Logo

INTERVIEW with Chairman of the LEPL Competition and State Procurement Agency - Mr. Tato Urjumelashvili / ინტერვიუ სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარესთან - ბატონ ტატო ურჯუმელაშვილთან

Published Date: 02/10/2013

tato.jpg

მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო შესყიდვების საკითხი ერთ-ერთი აქტუალურია დღეისათვის. ამიტომაც,  ამჯერად ამ საკითხებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს - ბატონ ტატო ურჯუმელაშვილს. გთავაზობთ ამ საბრისას დასმულ კითხვებზე ბატონი ტატოს პასუხებს.

- 2010 წლის ბოლოდან საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემა მთლიანად ელექტრონიზებული გახდა. ელექტრონულად ტარდება ტენდერები და ა.შ. როგორ შეაფასებთ 3 წლის განმავლობაში ამ სისტემის ეფექტიანობას?

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ორგვარად შეგვიძლია შევაფასოთ, ერთი - ციფრებით და მათემატიკურად, მეორე ემოციურად. ციფრებით ეს გამოიხატება წელიწადში  3 ათასის ნაცვლად 30 ათასი ჩატარებული ტენდერით, ანუ ჩატარებული ტენდერების რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან შესყიდვებზე ელექტრონული ტენდერებით დაზოგილმა თანხამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. ემოციურ შეფასებას რაც შეეხება,  ეს არის სისტემის უპრეცედენტო ღიაობა და გამჭვირვალობა, რასაც ანალოგი არ მოეძებნება მთელს მსოფლიოში - სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის . შესყიდვების მიმართ დამოკიდებულება, აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუკი წლების წინ სახელმწიფო შესყიდვები ხასიათდებოდა კორუფციის მაღალი რისკფაქტორების შემცველი პროცესი, დღეს, მისი უპრეცედენტო გახსნილობის, ღიაობის, სიმარტივის გამო აშკარა დადებითი ტენდენციისაკენ მიდის. ასევე, შეიცვალა საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება, კერძოდ: თუკი სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის დაწყებამდე საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებდენენ საქართველოს შესყიდვების სისტემას როგორც მაღალი კორუფციული რისკების შემცველ სისტემას, და ეს შეფასებები ეკუთვნოდა მსოფლიო ბანკს, OECD-ს, EBRD-ს, ევრკოკავშირს, დღეს ეს შეფასებები რადიკალურად 100%-ით შეიცვალა. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანმა ელექტრონულმა სისტემამ გაეროს მიერ ორგანიზებულ ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში „საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია და კორუფციასთან ბრძოლა“. ეს ჯილდო ჩვენი სისტემის მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარებაა.

აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიო ბანკის PEFA (სახელმწიფო ხარჯები და ფინანსური ანგარიშვალდებულება) შეფასებით, რომელიც უკვე 4 ოქტომბერს გამოქვეყნდება,  D+ რეიტინგიდან უმაღლეს A მაჩვენებელზე გადავედით. ასეთი გაუმჯობესება არავის ჰქონია, უმაღლესი ქულა დაგვეწერა. იგივე შეიძლება ვთქვათ EBRD-ს შეფასებაზეც, რომელიც თავის კლიენტ ქვეყნებს შორის საქართველოს შესყიდვების სისტემას საუკეთესო სამეულში ასახელებს. ა.შ.

 - ამ ხნის განმავლობაში ბევრი სიახლე დაინერგა სახელმწიფო შესყიდვებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კონსოლიდირებული ტენდერებია. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს პირველი კონსოლიდირებული ტენდერიც ჩატარდა. თქვენი შეფასებით, რამდენად გაამართლა ამ ტიპის ტენდერმა?

პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. სიტუაცია მანამდე საკმაოდ რთული იყო, ზოგადად ამ ტიპის შესყიდვები თითქმის ყველა ქვეყანაში კონსოლიდირებული ტიპის ტენდერებით ან კონსოლიდირებული ტენდერის ნიშნების მქონე ტენდერებით (ე.წ. framework contracts) ხორციელედება, დაახლოებით 10-მდე სერვისზე და საქონელზე. საქართველოში პირველი კონსოლიდირებული ტენდერი საწვავის შესყიდვაზე ჩატარდა, შემდეგ ფიჭური სატელეფონო მომსახურების, A4 ტიპის ფორმატის ქაღალდის და, ასევე, სტანდარტული ნოუთბუქის შესყიდვაზე. განსაკუთრებით წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს მობილური მომსახურების შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო ორ მიმწოდებელს შორის და ტენდერში დაფიქსირებული ფასები ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, როგორც საუბრების ტარიფებზე, ასევე ინტერნეტ-მომსახურებაზე. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ერთი წელიც კი არ გასულა ტენდერის ჩატარებიდან, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ ტენდერის შედეგად შემსყიდველმა ორგანიზაციებმა დაზოგეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები. საკმაოდ წარმატებული იყო კონსოლიდირებული ტენდერი ნავთობპროდუქციის შესყიდვაზე, სადაც ასევე დაიზოგა საკმაოდ სოლიდური თანხა. ჩვენი სააგენტო აგრძელებს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას ამ კუთხით,  თუ რომელ საქონელზე ან მომსახურებაზე იქნება მიზანშეწონილი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.

 - მიუხედავად იმისა, რომ დღეს სისტემაში 4200-ზე მეტი შემსყიდველი ორგანიზაციაა და 15 ათასამდე მიმწოდებელია დარეგისტრირებული, აქტიური კომპანიების დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ არ იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. როგორ ფიქრობთ, რატომ არ რეგისტრირდებიან მიმწოდებელი ორგანიზაციები? ეს არის წინა პერიოდის ინერცია (ქაღალდების ტენდერების მიმართ უნდობლობა ელექტრონულ შესყიდვებზეც მოქმედებს), ჩართულობის დეფიციტი? მეწარმეთა შიში - სახელმწიფოსთან საქმის დაჭერას ერიდებიან, თუ რამე სხვა პრობლემები?

ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერი ერთად. ერთი რამ შეიძლება გადაჭრით ვთქვათ - სისტემაში რეგისტრაცია არასდროს შეწყვეტილა, კომპანიების რიცხვი მატულობს, ეს არის ძალიან პოზიტიური და თვალსაჩინო დინამიკა.  საქართველოში მოქმედი აქტიური კომპანიების 12 პროცენტზე მეტია დარეგისტრირებული ჩვენს სისტემაში. თუმცა, გეთანხმებით, რეგისტრირებული 15 ათასი მიმწოდებელი იდეალურთან მიახლოებული ციფრი არ არის, მაგრამ ტენდენცია პოზიტიურია.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ცალკე მდგომი კუნძული არ არის, არ არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ის არის ქვეყნის ეკონომიკის ნაწილი და კომპანიები ზუსტად ისევე მოქმედებენ, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ყველა ის პრობლემა, რაც ქართული ბიზნესისთვის არის დამახასიათებელი, აისახება სახელმწიფო შესყიდვებშიც.

- ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით არის შემთხვევები, რომ ტენდერში გამარჯვებული ფირმები ვერ ასრულებენ სამუშაოებს, რადგან სწორად არ იქნა მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტები. კერძოდ, მათი ფინანსური შესაძლებლობები და პრაქტიკა. ხომ არ თვლით საჭიროდ, რომ სატენდერო წინადადების ფორმირებისას პრეტენდენტს სავალდებულო წესით მოეთხოვოს ბოლო სამი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, როგორც ეს მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში. აღნიშნული მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს და გამორიცხავს სახელმწიფო დაკვეთების შესრულებისას შეფერხებებს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ვერ დაგეთანხმებით, რომ საერთაშორისო პრაქტიკაშია სავალდებულო წესით მოითხოვება ბოლო სამი წლის აუდიტირებული ანგარიშების წარდგენა. ეს არ არის კანონით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნა და გამომდინარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილებიდან მოითხოვოს მიმწოდებლის კვალიფიკაციის თუ ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა შესყიდვის შინაარსიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოშიც, ზუსტად იგივე ლოგიკით, როგორც საერთაშორისო პრაქტიკაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფარგლებში შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი ტიპის საკვალიფიკაციო თუ ტექნიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს რისკების შემცირებას და გამორიცხავს სახელმწიფო დაკვეთების შესრულებისას შეფერხებებს: ერთადერთი შეზღუდვაა, რომ მოთხოვნა არ იყოს დისკრიმინაციული ან უქმნიდეს რომელიმე კომპანიას ხელსაყრელ პირობებს.  აქვე აღსანიშნავია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კომპეტენტურად შედგენილ მოთხოვნებს, რომლებიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტის შესაბამის ხარისხს, ხოლო მეორე მხრივ არ შეზღუდავს კონკურენციას.

