენცია, რეგულირება, კანონმდებლობა, მონოპოლია, კონკურენტული გარემო.

შესავალი

ეკონომიკური კონკურენცია, წარმოადგენს მდგრადი ეკონომიკური განვითარების საწინდარს, რომელიც ასტიმულირებს მოთხოვნის მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტის წარმოებას საჭირო რაოდენობით უფრო ნაკლებ ფასად და უზრუნველყოფს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარებას, რესურსების ოპტიმალურ განაწილებას და საჭირო ცვლილებებს ბაზრის სტრუქტურაში. ის, ეკონომიკის თვალსაზრისით, მაქსიმიზაციას უკეთებს მთელი საზოგადოების კეთილდღეობას, სადაც მომხმარებლები მოგებული რჩებიან ფასების შემცირების და ასორტიმენტის გაფართოებაზე რესურსების ეფექტური განაწილების და წარმოების ოპტიმალური ორგანიზაციის შედეგად; ეკონომიკური აგენტები პატიოსანი ბრძოლის პირობებში ამცირებენ დანახარჯებს და ნერგავენ მეცნიერების, ტექნიკის და მმართველობითი გადაწყვეტილებების უახლოეს მიღწევებს. თავის მხრივ, ეფექტური კონკურენცია შიდა ბაზარზე აიძულებს ადგილობრივ კომპანიებს ეძიონ ახალი ბაზრები როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, შიდა ბაზარზე კონკურენცია ქმნის წინაპირობებს ისეთი ინოვაციების დანერგვისათვის, რომლებიც ზრდიან კომპანიების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამდენად, ღია კონკურენციის უზრუნველყოფა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში იყო და არის სახელმწიფო მოწყობის ამოსავალი პრინციპი. უფრო მეტიც, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, მის დაცვას და შემდგომი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება ევროგაერთიანების სადამფუძნებლო ხელშეკრულების ძირითადი დებულებები.

ზოგადად ცნობილია, რომ არსებობს კონკურენციის ისეთი ხარისხობრივი მახასიათებლები, როგორიცაა - ,,სრულყოფილი“, ,,ეფექტიანი“ და სხვ. ამასთან, რამდენადაც ,,სრულყოფილი კონკურენცია (და ამდენად თავისუფალი ბაზარი) მხოლოდ და მხოლოდ თეორიული კონსტრუქციაა“ [3; გვ. 26], ვიდრე ბაზრის რეალური მოცემულობა, ეკონომისტთა გარკვეული კატეგორია მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ კონკურენციის პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს არა ,,სრულყოფილი“ კონკურენციის, არამედ, ,,ეფექტიანი“ კონკურენციის მიღწევა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ, ამ საკითხზე არსებობს ერთიანი მიდგომა - კონსესუსი. უფრო მეტიც, ,,რომის ხელშეკრულების“ ავტორებმა კონკურენციის დახასიათებისას თავი აარიდეს როგორც ,,სრულყოფილ“, ისე ,,ეფექტიან“ კონკურენციას და გამოიყენეს ,,ნორმალური“ კონკურენციის ცნება, რომლის ქვეშ მოიაზრება შესაბამისი ბაზრის ისეთი მოცემულობა, როცა ეკონომიკური აგენტები ეწევიან დამოუკიდებელ მეტოქეობას მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით.

