Logo

Again about the investment environment in Georgia Or what kind of investor do we need? / ისევ საინვესტიციო გარემოს შესახებ საქართველოში ანუ როგორი ინვესტორი გვჭირდება?

Loid Karchava-11.JPG
Loid Karchava / ლოიდ ქარჩავა

Doctor of Business Administration, Professor of Georgian Technical University / ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

Abstract

The article discusses the pros and cons of foreign investment for the country's economy. Foreign investment should not be just a business tailored to the interests of the investor. It must protect the economic and national interests of the local population. The locals should not only act as black laborers, and not only should Luke receive bread in his own country in exchange for slave labor, but he should also become the owner of a certain share. The article provides a number of factual data, arguments to support the proposals put forward.

Keywords: investor, investment environment, profit, property, business / ინვესტორი, საინვესტიციო გარემო, მოგება, საკუთრება, ბიზნესი.

ანოტაცია

სტატიაში განხილულია უცხოური ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი მხარეები ქვეყნის ეკონომიკისათვის. უცხოური ინვესტიცია არ უნდა იყოს მხოლოდ ინვესტორის ინტერესებზე მორგებული ბიზნესი. ის უნდა იცავდეს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ და ეროვნულ ინტერესებს. ადგილობრივი მოსახლეობა არ უნდა გამოვიდეს მხოლოდ შავი მუშის როლში და მონური შრომის საფასურად მხოლოდ ლუკმა პურს არ უნდა იღებდეს საკუთარ ქვეყანაში, არამედ ის უნდა გახდეს გარკვეული წილის მესაკუთრეც. სტატიაში მოცემულია რიგი ფაქტობრივი მონაცემები, არგუმენტები წამოყენებული წინადადებების დასადასტურებლად.

ჩვენს საზოგადოებაში მიღებული აზრია (ამას ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან ბოლო 20 წლის მანძილზე), რომ ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, კარგი ნიშანია. მის დადებით მხარეებად ითვლება ის, რომ დასაქმდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და გადასახადების სახით გარკვეული თანხები შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ერთიც და მეორეც, მართლაც, დადებითი და მისაღები მომენტია, მაგრამ არა საუკეთესო ვარიანტი. არ ვამბობთ, რომ ინვესტიციები არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, პირიქით უნდა შემოვიდეს, მაგრამ საკითხავია ვისი ფული შემოდის, რაში იდება შემოსული ინვესტიცია და რა სარგებლობა მოაქვს მას ქვეყნისთვის და რა სარგებლობა მოქვს ინვესტიორისთვის. ინვესტორი სულელი არ არის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოგება ნახოს და თვითონ კი - ზარალი. ბიზნესის კანონია, რომ ორივე მხარემ სარგებელი უნდა მიიღოს გარიგების შედეგად, მაგრამ მოგების განაწინილება არ უნდა იყოს თანაფარდობით 90/10-ზე ინვესტორის სასარგებლოდ.

მაშ, ჩავუღრმავდეთ, რა არის მისი უარყოფითი მხარეები?

ის, რომ თუ ჩვენ აქცენტს ავიღებთ მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე და მის ხარჯზე მოხდება ეკონომიკის აღმავლობა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ყველაზე მომგებიან დარგებს შეისყიდიან უცხოელები, რომელთაც (სავარაუდოდ) წილში ჩაუჯდება ადგილობრივი მაღალი დონის ჩინოვნიკი (ამ ცდუნების ალბათობა ძალიან დიდია ნებისმიერ ქვეყანაში და ხელისუფლებაში). თუ წინა ხელისუფლების მსგავსად განვითარდა მოვლენები, ადგილობრივებს დაასაქმებენ იაფ მუშა-ხელად, დროებით მუშად, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით ექნება მხოლოდ მოსამსხურის ფუნქცია და მეტი არანაირი უფლება. უფრო მეტიც, ტოპ-მენეჯერები ხომ უცხოელები იქნებიან, ძალიან დიდი ალბათობით, რიგითი თანამშრომლების უმრავლესობასაც უცხოელებს ჩამოიყვანენ (ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები იუსტიციის სახლის მშენებლობისას თბილისში), ადგილობრივები კი (თუნდაც დიპლომიანები) - შეიძლება იყვნენ დამლაგებლები, მიწის მთხრელები, მძღოლები, მიმტანები და ა.შ., როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მართალია, ახლა მზადდება კანონპროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“, მაგრამ იქ ყურადღება გამახვილებულია ადგილობრივების დასაქმების უპირატესობაზე, გარკვეულ შეზღუდვებზე, თუმცა ეს მაინც არ გვგონია საუკეთესო გამოსავალი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამით ძირითადი პრობლემა, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ აქცენტებს, ვერ გადაწყდება.

