Logo

Capital Adequacy Standards in Georgia / კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის სტანდარტები საქართველოში

პეტრიაშვილი-11.jpg
Irakli Petriashvili / ირაკლი პეტრიაშვილი

PhD/student business Technology faculty/General in Finance Georgian Technical University / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის ფინანსების მიმართულების მეორე კურსის დოქტორანტი

Abstract

The main purpose of the statement on requesting capital adequacy standards from commercial banks is to support reduction of risks for bankruptcy of commercial banks, and maintenance of financial stability of the entire banking system.

The National Bank of Georgia (hereinafter the National Bank) should ensure functioning of an efficient, transparent and competitive environment in the banking sector, protecting the customer and investor rights in the way that don’t threaten implementation of its core tasks. In order to achieve this goal, with support of the Georgian Government and the European Union, the National Bank has moved to the principles of risk-based supervision starting from 2017 year and is being implementing the bank supervision according to the standards and principles developed by the Basel Committee.

Keywords: Risk Assessment, liquidity Coverage Ratio. / რისკების შეფასება, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი.

ანოტაცია

სტატია ეხება საბანკო სფეროში გამკაცრებულ პოლიტიკას და ახლად დანერგილ მიდგომებს,ასევე ცვლილებებს რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ იქნა დანერგილი. აღნიშნული მიდგომები ერთგვარი პრევენციის სახეს ატარებს, და საბანკო პროდუქტების მომხმარებლებს, მეტად დაცულებს ხდის ჭარბი დაკრედიტებიდან გამომდინარე შექმნილი გამოწვევების დროს.სტატიის მთავარი მიზანი კაპიტალის ადეკვატურობის სტანდატების დებულების განხილვა და მისი მნიშვნელობის შეფასებაა, ასევე სტატიაში დეტალურად არის აღწერილი კაპიტალის ადეკვატურობის გამოთვლის გზები, და შეფასებულია აღნიშნული ინსტრუმენტის რეალური ქმედითუნარიანობა ბანკების გაკოტრების პრევენციისთვის.

შესავალი

კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ დებულების მიზანია ხელი შეუწყოს კომერციული ბანკების გაკოტრების რისკების შემცირებასა და მთლიანი საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საბანკო სექტორში ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ფუნქციონირება, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. სწორედ ამ შედეგის მისაღწევად ევროკავშირის დახმარებით, ეროვნული ბანკი 2017 წლიდან რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებზე გადავიდა. და ზედამხედველობის ფარგლებში ახორციელებს საბანკო ზედამხედველობას,ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებული სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად.ამ პრინციპების შესრულების მიზნით ბაზელ III დებულებით დგინდება ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოეთის ბანკების ფილიალებისათვის.სწორედ ამ მოთხოვნების განხილვას ეძღვნება წინამდებარე სტატია.

ძირითადი ტექსტი:

როგორც ავღნიშნეთ 2017 წელს დამტკიცდა და უკვე ამოქმედდა ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული მესამე პილარი “კომერციული ბანკების ინფორმაციის გამჟღავნების წესი”, რომლის მიხედვითაც ბანკები ვალდებული არიან, გამოაქვეყნონ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია კაპიტალის, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ასევე “კორპორაციული მართვის დებულება” და “ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი”, რომელთა მიღებას რეგულატორი უახლოეს მომავალში გეგმავს (საქართველოს ეროვნული ბანკი). კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებისა და ბანკების ფუნქციონირების გამჭვირვალობის ამაღლებისაკენ არის მიმართული.

2017 წლიდან დამტკიცდა ბაზელ III მეორე პილარი - ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების შესახებ, რომელიც კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა. კომერციული ბანკების „კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება პილარ 2-ის ფარგლებში. კომერციული ბანკების კაპიტალის დამატებითი ბუფერების განსაზღვრის წესი, “სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე. ასევე განისაზღვრა “კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი“,პილარ 2-ის ფარგლებში კომერციულ ბანკებს უწესდებათ კაპიტალის დამატებითი ბუფერი რისკების შეფასების საერთო პროგრამის (General Risk Assessment Program - GRAPE) მიხედვით.