საქართველოში დღეისათვის (31.12.2019 წ.) მოქმედი ჩარჩო კანონით, კონკურენცია განიმარტება, როგორც შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად [12; მუხლი 3; პუნქტი - ,,ბ“]. ამასთან, კონკურენციის სფეროში საყოველთაოდ ცნობილი თეორეტიკოსის მ. პორტერის განმარტებით, კონკურენციის არსი ეკონომიკის ნებისმიერ დარგში, როგორც შიდა ისე საგარეო ბაზარზე გამოიხატება შემდეგი ხუთი ელემენტით: 1)ახალი კონკურენტების წარმოქმნის საშიშროებით; 2)საქონლის ან მომსახურების შემცვლელების წარმოქმნის საშიშროებით; 3)მაკომპლექტებელი ნაწარმის მიმწოდებელთა ვაჭრობის უნარით; 4)მყიდველთა ვაჭრობის უნარით და 5)არსებულ კონკურენტებს შორის მეტოქეობით. ამასთან, ამ ხუთი ელემენტიდან/ფაქტორიდან, თითოეულის მნიშვნელობა იცვლება დარგიდან დარგში და საბოლოო ანგარიშით განსაზღვრავს დარგების მომგებიანობას [1; გვ. 11]. ასევე, ცნობილი მეცნიერის, ი. შუმპეტერის შრომებში ხაზგასმულია, რომ კონკურენცია წარმოადგენს არა სტატიკურ მოვლენას, არამედ დინამიურ და განვითარებად პროცესს, რომელიც, როგორც პროცესი, საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში თამაშობს უდიდეს როლს [14, გვ. 54]. ცნობილი ეკონომისტის ფ. ა. ჰაიეკის განმარტებით კი - კონკურენცია წარმოადგენს ახლის გახსნის, შეცნობის პროცედურას, რომელიც ჩვეულია ევოლუციისათვის მის ყველა ფორმაში, რომელიც აიძულებს ადამიანს თავის ნების მიუხედავად ჩაერთოს ახალ სიტუაციებში. მას მიაჩნდა, რომ ეკონომიკურ მეცნიერებაში არასწორად ხდებოდა ,,კონკურენციის“ ტერმინის გამოყენება. მისი შეხედულებით კონკურენცია უნდა განვიხილოთ უფრო ფართოდ - არა მხოლოდ და არა იმდენად ბაზარზე ფირმების ურთიერთქმედების სტრატეგიის სახით, არამედ ეკონომიკური ცხოვრების მამოძრავებელი ძალის სახით. ამ პოზიციებიდან ჰაიეკი ახდენს კონკურენციის დაყოფას როგორც თავისი ბუნებით დინამიკურ პროცესად და კონკურენციის მოდელის სტატიკურ ვერსიად, რომელსაც წარმოადგენს საბაზრო წონასწორობა“ [13; გვ. 50-51]. ჰაიეკი ხედავს კონკურენციაში ინდივიდების მოთხოვნების ცვლილებებს და მათი დაკმაყოფილების ადრე უცნობი წესების გამოვლენის პროცესს. ამასთან, იგი თვლის, რომ კონკურენცია ფასობს იმდენად, რამდენადაც მისი შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლებელია და მთლიანად მისი შედეგები განსხვავდება იმისგან, რაც იყო დაგეგმილი“ [2; გვ. 11].

ცხადია ისიც, რომ კონკურენცია თავის თავზე შეიგრძნობს მონოპოლიების ზეწოლას, რომელთა ურთიერთქმედებაც მნიშვნელოვან ევოლუციურ პროცესს განიცდის. ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის ბაზრის ,,ატომისტიკური“ სტრუქტურა შეცვალა ,,მკაცრი მონოპოლიის“ ეტაპმა, რომელიც შედარებით ცოტახანს არსებობდა. ამასთან, შემდგომ პერიოდში დასავლეთის უმეტეს ქვეყენებში ,,მკაცრი მონოპოლია“ შეიცვალა ოლიგოპოლიური საბაზრო სტრუქტურით, რომელიც ხასიათდება მცირე რაოდენობის მსხვილი მიმწოდებლებით, რომლებიც აცნობიერებენ ურთიერთდამოკიდებულებას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგალითად, ფასებთან, წარმოების მოცულობასთან ან ხარისხთან დაკავშირებით [7; გვ. 119].