მთავარი პრობლემა, რომელსაც არც ერთი ხელისუფლება დღემდე ვერ თუ არ აქცევს ყურადღებას, ნებსით თუ უნებლიედ, ისააა, რომ უცხოელ ინვესტორს მთელი მოგება თავის ქვეყანაში მიაქვს. მოვიტანოთ კონკრეტული მაგალითი: 2011 წელს საქართველოში წარმოებულია 9912,2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია [3,გვ.255], რომლის სარეალიზაციო ღირებულება 1,5 მილიარდ ლარზე მეტია. აქედან სუფთა მოგებაა სულ ცოტა 10%. ე.ი. მინიმუმ 150 მილიონი ლარი (შეიძლება 2-ჯერ მეტიც) გავიდა ქვეყნიდან, მარტო ერთი წლის მანძილზე, მხოლოდ ერთი დარგიდან, რადგან ელექტროსისტემაში მომუშავე კომპანიების დაახლოებით 90% უცხოური (კერძოდ, რუსული) კომპანიების ხელშია. მკითხველს ვურჩევდით, თუ ჯერაც არ წაუკითხავს თ. ჭიჭინაძის „ქართული ეკონომიკის მკვლელები“, თბ. 2014, წაიკითხონ, და ასევე, წაიკითხონ ან მოისმინონ ჯონ პერკინსის „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ (Jon Perkins – Confessions of Economic Hitman,, https://www.youtube.com/watch?v=pWiq7l6poQk).

ამგვარ შემთხვევაში, ადგილობრივი ადამიანი ვერასოდეს შეძლებს მისთვის კონკურენციის გაწევას, თუ არ იქნება გატარებული პროტექციონისტული პოლიტიკა. ცნობისათვის, იაპონიას 11 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე აქვს პროტექციონისტული მიდგომა. რაღა შორს მოვდივართ, თურქეთი ავიღოთ, ევროკავშირის ქვეყნები ავიღოთ. . . პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გავატაროთ არა მხოლოდ საიმპორტო საქონელზე, არამედ უცხოურ ინვესტიციებზეც და უპირატესი მნიშვნელობა მივანიჭოთ ქართულ კაპიტალს, ქართველი მიგრანტების კაპიტალს. ამ თემას მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით. გასაგებია საერთაშორისო ინსტიტუტების ზეწოლა, მაგრამ თუ გონიერებას გამოვიჩენთ, შეუძლებელი არაფერია. უდიდესი გონიერება და ძალისხმევაა საჭირო ამგვარი წინააღმდეგობების გადასალახავად პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც სჭირდება საზოგადოების თანადგომა.

თუ ზემოთხსენებულ ელექტროსისტემაში მომუშავე კომპანიების მფლობელი იქნებოდა რეზიდენტი პირი, ის ამ სუფთა მოგების რეინვესტირებას მოახდენდა საქართველოში და კიდევ ახალი დარგის ამოქმედება მოხდებოდა, ან იმავე დარგის გაფართოება, შეიქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები. დღეისათვის კი ჩვენ გვრჩება მხოლოდ დაპურებული მუშა-ხელი და გამდიდრებული ინვესტორი. ხელფასი, რომელსაც იღებს აქ დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ 95%, ეს მხოლოდ მათი საარსებო საშუალებაა.

ასეთ მდგომარეობაშია თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი:

- კაზრეთის ოქროს საბადო („მადნეული“ და „კვარციტი“);

- ჭიათურის მარგანეცის საბადო;

- ფოთის პორტი;

- ბათუმის პორტი;

- რუსთავის მეტალურგიული ქარხანა;

- ელექტროსისტემაში მომუშავე ყველა მსხვილი ორგანიზაციები და ა.შ.

ერთადერთი, რკინიგზა არ გაყიდულა, ვერ მოასწრეს...

ამასთან, როცა დანგრეულ ეკონომიკაში შემოდის უცხოელი ინვესტორი, ის დარგის მონოპოლისტი ხდება, აითვისებს ბაზარს და რადგან ადგილობრივებს შესაბამისი კაპიტალი არ აქვთ და მას ვერც ვერასოდეს წამოეწევიან ადგილობრივი ბიზნესმენები. არადა დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის მთავარი წინააღმდეგობა სწორედ ბაზრის გადანაწილებაშია.