რაც შეეხება სტატიის მთავარ თემას ბაზელ III სტანდარტების ჩარჩოთი განსაზღვრულ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით", რომლის თანახმადაც, პილარ 1-ის ფარგლებში, მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 4.5%;
  • პირველი კაპიტალის კოეფიცინატი 6%
  • საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციანტი 8%

სწორედ ეს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები განისაზღვრა საზედამხედველოდ კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობისთვის.მასში არ უნდა იყოს ჩართული ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა შესახებ შეთანხმება,ხელშეკრულება ან დაპირება ვერ უზრუნველყოფს კომერციული ბანკის სტაბილურობისა და მდგრადობის პრინციპებს (საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 1996). შემდეგ თავში დეტალურად გავივლით თუ რისგან შედგება საზედამხედველო კაპიტალი და განვიხილავთ მის გამოთვლის გზებს, ერთგვარად შევაფასებთ თუ როგორი პროფორციით ნაწილდება კონკრეტული თანხები საზედამხედველო კაპიტალის მუხლებში და არის თუ არა ეს განაწილება სწორი.

კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისაგან:

ა) პირველადი კაპიტალი, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

ა.ა) ძირითადი პირველადი კაპიტალი

ა.ბ) დამატებითი პირველადი კაპიტალი.

ბ) მეორადი კაპიტალი (სალიკვიდაციო კაპიტალი)

პირველადი კაპიტალი შედგება ისეთი ინსტრუმენტებისაგან, რომელთაც შეუძლია ზარალის უპირობოდ მათი წარმოქმნისთანავე დაფარვა ისე,რომ კომერციულმა ბანკმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება. პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები კომერციულ ბანკს უნდა აძლევდეს გადახდების განხორციელების შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ (მათი გადაუხდელობა არ უნდა იწვევდეს კომერციული ბანკის დეფოლტს) და ზარალის დაფარვისათვის მათი სრულად გამოყენების შესაძლებლობას. მეორადი კაპიტალი არის სალიკვიდაციო კაპიტალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბანკისზარალის დაფარვა დეპოზიტორებამდე და არა უზრუნველყოფილ კრედიტორებამდე კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას და/ან მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების დროს.

ძირითადი პირველადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის უმთავრესი წყარო და უდრის ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.

ძირითადი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან:

  • ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც სრულად განაღდებულია და აკმაყოფილებს ამ

დებულებით მოცემულ კრიტერიუმებს;

  • დამატებითი სახსრები, რომლებიც წარმოიქმნება ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით;
  • აკუმულირებული სხვა სრული შემოსავალი და სხვა რეზერვები;
  • გაუნაწილებელი მოგება (ზარალი).

დამატებითი პირველი კაპიტალი:

კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალი უდრის დამატებითი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.

იგი შედგება ინსტრუმენტებით , რომლებიც აკმაყოფილებს მოცემულ დამატებითი პირველადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის ძირითადი პირველადი კაპიტალის ნაწილი და დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები.

მეორადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის დამატებითი წყარო და უდრის მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული მეორადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.

აღნიშნული შედგება ინსტრუმენტებით, რომლებიც აკმაყოფილებს მოცემულ მეორადი

კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის პირველადი კაპიტალის ნაწილი,ასევე მეორად კაპიტალში შემავალი ინსტრუმენტების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრებით,და საერთო რეზერვების, მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების მაქსიმუ 1,25 ის ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”).

საზედამხედველო კორექტირებები:

კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებისათვის საზედამხედველო კომპონენტებს უნდა გამოაკლდეს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის კორექტირებები. (კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ "საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", 2001).

საზედამხედველო კაპიტალის დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი კორექტირებები:

ა)აქტივების გადაფასების რეზერვის დაქვითვა უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.

ბ)მოგებასა და ზარალში აქტივების არარეალიზებული გადაფასების შედეგად მიღებული აკუმულირებული მოგების ის ნაწილი (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოგება), რომელიც აღემატება მოგებასა და ზარალში არარეალიზებული გადაფასების შედეგად ასახულ აკუმულირებულ ზარალს (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის ზარალი), უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.

აღნიშნულის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციაში“ მოცემული ოთხნიშნა კოდით გამოსახული ცალკეული აქტივის კლასისათვის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა არ უნდა გაითვალის წინონ მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, რომლებიც ივაჭრება ლიკვიდურ ბაზრებზე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოთხოვოს კომერციულ ბანკს, კონკრეტული აქტივები არ მიიჩნიოს მაღალი ლიკვიდურობის მქონედ და კაპიტალიდან დაქვითოს მათი გადაფასების შედეგად აკუმულირებული მოგება, რომელიც აღემატება აკუმულირებულ ზარალი.

გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივები უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დაქვითვა უნდა მოხდეს შესაბამის გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ:

გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომელთა რეალიზება დამოკიდებულია კომერციული ბანკის სამომავლო მომგებიანობაზე უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.გადავადებული საგადასახადო აქტივი შეიძლება გაიქვითოს მასთან დაკავშირებულ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე, გადავადებული საგადასახადო აქტივიც და ვალდებულებაც, გადაიხდება ერთსა და იმავე საგადასახადო ორგანოში და გაქვითვა დაშვებულია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ. დროებითი სხვაობების (მაგ: შესაძლო დანაკარგების რეზერვები) შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივების თანხის დაქვითვა უნდა მოხდეს „ზღვრული დაქვითვის“ მეთოდის გამოყენებით ამ დებულები (კანონი კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ, 2013).

ყველა სხვა ასეთი აქტივი, როგორიცაა საოპერაციო დანაკარგებთან დაკავშირებული მომავალ პერიოდზე გადატანილი გამოუყენებელი ზარალი ან გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტები, სრულად უნდა დაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 34, 2015), როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. გადავადებული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც შეიძლება გაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო აქტივთან, არ უნდა შეიცავდეს თანხას, რომელიც უკვე გაიქვითა გუდვილის და სხვა არამატერიალური აქტივების კორექტირებისას და უნდა გადანაწილდეს გადავადებული საგადასახადო აქტივის სრულად და ზღვრული დაქვითვის პროპორციულად.

ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის თანხა, რომელიც დაკავშირებულია საბალანსო უწყისის იმ ელემენტების ჰეჯირებასთან, რომლებიც არ არის აღიარებული სამართლიანი ღირებულებით (მათ შორის, დაგეგმილი ფულადი ნაკადები), არ უნდა იქნას გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას (დადებითი თანხა უნდა გამოაკლდეს, ხოლო უარყოფითი თანხა უნდა დაემატოს). ამგვარი მიდგომით, ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი არ უნდა იქნას აღიარებული პრუდენციული მიზნებისთვის. ელემენტები, რომლებიც იწვევენ ხელოვნურ მერყეობას ძირითად კაპიტალში არ აღიარდება. ინვესტიციები საკუთარ აქციებში უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. კომერციული ბანკის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ინვესტიციები საკუთარ ჩვეულებრივ აქციებში მთლიანად დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან (თუ უკვე არ მოხდა მათი აღიარების შეწყვეტა შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით). გარდა ამისა, ნებისმიერი საკუთარი აქცია, რომელიც კომერციულმა ბანკმა უნდა გამოისყიდოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.

დამატებითი პირველადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ დამატებით პირველად კაპიტალში და მეორადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ მეორად კაპიტალში.

კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში ჯვარედინი მფლობელობა (ურთიერთმფლობელობა), რომელიც კაპიტალის ხელოვნურ გაზრდას იწვევს, სრულად დაიქვითება საზედამხედველო კაპიტალიდან. კომერციულმა ბანკებმა უნდა დაქვითონ სხვა ბანკების, სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების კაპიტალში აღნიშნული ტიპის ინვესტიციები „შესაბამისი დაქვითვის მეთოდის“ გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ წესის შესაბამისად თუ იგი თავად კომერციული ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული.ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალი (კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, 2017).

აქტივების კლასიფიკაციის შედეგად მიღებული რეზერვების უკმარისობა უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, კერძოდ, დაქვითვას ექვემდებარება ეროვნული ბანკი მიერ დადგენილი აქტივების კლასიფიკაციის წესზე დაყრდნობით გაანგარიშებული შესაძლო დანაკარგების რეზერვების მეტობა ფასს–ით გაანგარიშებულ შესაძლო დანაკარგების რეზერვზე. ამასთან,ღირებულება სრულად უნდა დაიქვითოს და არ უნდა მოხდეს ღირებულების შემცირება რაიმე საგადასახადო ეფექტებით, რომლებიც წარმოიშობოდა თუ რეზერვების დონე მიაღწევდა მოსალოდნელი დანაკარგების დონეს (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 38, 2017).