თავის მხრივ, გასული საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბებული ოლიგოპოლიური საბაზრო სტრუქტურა არ ნიშნავდა უმსხვილესი კომპანიების მიერ თავიანთი ეკონომიკური სიძლიერის დაკარგვას. უფრო მეტი, ისინი აგრძელებდნენ დარგობრივი წარმოების წილის თავიანთ ხელში თავმოყრას, უპირველეს ყოვლისა, კაპიტალის მსხვილმასშტაბიანი ცენტრალიზაციის შედეგად, რომელიც საშუალებას აძლევდა მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს აკუმულაცია გაეკეთებინათ სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის და საწარმოო სიძლიერის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, შესაბამის ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიების ბატონობას არ მოჰყოლია კონკურენციის განადგურება. შესაბამისად, თავისუფალმა კონკურენციამ განიცადა ტრანსფორმაცია ე.წ. ,,ცივილიზებულ“, ,,ორგანიზებულ“ კონკურენციაში, რომელიც განსაზღვრავს ორი საწყისის - კონკურენციის და მონოპოლიის - დინამიურ წონასწორობას თანამედროვე ბაზარზე. ამასთან, ცხადია, რომ იმ პირობებში, როცა მთავარი პოზიციები ბაზარზე ეკუთვნის მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს, ბაზრის თვითრეგულირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შესუსტებულია. ამდენად, ცხადია, ოლიგოპოლია, რომლის თეორიის შექმნის პირველი ცდა ეკუთვნის ა. კურნოს [16], თვითონ არ იძლევა საკმარისი კონკურენციის გარანტიას.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეფექტიანი კონკურენცია შესაბამის ბაზრებზე ვითარდება არა თავისთავად, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის დახმარებით, რომელიც უფრო ხშირად განისაზღვრება როგორც - ,,კონკურენციის პოლიტიკა“, ,,ანტიტრასტული პოლიტიკა“ ან ,,ანტიმონოპოლიური პოლიტიკა“. ზოგადად, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანობა გულისხმობს სპეციალური კანონმდებლობისა და შესაბამისი ინსტიტუციების არსებობას და სამართალგამოყენებითი პრაქტიკის ქონას.

დღეისათვის მსოფლიოში არსებობს კონკურენციის კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზაციის სხვადასხვა მოდელები. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ყველა მოდელი ემსახურება - შესაბამის ბაზრებზე კონკურენციის განვითარებას, რესურსების ეფექტური განაწილების უზრუნველყოფას, მონოპოლიზაციისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აცილებას, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ა.შ.

თავის მხრივ, კონკურენციის კანონმდებლობა, მჭიდროდ უკავშირდება რეგულირების ისეთ საკითხებს, როგორიცაა - მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, შიდასავაჭრო პოლიტიკა, უცხოური ინვესტიციების სფეროში წარმოებული პოლიტიკა და სხვ. ამასთან, სახელმწიფო რეგულირების ეს მიმართულებები რიგ შემთხვევებში ავსებენ ერთმანეთს, ხოლო რიგ შემთხვევებში კი შედიან ერთმანეთთან კონფლიქტში (მაგალითად - კონკურენცია და სავაჭრო პოლიტიკა). მაგრამ, ცხადია ისიც, რომ კონკურენციის პოლიტიკას აქვს მკაცრად გამოხატული მიზანი, რომელიც განასხვავებს მას რეგულირების სხვა მიმართულებებისაგან. კერძოდ, კონკურენციის კანონმდებლობის და პოლიტიკის მიზანია, როგორც წესი, კონკურენციის განვითარება და ეკონომიკის ეფექტიანობა, მაშინ როდესაც - მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკა ემსახურება, უპირატესად - მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

ამასთან, ფაქტია ისიც, რომ კონკურენციის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა სამეურნეო კავშირების ტრანსნაციონალიზაციისა და ბაზრების გლობალიზაციის პროცესში, რამაც წინა პლანზე წამოსწია საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების საჭიროება.