აქ ყველაზე მეტად შესაფერისია ილია ჭავჭავაძის მაგალითი: 1882 წელს უცხოელმა კაპიტალისტმა მეისნერმა გადაწყვიტა კახეთის ზვრების შესყიდვა, რაშიც ის მილიონ ნახევარს გადაიხდიდა ოქროთი. და ეს მაშინ ძალიან დიდი ფული იყო, ერთი ცხვარი ღირდა 12 აბაზი. ქართველთა ნაწილმა ეს მოიწონა, მაგრამ ილია ჭავჭავაძემ სწორედ მაშინ დაწერა სტატია „ბატონ მეისნერის პროექტი“, სადაც მან კარგად დაასაბუთა, რომ მეისნერი თუ შეისყიდის კახეთის მიწებს, ის ჩვენს გლეხებს პროლეტარად გადააქცევს და ჩვენს ღვინოს მამასისხლად მოგვყიდისო. ამ სტატიის გამოსვლის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა მეისნერს კახეთის მიწების მიყიდვაზე.[7] და თუ დღეს ჩვენ ვყიდით მიწებს უცხოელებზე ეს ან ჩვენი უვიცობის, უწიგნურობის ბრალია ან იმის მოღალატური ქმედება, ვინც ამას აკეთებს. სწორედ უცხოური კაპიტალის როლზე საუბრისას ამბობს ილია ჭავჭავაძე _ „უფულო ერი ფულიანთა საძოვარი, მისი საცხოვრისი ხდება“.[4, გვ. 23-24] და იქვე აგრძელებს, „ქურდბაცაცა ბურჟუაზია და კაპიტალიზმის გაუმაძღარი სტომაქი ქართველებს სახსენებელს გაგვიწყვეტს, თუ ჩვენი მხრიდანაც ჩვენი ცხოვრების უწერელი კანონები არ მოვიმარჯვეთ. . . კაპიტალი, როცა ნამუსიანია, კარგია, მაგრამ უნამუსო კაპიტალი - ჩარჩული ფული ბუნებითად მხდალია, იმიტომ, რომ ქურდბაცაცაა - იქა მკის, სადაც არ უთესია. . .“ [4, გვ.24]

უცხოური ინვესტიციებისთვის უპირობოდ კარის გაღება, მით უმეტეს მასიურად, შეიძლება შევადაროთ ოჯახს, რომელიც შვილს ვერ აჩენს იმის გამო, რომ ეკონომიურად უჭირს. ამ დროს უცხოელი გთავაზობს, - იშვილე ჩემი ერთ-ერთი შვილი, რომელიც საჭმლის ფულს მოგცემს. შენც დათანხმდე, შვილი არ გააჩინო და შენს მერე მას გადაეცემა მთელი შენი მემკვიდრეობა. თუ ამას ეთანხმები, ე.ი. შენთვის მნიშვნელობა არა აქვს მომავალს, მთავარია დღეს იყო დაპურებული, გაივსო საკუთარი „სტომაქი“ და მიიღოო სხვა ამქვეყნიური წუთიერი სიამოვნებები. ასეთი იდეოლოგია არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის უპირველესი მტერი. რადგან „ნაშვილები“ უცხოელი დაეპატრონება შენს მამა-პაპის სისხლით შენარჩუნებულ, ისედაც განახევრებულ საქართველოს და საქართველო დარჩება ქართველების გარეშე. როგორც დიდმა ილია მართალმა თქვა – ,,ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო რა – შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს“(,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ“) და „. . . ქართველებს სახსენებელს გაგვიწყვეტს. . .“ [4, გვ.24]

ვინმეს განა ეჭვი ეპარება იმაში, რომ უფრო ნორმალურია საკუთარი შვილი გყავდეს და თუნდაც გაჭირვებით, საკუთარი სახსრებითა და შრომით გამოზარდო, აღზარდო შენი ერის წიაღში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული პატრიოტული მენტალიტეტით და ა.შ. ლტოლვა უცხოურისკენ, ან უცხოელის ჩამოყვანისკენ, თუნდაც უცხოეთში წასვლისკენ, ესაა ნაბიჯი გადაგვარებისკენ, მით უმეტეს გლობალიზაციის ეპოქაში. უცხოეთში მიდიოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, დიდი მამულიშვილები, მაგრამ სასწავლებლად, რათა მათი გამოცდილება სამშობლოსთვის მოეხმარათ და არა ტკბილი, საამური ცხოვრების საძებნელად და იქ დასარჩენად.

იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანიის მფლობელი ადგილობრივი პირია, ის ყოველთვის უფრო ჰუმანურია და შესაბამისად, შედარებით მაღალ ანაზღაურებას აძლევს დასაქმებულებს. ფორდის მაგალითი რომ ავიღოთ, ის ჯერ კიდევ XX საუკუნის 10-იანი წლების შუა ხანებში დღეში 5 დოლარს უხდიდა თავის მუშა-ხელს. ეს იმდენად მაღალი ანაზღაურება იყო იმ დროისათვის, რომ თავის ერთ-ერთ წიგნში ჯონ ჰანტერი წერდა: „1914 წელს მოხდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა: ჯერ იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა. ოდნავ ადრე კი, მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ ფორდი მუშებს სამუშაო დღეში მინიმუმ 5 დოლარს გადაუხდის. არა ვარ დარწმუნებული, თუ ამ მოვლენათაგან, რომელი დაამახსოვრდება ხალხს ყველაზე მეტად.”[2,გვ.29] ფორდი არარეზიდენტი ბიზნესმენი რომ ყოფილიყო, საეჭვოა, მას ასეთი დიდი ხელფასი მიეცა თავისი მუშებისათვის, მაშინ როდესაც გარეთ უმუშევართა რიგი იდგა. ქართველებში კი მეცენატობა და ქველმოქმედება სხვებისგან არ გვესწალება. ჩვენს წარსულში ამის შესანიშნავი მაგალითია დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია და სხვები, უახლოეს წარსულში და დღესაც კი – ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენ გვინდა და გვჭირდება შევიმუშაოთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ისეთი მექანიზმი, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა იქნება პარტნიორი, მესაკუთრეც (თუ რა წილში, ეს მოლაპარაკებისა მსჯელობის საკითხია) და არა მხოლოდ მოსამსახურე ყოველგვარი უფლების გარეშე. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ოქროს შუალედი, რომელიც მისაღები იქნება ინვესტორისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. მარტო უცხოური ინვესტიციები და მათ მიერ ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა არ უნდა იყოს თვითმიზანი, საკითხავია რის ფასად გვიჯდება ჩვენ ეს „ინვესტიცია“, რა სარგებლობას ხედავს უცხოელი და რა სარგებლობას ხედავს ადგილობრივი? შევადაროთ, გავაანალიზოთ ეს მომენტები და თუ ჩვენთვის უკეთესი პირობებია, მხოლოდ მაშინ დავრთოთ ნება უცხოურ ინვესტიციებს და არ ნებისმიერს. ეს საკითხიც საჯარო, უფრო ექსპერტების განხილვას უნდა ექვემდებარებოდეს ჩვენის ღრმა რწმენით.

მთავრობის წევრებისგან გვესმოდა და გვესმის მომღიმარი სახის გამომეტყველებით წარმოთქმული ასეთი სიტყვები: „ჩვენ შევხვდით უცხოელ ბიზნესმენებს...“ (ასახელებენ ქვეყნებს, ფირმებს, მათ მენეჯერებს. . .), „ისინი აპირებენ ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტირებას საქართველოში“. . . და ა.შ. იბადება კითხვა: რატომ უნდა ხვდებოდეს ხელისუფლების წარმომადგენელი უცხოელ ბიზნესმენებს? შენ ხარ სახელმწიფო მოხელე, ხელისუფალი, პოლიტიკის გამტარებელი. კეთილი ინებე და შეიმუშავე პოლიტიკა მეცნიერებისა და სპეციალისტების, დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, ხოლო ინვესტორი თვითონ მოძებნის გზას ინვესტიციების ჩასადებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების მაღალი დონის ჩინოვნიკი ფარულ გარიგებაში შედის უცხოელ ინვესტორთან და ხელსაყრელ პირობებს უქმნის აქ ბიზნესის ასაწყობად. ასეთი ბიზნესი უცხოელისთვის კი იქნება ბიზნესი, რადგან ფულს აკეთებს, მაგრამ ქვეყნისთვის, ცალკეული მოქალაქისთვის რა იქნება? არაფერი! უფრო სწორად, შანსს გვართმევს ოდესმე ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ბიზნესი ავაწყოთ.

სად ვეძებოთ ინვესტორი?

