Logo
კონკურენციის სააგენტო სტუდენტების დასაქმების პერსპექტივით, საგანმანათლებლო  პროგრამას იწყებს

კონკურენციის სააგენტო სტუდენტების დასაქმების პერსპექტივით, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

Published Date: 09/02/2023

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (GNCA) პირველ ფართომასშტაბიან საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ იწყებს. პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.

მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის და აღსრულების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის თებერვლის თვეში სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციების გამართვა იგეგმება, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა - სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ. შეხვედრებზე სტუდენტებს მიეწოდებათ ზემოაღნიშნული სტაჟირების პროექტის შესახებ ინფორმაცია.

კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, 13 მარტს, თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიმართება.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 ივნისს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შევიდა, ხოლო 1 ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მინიჭებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღსრულების პროცესი დაიწყო. კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე consumer@gnca.gov.ge განაცხადი უნდა წარმოადგინონ.  საკონკურსო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://admin.competition.ge/uploads/3f5ca1bdced64f7db5d35cba05c22d44.pdf