 - თქვენ აამოქმედეთ, ასევე, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი - გასაჩივრება. ჯადოსნური ღილაკით, როგორც თქვენ უწოდებთ ხოლმე, არც ისე ხშირად სარგებლობენ. რისი ბრალია ეს? ხომ არ გვაქვს სამოქალაქო თვითშეგნების პრობლემა - დათა თუთაშხიას ”არავის საქმეში არ ვერევი“-ს - სინდრომი?

ნაწილობრივ გეთანხმებით. ალბათ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მენტალიტეტშია. დათა თუთაშხიას „სხვის საქმეში არჩარევის“ სინდრომით გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას, რომ ჩვენ სამართლებრივი გზით ჯერ არათუ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას, არამედ საკუთარი პოზიციებისა თუ ინტერესების დაცვასაც კი ვერ მივეჩვიეთ. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული გასაჩივრების სისტემა ნამდვილად ინოვაციური მექანიზმია, მაგრამ ეფექტური იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ამ ღილაკს თითს დააჭერს და გაუშვებს ამ პროცესს. საბედნიეროდ, ბოლო ორ წელიწადში საჩივრების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და უკვე 500-ზე მეტი დავა გვაქვს განხილული. საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტა დავების განხილვის საბჭოში სწრაფად და მარტივად ხდება. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ექვსი წევრიდან სამი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია.

 - საკანონმდებლო ხარვეზებზეც გვინდა გკითხოთ: საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას ეხებოდა და, თითქმის ქება-დიდება იყო მთლიანი სისტემის, აღნიშნული იყო ხარვეზიც: „2012 წელს პრეზიდენტისა და მთავრობის თანხმობით, ადგილი ჰქონდა ჯამში 800 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტების გაფორმებას, რაც შესყიდვების პროცედურების გვერდის ავლით და ბუნდოვან ვითარებაში მოხდა.“ რა კეთდება ამ მიმართულებით?

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიში უკიდურესად პოზიტიურია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიმართ. საკმაოდ ობიექტური და კარგად დასაბუთებული კვლევაა,  შესყიდვების სისტემის ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტია კარგად ახსნილი. 800 მილიონის თემა - ესეც ფაქტია, თუმცა, შეფასებები საზოგადოებისთვის მიგვინდია. არსებული კანონმდებლობით, რომელიც 1999 წლიდან არის ძალაში, ეს დაშვებულია, თუკი არსებობს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა. მთავრობა და პრეზიდენტი ამ უფლებით სარგებლობდა. ამ მიმართულებითაც, შესაბამისი ცვლილებების პაკეტები მომზადებულია, რომელიც აღნიშნული ნორმების საკმაოდ მნიშვნელოვან შეზღუდვას ითვალისწინებს.

-   ,,კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობის 2012 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჭიროა სისტემის (ალბათ იგულისხმება ელექტრონული შესყიდვების სისტემა) შემდგომი გაუმჯობესება, მაშინ როდესაც გასულ წელს OECD-ისა და გაეროს ექსპერტთა შეფასებით საქართველოს და ქართულო ელექტრონულ სატენდერო სისტემას უმაღლესი შეფასება აქვს მიღებული. შესაბამისად, საინტერესოა თქვენი აზრი თუ რის გაუმჯობესებას ესწრაფვით და რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ან უკვე გადადგა სააგენტომ შესაბამისი სისტემის კიდევ უფრო სრულყოფის მიმართულებით?

- იდეალური სისტემა არ არსებობს - არც სადმე მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, არც ჩვენთან. შესყიდვების ელექტრონული სისტემა საქართველოში სულ სამი წელია რაც ჩამოყალიბდა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ ვამთავრებთ, არამედ მხოლოდ ვიწყებთ. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენს სისტემას არ სჭირდება განვითარება. ლოგიკა ძალიან მარტივია - თუ არ ვითარდები, ადგილზე კი არ რჩები, არამედ უკან-უკან მიდიხარ, ვინაიდან სხვები ვითარდებიან.

-  დიდი მადლობა ბატონო ტატო, რომ დრო დაგვითმეთ ინტერვიუსთვის. კარგად ბძანდებოდეთ.

-  კარგად ბრძანდებოდეთ.

ესაუბრა ჟურნალ „ახალი ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორი ლოიდ ქარჩავა