მიგვაჩნია, რომ ყველა რაიონმა, ქალაქმა, სოფელმა უნდა გააკეთოს იმ ბიზნესმენთა სია, რომლებიც თავისი რაიონიდან, ქალაქიდან არიან წასული საზღვარგარეთ. მოიძიონ მათი კოორდინატები, რათა მათ შესთავაზონ პირველ რიგში, - ინვესტიციები განახორციელონ საკუთარ რაიონში, საკუთარ ქალაქში, ხოლო სახელმწიფო გარანტად დაუდგეს და ხელი შეუწყოს, მათ მისცეს შეღავათები პირველ რიგში, ხოლო შემდეგ თუ აუცილებლობა იქნება, გამონაკლისის სახით მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები. აღნიშნული საკითხის უფრო კონკრეტულად შესწავლა და მოფიქრება შეიძლება, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება – ჩვენიანების დაბრუნება სამშობლოში.

ეს იმიტომ არის კარგი და საუკეთესო ვარიანტი, რომ თავის რაიონში და ქალაქში უფრო ადვილად წამოვა კაცი, რადგან მას იქ ნათესავები და ახლობლები ჰყავს, იცის აქაურობა და მაღალია ნდობის ფაქტორი. მასში აუცილებლად იმოქმედებს პატრიოტული გრძნობაც, ეს ქართველი ადამიანის ბუნებაშია, ხასიათშია, გენშია. თუ უცხოელი მაქსიმალურად მოგებაზე იქნება ორიენტირებული, ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე, რომელსაც დიდი ფული დაუგროვებია, დიდი ალბათობით, უმრავლესობა სიამაყის გრძნობით გაიღებს თანხას თავისიანების დასახმარებლად. მით უმეტეს მომგებიანი ბიზნესის შემთხვევაში. სახელმწიფო იდეოლოგია და მოთხოვნაც უნდა იყოს ისეთი, რომ მათ პატივისცემით მოეპყრას ყველა დონის სახელმწიფო ჩინოვნიკი და რიგითი მოქალაქე.

მათ, როგორც აქ, საქართველოში, ისე იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი აქვს აწყობილი, ადვილად შეუძლიათ განსაზღვრონ რა პროდუქციაზეა იქ მეტი მოთხოვნილება. აქედან გამომდინარე, ბევრი მათგანი აქცენტს გააკეთებს სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციაზე, გადამამუშავებელ ქარხნებზე და ა.შ. ზოგიერთებს სხვა სფეროში აქვს გამოცდილება, თუნდაც მოძებნოს გასაღების ბაზარი, ეს ხომ უმნიშვნელოვანესი საკითხია.

ჩვენი მიზანი ხომ მარტო ის არ არის, რომ ბიზნესი აღორძინდეს და ქვეყანაში ლამაზი ხიდები და შენობები აშენდეს, თუნდაც უცხოელი ინვესტორების ხარჯზე, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა იყოს ეკონომიურად ძლიერი.

უფრო შედეგიანი და მრავალმხრივ სასარგებლო იქნება თუ აქცენტს ავიღებთ მდიდარი ქართველი ემიგრანტების დაბრუნებაზე და მათი კაპიტალის საქართველოში ინვესტირებაზე. თუ ქართველი მულტიმილიონერები საზღვარგარეთ აბანდებენ კაპიტალს, ეს იმიტომ კი არ არის, რომ საქართველო არ უყვართ ან აქ ნაკლენად შეიძლება ბიზნესის კეთება. სამწუხაროდ, ისევ დაბალია ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მას და მის ბიზნესს არ შეეხებიან.

საქართველოდან გასულ ადამიანებს თუ შევუქმნით ღირსეულ სამუშაო პირობებს, მათი უმრავლესობა დაბრუნდება სამშობლოში. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ეკონომიკის ზრდას. ამიტომ ხელისუფლებას არ უნდა შეეშინდეს ბიზნესის კეთებისთვის პირობების გამარტივებისა, თუნდაც დროებითი „ჩავარდნის“ ხარჯზეც კი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმ შეღავათებით, რაც ვთქვათ, გადასახადის განაკვეთის შემცირებით, ან გარკვეული კატეგორიისთვის გადასახადისაგან დროებით განთავისუფლების გამო შეიძლება მივიღოთ.

ექსპერტების აზრით (ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს), ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო დატოვა მინიმუმ 1,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა. აქედან, დაახლოებით 70-80% დასაქმებულია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში ყოველწლიურად მიგრანტი ქართველები 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს უგზავნიან თავიანთ ნათესავებს. თუ ქვეყანა სწორად გათვლილი პოლიტიკით იმოქმედებს, შესაძლებელია ქართველ მიგრანტთა მინიმუმ ნახევრის დაბრუნება ეტაპობრივად.