ინვესტიციები კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში, რომლებიც არ ექვემდებარება საზედამხედველო კონსოლიდირებას უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს. თუ მოცემული ორგანიზაციის კაპიტალის ინსტრუმენტი, რომელშიც კომერციულ ბანკს აქვს ინვესტიცია განხორციელებული,არ აკმაყოფილებს ამ დებულების განსაზღვრულ ძირითადი პირველადი, დამატებითი პირველადი და მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს, ამ საზედამხედველო კორექტირების მიზნებისთვის ინსტრუმენტი უნდა მიეკუთვნოს ჩვეულებრივ აქციებს (ძირითადი პირველადი კაპიტალი), ხოლო თუ ინსტრუმენტი გამოშვებულია კომერციული ბანკის მიერ და არ მიეკუთვნება საზედამხედველო კაპიტალს, იგი არ უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. ინვესტიციები,რომლებიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ აქციებს, სრულად უნდა დაიქვითოს შესაბამისი დაქვითვის მეთოდის გამოყენებით. შესაბამისი დაქვითვის მეთოდის მიხედვით, დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ წესის შესაბამისად, თუ იგი თავად კომერციული ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. თუ კაპიტალის კონკრეტული კომპონენტიდან დაქვითვის მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულ ბანკს არ აქვს აღნიშნული კომპონენტის საკმარისი ოდენობა, დარჩენილი თანხა უნდა დაიქვითოს მომდევნო (უფრო მაღალი) რანგის კაპიტალიდან.აქციების ფლობა და სხვა სახით 10%–ზე მეტი წილის ფლობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.

ჩვეულებრივ აქციებში განხორციელებული ინვესტიციები დაექვემდებარება ზღვრულ მიდგომას (ზღვრული დაქვითვის მეთოდი):

ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას ქვემოთ მოცემული ელემენტები დაექვემდებარება ლიმიტირებულ აღიარებას/ჩათვლას ძირითად პირველად კაპიტალში სრულად დაქვითვის ნაცვლად. აღიარებას ექვემდებარება თითოეული ელემენტი არაუმეტეს ძირითადი პირველადი კაპიტალის 10%-ის ოდენობით.

მნიშვნელოვანი ინვესტიციები არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციები 10%-ზე მეტს და ინვესტიციები კომერციულ ბანკთან მონათესავე არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში დროებითი სხვაობების შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივები (დებულება, კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ, 2017).კომერციულმა ბანკმა ასევე უნდა დაქვითოს ზემოთ ხსენებული ორი ელემენტის ჯამის ის ნაწილი,რომელიც აჭარბებს ძირითადი პირველადი კაპიტალის (დათვლილი ზემოხსენებული ელემენტების დაქვითვამდე, მაგრამ ძირითადი პირველადი კაპიტალის ყველა სხვა დანარჩენი საზედამხედველო კორექტირებების გათვალისწინების შემდეგ) 15%–ს (კანონი კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ, 2013);

დასკვნა

ინვესტიციები არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 10%-ზე ნაკლებს დაექვემდებარება ლიმიტირებულ აღიარებას/ჩათვლას: თუ ინვესტიციები ჯამურად აჭარბებს კომერციული ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის 10%–ს ნამეტი თანხა უნდა იქნას დაქვითული. ძირითადი პირველადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. დამატებითი პირველადი კაპიტალიდან უნდა

დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. მეორადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული მეორადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე (კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, 2013).

ლიტერატურა:

  1. №100/04, ბ. (2013). კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების. კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების, 4.
  2. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 34. (2015 წლის 2 july). saras.gov.ge. მოპოვებული www.saras.gov.ge: https://www.saras.gov.ge/Content/files/IAS-BASS/2017/2017_IAS_01.pdf-და
  3. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 38. (2017 წლის 2 july). ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 38. მოპოვებული saras.gov.ge: https://www.saras.gov.ge/Content/files/IAS-BASS/2017/2017_IAS_38.pdf-დან
  4. კანონი კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ. (2013). კანონი კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ . თბილისი.
  5. კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ "საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე". (2001). „კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. თბილისი.
  6. კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ. (2017). საქართველოს კანონი.
  7. კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება. (2017 წლის 2 july). www.nbg.ge. მოპოვებული www.nbg.ge: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3248-დან
  8. კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე. (2013). კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე. თბილისი: საქართველოს მაცნე.
  9. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”. (2017).
  10. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”. თბილისი.
  11. საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. (2001 წლის 2 july). www.matsne.gov.ge. მოპოვებული www.matsne.gov.ge: https://matsne.gov.ge/ka/document/view/15718?publication=0-დან
  12. საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ. (1996). საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ. თბილისი.

The New Economist, N1-2 (2020), Vol 15, Issue 1.

axali ekonomisti kda stamba saboloo-page-0011111111111.jpg
Published Date:

02/07/2020