Logo

INTERVIEW with the Minister of Finance of Georgia, Mr. Nodar Khaduri / ინტერვიუ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან - ბატონ ნოდარ ხადურთან

Published Date: 02/07/2013

2.jpg

მკითხველს მოეხსენება, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთავრობო სტრუქტურული ერთეულია. შესაბამისად, კითხვებიც ბევრია და ინტერესიც აღნიშნული სისტემის მრავალმხრივი ფუნქციების გამო. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი აზრით მკითხველისთვის საინტერესო რამდენიმე კითხვა დაგვესვა საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის, ბატონ ნოდარ ხადურისთვის, რომელმაც ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

- ბატონო ნოდარ, თქვენ განაცხადეთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტი იქნება თვისობრივად ახალი. რას გულისხმობდით, რა პრინციპებზე იქნება აგებული ბიუჯეტი?

- არჩევნების შემდგომ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა საბიუჯეტო რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე და საბიუჯეტო პროცესის გამჭირვალობის ზრდაზე. რადიკალურად შეიცვალა 2013 წლის ბიუჯეტი. გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც ასობით მილიონი ლარი მიემართებოდა ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომელსაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არანაირი ეფექტი არ მოჰქონდა, ბიუჯეტი მსგავსი არაეფექტური პროექტებიდან გამოთავისუფლდა და რესურსი მთლიანად მიიმართა ახალი ხელისუფლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების დასაფინანსებლად. ამჟამად დაწყებულია მუშაობა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომელიც იქნება პროგრამულ პრინციპებზე აგებული, რაც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას ბიუჯეტი მთლიანად დაიგეგმოს წინასწარ განსაზღვრული შედეგების მისაღწევად და საბიუჯეტო პროცესი იყოს იმდენად გამჭირვალე, რომ საზოგადოებას მუდმივად შეეძლოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლი.

- რამდენად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის? 

- ჩვენს მიერ მომზადებული 2013 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭირვალეა . თითოეულ პროგრამაზე, ასევე „სხვა ხარჯები”-ს მუხლით გათვალისწინებულ თანხებზე წარმოდგენილია განმარტებები, თუ რა ღონისძიებების დასაფინანსებლად არის თანხები გათვალისწებული. ახალმა ხელისუფლებამ პირველად წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი ინფორმაცია სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მოცულობებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ. ასევე დეტალურად იყო აღწერილი თითოეული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

- გასული წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეთ საგადასახადო კოდექსში. ამჟამად კიდევ შეტანილია ცვლილებების პროექტი პარლამენტში. რას ითვალისწინებს დოკუმენტი? რით დაეხმარება ამ ცვლილებების ამოქმედება ბიზნესსექტორს?

- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საგადასახადო და საბაჟო სფეროს რეფორმირებისთვის, მათ შორის, მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით, რომლის საბოლოო მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და ქვეყანაში კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაა. 

ამჟამად, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობას, ქველმოქმედების წახალისებას, გარკვეული კატეგორიის გადამხდელთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიმართ საგადასახადო შეღავათების დაწესებას.

კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დარგის განვითარებას.

აღსანიშნავია,  რომ ცვლილებების პროექტით  2014 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე, ნაცვლად დღეს არსებული 3000 ლარისა, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი იმ თანამოქალაქეებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა.

საგადასახადო კოდექსში ხორციელდება რამდენიმე ცვლილება ზოგადად, ქელმოქმედების ხელშეწყობის მიზნით. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებისკენ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, პროექტი ითვალისწინებს 2013 წლის 1 სექტემბრიდან ფილტრიანი სიგარეტებისათვის (ადგილობრივი და იმპორტირებული)  აქციზის არსებული განაკვეთის გაზრდას, რაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების რეგულირებისა და პრევენციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

- ზოგადად, როგორ მუშაობთ ბიზნესთან საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით?

-              საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკაა, თანამშრომლობა ბიზნესთან, მათი პრობლემების მოსმენა და გადაჭრის ერთობლივი გზების მოძიება. ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მუდმივად გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას სირთულეები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას. შესაბამისად, არც ერთი საკანონმდებლო ცვლილება თუ ინიციატივა არ მიიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე. სისტემატურად ვხვდები როგორც მსხვილი ბიზნესგარეთიანებების წარმომადგენლებს, ისე ცალკეული კომპანიებისა და ბიზნესჯგუფების წარმომადგენლებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს და წინადადებებს.  მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბიზნესის წარმოება საქართველოში იყოს თავისუფალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევისგან, ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პრივილეგირებული ბიზნესმენები, კანონი ყველასთვის იყოს თანაბარი და ბაზარზე მოქმედებდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობები.

- როგორც ცნობილია, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შემოღებულ იქნა დაუბეგვარი მინიმუმის ცნება. რას გულისხმობს ეს ინიციატივა?

- ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დადგენილია დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარის ოდენობით. დაუბეგრავი მინიმუმი უწესდებათ შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე პირებს. კერძოდ, პირებს რომელთა ხელფასის სახით მიღებული წლიური დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს (500X12) ანუ „ხელზე ასაღები” წლიური თანხა არ აღემატება 4800 (400X12) ლარს;

დაქირავებული ფიზიკური პირი, საანგარიშო წლის (2013 წლის) დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის გზით გამოქვითავს და დაიბრუნებს დამქირავებლის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის ხელფასის გაცემისას დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს, რომლის მაქსიმალური ოდენობა იქნება 360 (1800X20%) ლარი;

წლიური დასაბეგრი შემოსავალში არ იქნება გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი. (მაგ, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე პირს წლის განმავლობაში აქვს ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 8 000 ლარი,  იგი დაუბეგრავად მიიღებს დღეს მოქმედი კოდექსით განთავისუფლებულ შემოსავალს 3000 ლარს და რადგან დარჩენილი შემოსავალი 5000 ლარი (8000-3000) არ აღემატება 6000 ლარს, წლის დასრულების შემდეგ დაიბრუნებს დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამის თანხას 360 ლარს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით,  ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე იძულებითი ღონისძიებები არ გავრცელდება დაუბეგრავი მინიმუმის (თვეში 150 ლარი) ოდენობის თანხაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი კატეგორიის ინტერესების გათვალისწინებით, რადგან ადრე მოქმედი ნორმით, ფიზიკურ პირებს მთლიანად ეჭრებოდათ ანგარიშებზე არსებული თანხები, მათ შორის, საარსებო მინიმუმიც. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებიდან აღარ ხდება დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის თანხის ჩამოჭრა და მათ უფლება ექნებათ სრულად განკარგონ ანგარიშზე დარჩენილი 150 ლარის ოდენობის ფულადი სახსრები.

- უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყნის საგარეო ვალის ზრდას უახლოესი წლების განმავლობაში? თუ კი, რაში იქნება მიმართული ახალი კრედიტები?

- საქართველოს საგარეო ვალი წელს 200 მლნ დოლარით მცირდება.  წელს ხდება ორ ვალის - 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებიდან დარჩენილი ვალისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალის მომსახურება. ასე რომ,  როგორც ნომინალში, ისე პროცენტულად მშპ-სთან შეფარდებით შემცირდება საგარეო ვალის ოდენობა. რაც შეეხება ახალი ვალდებულებების აღებას, როგორც იცით, ჩვენი დონორები გვეხმარებიან იაფი რესურსების მოძიებაში, რომელიც ხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას და სხვა) ამ კუთხით, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს თანამშრომლობას დონორ ორგანიზაციებთან. სხვა ხარჯების დასაფარად ქვეყნის ახალი ხელისუფლება ვალს არ აიღებს.

- ჩვენ მივესალმებით ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს შექმნას, რა მიზნები და ამოცანები აქვს აღნიშნულ საბჭოს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ამავე დროს, მუშაობის პროცესში გამოყენებულ იქნას ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც საქართველოში არსებობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა მრჩეველთა საბჭო. მასში შესულები არიან ცნობილი ფინანსისტები და ექსპერტები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევები ყველა იმ საკითხზე, რომლებიც პრობლემურია. საბჭო პერმანენტულად იკრიბება და მინისტრს განსახილველად წარუდგენს მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური ვითარების შესახებ, შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენი ეს ინიციატივა სამინისტროს მუშაობაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვასა და საზოგადოებასთან აქტიურ კოორდინაციას ემსახურება. ამჟამად, მრჩეველთა საბჭო აქტიურადაა ჩართული ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში.

- წინა ხელისუფლების მიერ შემოღებულ იქნა ალტერნატიული აუდიტის ინსტიტუტი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი გადახედვას საჭიროებს?

- რაც შეეხება ალტერნატიულ აუდიტს, ეს საინტერესო პროექტია. ბევრი მიმართულებით შეიძლება საუბარი ალტერნატიული აუდიტის სრულყოფაზე. ცხადია, რომ არსებობს გარკვეული რისკები, და ჩვენი უცხოელი მეგობრები – სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, და ა.შ. – გვეუბნებიან, რომ გარკვეული მოდიფიცირება სჭირდება ალტერნატიული აუდიტის სამსახურს. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, თუმცა ცხადია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ ნაჩქარევად. ყველაფერს ვუთანხმებთ ბიზნესს. ამ კონკრეტულ საკითხზე ჩამოყალიბების პროცესში ვართ, თუმცა საკუთარი მოსაზრებები გაგვაჩნია. არის სფეროები, რომლებსაც ალტერნატიული აუდიტი, ჩვენი აზრით, არ უნდა შეეხოს, და არის სფეროებიც, სადაც ის აუცილებლია.

- დიდი მადლობა ბატონო ნოდარ, რომ დრო გამონახეთ და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე გვიპასუხეთ. წარმატებებს გისურვებთ.

- თქვენც დიდი მადლობა.

ესაუბრა ჟურნალ “ახალი ეკონომისტის” მთავარი რედაქტორი ლოიდ ქარჩავა

02.07.2013.