ელემენტარული გათვლა გავაკეთოთ, თუ რა შედეგს მოგვცემს ეს: ქართველ მიგრანტთა ნახევარი ესაა 500-600 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი. წარმოიდგინეთ 500-600 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, საშუალოდ 1000 ლარიანი ხელფასით თვეში, რაც რეალურია და მიღწევადი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით 4-5 წელიწადში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სახელფასო ფონდის მოცულობა იზრდება 500-600 მლნ ლარით თვეში, წელიწადში კი – 6-7 მილიარდით. ასევე, მარტო ხელფასის ფონდიდან საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტი დამატებით მიიღებს დაახლოებით 1,2-1,4 მილიარდის შემოსავალს.

ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ ამას. თუ ხელფასის ფონდი წელიწადში 6-7 მილიარდით გაიზრდება, შესაბამისად, მარტო ამ ხელფასის წყაროს (ახალი წარმოება-დაწესებულებების) ხარჯზე რამდენიმე ათეული მილიარდით გაიზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტიც. გარდა ამისა, მოსახლეობის ზრდა იწვევს მოთხოვნილების ზრდას ყველა სახის პროდუქტზე და პროდუქციაზე. მოთხოვნა თავისთავად განაპირობებს მიწოდების ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებების დაუყოვნებლივი შემუშავება, საერთო-სახალხო განხილვა და მიღება. სწორი პოლიტიკით სწრაფად შეიძლება ეკონომიკის აღდგენა. სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ მიგრანტ ქართველთა დაბრუნება უნდა იყოს.

დღეისათვის საქართველო ერთადერთია იმ რამდენიმე სახელმწიფოთა შორის, რომელთაც დაქირავებული შრომით დაკავებულები საზღვარგარეთ უფრო მეტი ჰყავთ, ვიდრე თავისთან, სამშობლოში (არანაკლებ 30%-ით)[6]. ამგვარი პოლიტიკა ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებასაც.

შეიძლება ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ პრობლემად ზოგიერთმა კადრების არაკვალიფიციურობა დაასახელოს, მაგრამ თუ იმ ფაქტებს გავითვალისწინებთ, რომ საქართველოდან გასული მიგრანტების უმრავლესობა დასაქმებულია და იქ იმდენ პროდუქტს ქმნიან, რომ საქართველოში წლის განმავლობაში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს აგზავნიან თავიანთ ოჯახებში, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი კვალიფიკაცია მოთხოვნადია საზღვარგარეთ და ის მოთხოვნადი იქნება საქართველოშიც. ზემოთ თქმულს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენი წარმატებული ქართველი მიგრანტები ნელ-ნელა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში თავიანთი გამოცდილებით, ბიზნესკავშირებით და კაპიტალით. ეს გვესახება ყველაზე ეფექტურ, სწრაფ და იოლ გზად ქვეყნის აღმავლობისათვის. ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე დიდი ეროვნული, ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული პოლიტიკა. ყველას, ვინც საქართველოშია დაბადებული, უკლებლივ უნდა მიეცეს საქართველოს მოქალაქეობა, თუ ისინი ამას მოისურვებენ. ხელი შეეწყოს მათ ჩამოსვლას საქართველოში, ბიზნესის ასაწყობად გარკვეული შეღავათები მიეცეთ და ა.შ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დ. ნარმანია, ბიზნეს-გარემოს სრულყოფის კონცეფცია, ძირითადი მიმართულებები, თბილისი, 2012;
  2. ლ. ქარჩავა, გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან, „ლოი”, 2006;
  3. დ. ჩომახიძე, ენერგეტიკის მდგრადი განვითარების რეგულირების პრინციპები, „ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2012;
  4. ი. ჭავჭავაძე, თხზ. თ.VII, თბ., 1956წ
  5. თ. ჭიჭინაძის „ქართული ეკონომიკის მკვლელები“, თბ. 2014.
  6. საქართველოს მოსახლეობა/..., http://froph.com/
  7. http://www.open.ge/ dex.php?m=88&y=2010&art=23378
  8. Jon Perkins – Confessions of Economic Hitman,, https://www.youtube.com/watch?v=pWiq7l6poQk

The New Economist, N 3-4 (2014), Vol 9, Issue 3.

Eko-2014 3-4 -11.jpg
Published Date:

31/12/2014