რაც შეეხება კონკურენციის საწინააღმდეგო სიტუაციას ბაზარზე - ის, როგორც წესი, ცნობილია მონოპოლიის სახით. საქართველოში დღეისათვის მოქმედი ჩარჩო კანონი არ ცნობს ამ ცნების ლეგალური განსაზღვრებას. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ 2019 წლის ბოლოს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის - ,,საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დაფინანსებით გამოცემული - ,,კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“ მოიცავს - ტერმინის ,,მონოპოლია“ განმარტებას. ამ განმარტების მიხედვით - მონოპოლია ესაა ბაზრის სტრუქტურის ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობს, რომ შესაბამის ბაზარზე მხოლოდ ერთი გამყიდველი ან მომწოდებელია. ეკონომიკურ თეორიაში, მონოპოლია სრულყოფილი კონკურენციის საპირისპირო მდგომარეობად ითვლება. მონოპოლიის პირობებში, წარმოების მოცულობა ნაკლები, ხოლო ფასი - უფრო მეტია, ვიდრე ეს კონკურენციის პირობებში იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მონოპოლისტის ფასწარმოქმნაც გარკვეულწილად შეზღუდულია ბაზარზე არსებული მოთხოვნით, ის, როგორც წესი, მოქმედებს, როგორც ფასის დამდგენი და არა როგორც ფასის მიმღები (რასაც ადგილი აქვს კონკურენტული ბაზრის შემთხვევაში). გარდა ამისა, მონოპოლისტი იღებს კონკურენტულზე მაღალ მოგებას. შედეგად, მომხმარებელი იხდის უფრო მაღალ ფასს და ადგილი აქვს კეთილდღეობის აუნაზღაურებელ დანაკარგს.

მონოპოლიის შენარჩუნება დიდწილად დამოკიდებულია ბაზარზე შესვლის ბარიერების არსებობაზე. ბაზარზე შესვლისა და ბაზრიდან გასვლის სიმარტივის შემთხვევაში, მონოპოლიის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა. მონოპოლია განსხვავდება საბაზრო ძალაუფლებისაგან. ეს უკანასკნელი მოიცავს ყველა სიტუაციას, როდესაც ეკონომიკური აგენტების წინაშეა მოთხოვნის დაღმავალი მრუდი, რაც მათ საშუალებას აძლევს, დააწესონ კონკურენტულ ნიშნულზე მაღალი ფასი. საბაზრო ძალაუფლება შესაძლოა არსებობდეს როგორც მონოპოლიის, ასევე ოლიგოპოლიის და მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში.

კონკურენციის პოლიტიკის მიზნებისათვის, ტერმინი ,,მონოპოლია“ ზოგჯერ გამოიყენება ისეთი ბაზრის აღსანიშნავადაც, სადაც სრული 100%-იანი საბაზრო წილი ერთ ეკონომიკურ აგენტს არ უკავია. სხვადასხვა ქვეყნები სამართლებრივად განსხვავებულად განმარტავენ ამ ტერმინს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მონოპოლიზაცია ანტიტრასტული კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევაა. საქართველოში მონოპოლიური საქმიანობა აკრძალულია კონსტიტუციით, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა [7; გვ. 108-109].

ზემოაღნიშნულიდან და ზოგადად ეკონომიკურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ტერმინებიდან გამომდინარე, შეიძლება მოკლედ ითქვას, რომ ,,მონოპოლია“ - ესაა ბაზრის სტრუქტურა, სადაც:

  • ეკონომიკურ აგენტს უკავია გაბატონებული მდგომარეობა, რომელიც მას აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელზე და ეკონომიკური პროცესების სხვა მონაწილეებზე დიქტატი განხორციელოს;
  • ეკონომიკური აგენტი ახდენს თავისი გაბატონებული მდგომარეობის რეალიზაციას;
  • სახელმწიფოს მიერ, ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტს ეძლევა, მასთან შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების უფლება ქვეყნის შიდა თუ გარე სასაქონლო ბაზრებზე.

თავის მხრივ, შეიძლება გამოიყოს მონოპოლიების სამი ტიპი:

1) დახურული მონოპოლია, რომელიც დაცულია კონკურენციისაგან იურიდიული შეზღუდვების დახმარებით (მაგალითად: პატენტების ინსტიტუტი, სახელმწიფო მონოპოლია);

2) ბუნებრივი მონოპოლია, რომელიც არსებობს კონკრეტულ ბაზრებზე, სადაც ერთ ეკონომიკურ აგენტს შეუძლია მოემსახუროს ბაზარს გაცილებით დაბალი დანახარჯებით, ვიდრე ორ ან მეტი ეკონომიკური აგენტის ნებისმიერ კომბინაციას (მაგალითად: რკინიგზა; ენერგეტიკა) [7; გვ. 36];

3) ღია მონოპოლია, რომლის დროსაც ერთი ეკონომიკური აგენტი დროებით ხდება პროდუქტის ერთადერთი მიმწოდებელი, ხოლო მისი კონკურენტები ბაზარზე ჩნდებიან მოგვიანებით (მაგალითად: ეკონომიკური აგენტი, რომელმაც პირველად შესთავაზა მომხმარებელს სრულიად ახალი საქონელი).

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებობს თითოეული ზემოაღნიშნული ბაზრის მახასიათებელი ელემენტები, რის გამოც აუცილებელია მისგან გამომდინარე ურთიერთობები დარეგულირებულ იქნეს ადექვატური სამართლებრივი ნორმებით.

ვიანიდან, კონკურენცია არის საბაზრო ურთიერთობების ძირითადი მამოძრავებელი მექანიზმი, ის აიძულებს მომხმარებლებს იმეტოქეონ და ამით უზრუნველყონ საუკეთესო სოციალური და საქმიანი შედეგების მიღწევა. კონკურენცია არ იძლევა შესაძლებლობას ეკონომიკური ძალაუფლება მოექცეს ერთი ეკონომიკური აგენტის ხელში და მის მიერ მოხდეს ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამდენად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კონკურენციას ეკისრება რეგულირების, მოტივაციის, განაწილების და კონტროლის მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება. ამიტომ, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად სახელმწიფო ქმნის და იყენებს წესების და ზომების სპეციალურ სისტემას, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკურენციის არსებობას, მის ნორმალურ ფუნქციონირებას და ხარისხს.

საბაზრო ურთიერთობების სამართლებრივი რეგლამენტაცია და სპეციალური კონკურენციის კანონის მიღება, რომელიც მოხდა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტის სახით საქართველოში 1992 წლის სექტემბერს, მოწმობდა საქართველოს ხელისუფლების მზაობას მიეღო და გაეზიარებინა მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა კონკურენციის სამართლის დანერგვის ნაწილში.

კონკურენციის კანონმდებლობა, რომელიც გამოსახავს საერთო ცივილიზებულ საწყისს სამრეწველო, საბაზრო უფლებების განვითარებაში, სხვადასხვა სახელწოდებით (კონკურენციის სამართალი; ანტიმონოპოლიური კანონი; კანონმდებლობა შეზღუდული სავაჭრო პრაქტიკის შესახებ; სამართლიანი კონკურენციის შესახებ და ა. შ.) არსებობს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. მართალია, აშშ-ში ეკონომიკური და სამართლებრივი განვითარების განსაკუთრებული პირობების შედეგად, კერძოდ, ანტიმონოპოლიური დოქტრინების ზემოქმედებით, ძირითადი ანტიტრასტული კანონი (შერმანის აქტი) მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 1890 წელს, თუმცა, მსოფლიოში დღეისათვის მოქმედი კონკურენციის და მონოპლიური ძალაუფლების შეზღუდვის სამართლებრივი ნორმების აბსოლიტური უმრავლესობა შემუშავებულ და მიღებულ იქნა გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან. რაც შეეხება პოსტსოციალისტურ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, აქ კი შესაბამისი კანონმდებლობა მიღებულ იქნა გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგიდან.

საქართველოში, სახელმწიფო საბჭოს მიერ 1992 წელს მიღებული დეკრეტი - ,,მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ“ - ხაზს უსვამდა, რომ ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარეობდა დასავლეთის ქვეყნების მოწინავე პრაქტიკის გაზიარების ფონზე - ჯანსაღი კონკურენტული გარემოს დასამკვიდრებლად რეფორმირების პროცესი. ამასთან, ცხადია ისიც, რომ კონკურენციის სამართლის რეფორმირების პროცესი საქართველოში (დასაწყისიდან დღემდე) არ იყო თანმიმდევრული. გარკვეული წლების გამავლობაში, კერძოდ, 1992 წლიდან 2005 წლამდე ქვეყანაში მიმდინარეობდა (მეტ-ნაკლებად), მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესატყვის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის რეალიზაცია, ხოლო 2005-2012 წლებში კი ადგილი ჰქონდა ,,ეკონომიკის თავის ნებაზე მიშვების“ კონცეფციის ერთგულებას [5; გვ.გვ. 143; 250]. მოგვიანებით, 2014 წლიდან დაიწყო - თანმიმდევრული ანტიმონოპოლიური/კონკურენციული პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია, რომლის სრულყოფისა და ევროკავშირის შესაბამის ნორმებთან ჰარმონიზაციის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული. ამ დროისათვის, ევროკავშირის პროექტის ,,კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში მომზადებულია და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2019 წლის გაზაფხულზე ინიცირებულ იქნა - ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტი/პაკეტი, რომლის მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესი, რაც საბოლოო ჯამში, უფრო დაცულს და მომგებიანს გახდის ბიზნესის კეთებას ქვეყანაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გოგიაშვილი ს., ფეტელავა ს., კონკურენცია და ანტიმონოპოლიური რეგულირება (ლექციების კურსი), თბ., ,,ლოი“, 2007;
  2. თოქმაზიშვილი მ., ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის ეკონომიკური თეორიის ნარკვევები, თბ., სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2004;
  3. პაპავა ვ., საქართველო საბაზრო ეკონომიკის გზაზე, თბ., ,,მეცნიერება“, 1995;
  4. სმიტი ა., გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, თბ., სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 938;
  5. ფეტელავა ს., კონკურენციის თეორია და ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში, თბ., ,,ლოი“, 2007;
  6. ჰაიეკი ფ.ა., საბედისწერო თავდაჯერებულობა სოციალიზმის შეცდომები, 1-ლი გამოცემა, თბ., შპს,,ელვა“, 2000;
  7. კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი (შემდგენლები: ქ.ზუკაკიშვილი, ქ.ლაფაჩი, ი.სოვიენი, ლ.ჯაფარიძე), თბ., 2019;
  8. ,,მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ“ სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის დეკრეტი;
  9. ,,მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის კანონი;
  10. ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის კანონი;
  11. ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ 2012 წლის კანონი;
  12. ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის კანონი;
  13. Хайек Ф. А., Познание, конкуренция и свобода, Антология сочинений, М., ,,Пневма“, 1999;
  14. Шумпетер Й., Капитализм, социализм и демократия, М., ,,Экономика“, 1995;
  15. Портер М., Конкуренция, М., ,,Вильяме“, 2000;
  16. Экономическая теория – Статьи-Предприятия, стр. 1 из 7, http://www.forekc.ru/27/index 1,2.

Abstract

Economic Foundations of Competition

Slava Fetelava

PhD of Economics,

Associate professor of Grigol Robakidze University

Professor of Saint Andrew the First-Called

Georgian University of the Patriarchate of Georgia

In the article - “Economic foundations of competition” is discussed about the role and importance of competition, in the process of economic development of the country and it is also about dynamic and developing process of competition. The article is based on the facts of consumer protection, protection of intellectual property rights, domestic trade policy, foreign investment policy and Etc.

In the article the main role has review of monopoly, where are divided three main type of monopoly (close monopoly, open monopoly and natural monopoly). Also, in the article are discussed the role and importance of competition legislation for the work of healthy environment of competition policy. Accordingly, in the article are analyzed the basics of legal status of protection of economic competition in Georgia and today’s real situation.

The New Economist N 3-4 (2019), Vol 14, Issue 2

3-4-2019-ახალი ეკონომისტი-111.jpg
Published Date:

29/12/2019